COVID-19-ის გაკვეთილები: რა კავშირია გარემოს დაცვასა და ეპიდემიების გავრცელებას შორის?

  • ირაკლი მაჭარაშვილი

საშიში კლასტერი

2004 წელს გამოქვეყნდა გაეროს ანგარიში, „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა”, რომელზეც დაახლოებით 5 წელი 1500 მეცნიერი მუშაობდა. მისი მიზანი მსოფლიო მშვიდობის საფრთხეების დადგენა და მათთან ბრძოლის გზების განსაზღვრა იყო. დოკუმენტში გამოკვეთილი გლობალური საფრთხეების 6 კლასტერიდან ერთ-ერთი იყო „სიღარიბე, ინფექციური დაავადებები და გარემოს დეგრადაცია“.

ამ  სამმა  ურთიერთდაკავშირებულმა პრობლემამ წინა დეკადებში ათობით მილიონი ადამიანი შეიწირა, დაასუსტა სახელმწიფოები და ომების პროვოცირებაც კი გამოიწვია. ანგარიშის ავტორები ჯერ კიდევ 16 წლის წინ გვაფრთხილებდნენ, რა სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოების უყურადღებობამ გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ:

„სიღარიბე, ინფექციური დაავადებები, გარემოს დეგრადაცია და ომები ერთმანეთს ასაზრდოებენ და სასიკვდილო წრეს კრავენ. სიღარიბე მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო ომების დაწყებასთან. სხვადასხვა ინფექციური დაავადება (მალარია, შიდსი) უამრავ ადამიანს კლავს და ხელს უწყობს სიღარიბის ზრდას. დაავადებები და სიღარიბე, თავის მხრივ, დაკავშირებულია გარემოს დეგრადაციასთან; კლიმატის ცვლილება იწვევს ისეთი დაავადებების ფართოდ გავრცელებას, როგორებიცაა დენგეს ცხელება და მალარია. მოსახლეობის ზრდა, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დეფიციტი აძლიერებს გარემოზე ზეწოლას, ეს კი ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირებასა და ძალადობას“.

გაეროს ანგარიშში მოყვანილია ეპიდემიების შემთხვევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი მოკლა (შიდსი, ტუბერკულოზი[1]) და გაანალიზებულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. შიდსთან ბრძოლის ღონისძიებები შოკისმომგვრელად დაგვიანებულად, ხოლო გამოყოფილი ფულადი რესურსები სამარცხვინოდ მცირედ შეფასდა, რაც იმით აიხსნა, რომ უპირველესად საფრთხე აფრიკას და არა მდიდარ ქვეყნებს შეეხო. დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა SARS[2]-თან ბრძოლაში, რომელიც 3 თვის განმავლობაში 30 ქვეყანაში გავრცელდა (8000 ადამიანი დაავადდა და 774 დაიღუპა).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ქვეყნების ჯანდაცვის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის შედეგად, შეძლო SARS-ის შეჩერება, სანამ ის ათობით ათას, ან უფრო მეტ ადამიანს მოკლავდა. განისაზღვრა, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის ასეთი ვირუსი: საერთაშორისო ფრენების ხანგრძლივობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ვირუსის საინკუბაციო პერიოდი, რის გამოც 700 მილიონმა ადამიანმა, რომლებიც ყოველწლიურად სარგებლობს საერთაშორისო ფრენებით, შეიძლება  ვირუსი მსოფლიო მასშტაბით გაავრცელოს.

დოკუმენტში გლობალური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად დასახელდა: გარემოსდაცვით პრობლემების არასათანადო გათვალისწინება უსაფრთხოების, განვითარებისა და ჰუმანიტარულ სტრატეგიებში; ქვეყნების მხრიდან გარემოს დაცვის მიმართ უყურადღებობა და კანონის აღსრულების ხარვეზები; გარემოსდაცვითი მრავალმხრივი ხელშეკრულებების შეუსრულებლობა. გარემოსდაცვითი მმართველობის პრობლემებზე გამახვილებულია ყურადღება იმავე პერიოდში გამოქვეყნებულ სხვა გაეროს ფუნდამენტურ ანგარიშშიც: გარემოს დეგრადაციას განაპირობებს ქვეყნების მთავრობების შეცდომები და გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტე: მთავრობები უგულებელყოფენ გარემოს დაცვის პრობლემებს და არ ასახავენ კანონმდებლობაში. ხშირ შემთხვევაში, კანონი არსებობს, მაგრამ კანონის აღსრულების დონე ძალზე დაბალია.  

„სასიკვდილო გაფრთხილება” – გაკვეთილი COVID-19-ისგან

დღეს მსოფლიო ებრძვის COVID-19-ით გამოწვეულ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეკონომიკურ კრიზისს. ამ პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა ინფექციური დაავადებების ძალა, მათი კავშირი გარემოსდაცვით პრობლემებთან, გარემოსდაცვითი მმართველობის ხარვეზებთან, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისთან და სიღარიბის ზრდასთან. 

COVID-19 არის ახალი კორონავირუსით – SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადება, რომელიც გაეროს (2004) ანგარიშში ნახსენები SARS-CoV-1-ის მსგავსია. ახალი კორონავირუსი პირველად 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოვლინდა. ეს ვირუსი, რომელიც ცნობილი იყო ღამურებში,  შუალედური ცხოველების გავლით გადავიდა ადამიანზე და მუტაციის შემდეგ დაიწყო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა – ისევე როგორც ეს მოხდა ებოლას, სარსის, ნიპაჰისა და მარბურგის შემთხვევაში. უფრო ადრე შიდსის ვირუსი შიმპანზედან, ინფლუენზა – გარეული ფრინველებიდან, ხოლო ლასას ცხელება -მღრღნელებიდან გადაეცა ადამიანს.

დაავადებებს, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანს გადაეცემა, ზოონოზური დაავადებები ეწოდება. მეცნიერები ამბობენ, რომ პრობლემას წარმოადგენენ არა ცხოველები, არამედ ჩვენ  – ადამიანები. გარეული ცხოველები ყოველთვის იყვნენ ვირუსის მატარებლები.

 ტყეებისა და სხვა ეკოსისტემების  განადგურება, ურბანიზაცია, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, ნადირობა და გლობალური ვაჭრობა ცოცხალი ცხოველებით ან მათი ნაწილებით (გართობის, საკვებად და ნაკეთობების სახით გამოყენების მიზნით, რაც მილიარდობით დოლარის ბრუნვას უკავშირდება) – უფროდაუფრო ამჭიდროვებს ადამიანების კონტაქტს გარეულ ცხოველებთან. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ვირუსებს, რომ დააინფიცირონ ადამიანები.

საბედნიეროდ, ვირუსების უმეტესი მცდელობა უშედეგოა, თუმცა SARS-CoV 2-ის შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა. ადამიანმა ჯერ საკუთარი სხეული დაუთმო ახალ კორონავირუსს, შემდეგ კი საერთაშორისო ფრენების მეშვეობით რამდენიმე საათში ათასობით კილომეტრზე  გადატანა დაიწყო.

როგორ უწყობს ხელს ადამიანისა და ველური ბუნების კონფლიქტი სასიკვდილო ეპიდემიების წარმოშობასა და გავრცელებას – ამისათვის უნდა წარმოვიდგინოთ ცხოველთა ბაზრობები. ასეთ ბაზრობებზე თავმოყრილია ბევრი ცხოველი, რომლებიც ბუნებაში შეიძლება ერთად არ ბინადრობდნენ. სტრესის ქვეშ მყოფი და დაავადებული ცხოველები გალიებში არიან გამოკეტილი და სხეულის სითხეებს გამოყოფენ. მათ იქვე კლავენ და ხორცს ანაკუწებენ. ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.  ახალი კორონავირუსის პირველ შემთხვევებს სწორედ ვუჰანის ცხოველთა ბაზარი უკავშირდება, სადაც ცოცხალი ცივეტები და სხვა ცხოველები საკვებად გამოყენების მიზნით იყიდებოდა.

ადამიანის ინფექციური დაავადებების 70% ზოონოზური წარმოშობისაა, ხოლო ბუნებაში თითქმის 1,7 მილიონი შეუსწავლელი ვირუსი არსებობს, რომელთა ნაწილი ასევე შეიძლება გადავიდეს ადამიანზე და მორიგი ეპიდემია გამოიწვიოს. პათოგენების რეზერვუარს ძირითადად მღრღნელები და ღამურები წარმოადგენენ. მღრღნელები დედამიწაზე არსებული ძუძუმწოვრების ნახევარს შეადგენენ, ღამურები – მეოთხედს.  

სავარაუდოა, რომ გამოჩნდებიან ახალი ინფექციური დაავადებებიც და შესაძლოა, ძველებიც ხელახლა აფეთქდნენ. მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ კორონავირუსის პანდემია, შეიძლება მივიღოთ, როგორც სასიკვდილო გაფრთხილება, საიდანაც სათანადო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ: ცხოველებს, ველურ ბუნებას უნდა შევხედოთ, როგორც პარტნიორებს, რომელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საბინადრო გარემო უნდა შენარჩუნდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ინფექციების მომავალი გლობალური აფეთქება.

თუ არ გამოვიტანთ სათანადო გაკვეთილს, ადამიანის საქმიანობის შედეგად გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს ყოველდღიური შემცირება კიდევ უფრო გააძლიერებს ახალი ეპიდემიების საფრთხეს: ადამიანი იკავებს გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს და ამით ვირუსებს, სოკოებსა და ბაქტერიებს, რომელთა მასპინძლები ცხოველები იყვნენ,  საკუთარ სხეულს სთავაზობს.

ჰაერის ეფექტი

გარდა ნადირობისა, ცხოველებით ვაჭრობისა და მათი საბინადრო გარემოს განადგურებისა, არის სხვა გარემოსდაცვითი პრობლემებიც, რომლებმაც სავარაუდოდ ხელი შეუწყვეს ახალი კორონავირუსის გავრცელებას და დაავადებულთა სიკვდილიანობის ზრდას: ჰაერის სამრეწველო დაბინძურება, რომელიც გულსისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემებს აზიანებს, სწორედ ამ ფაქტორთა შორისაა. 

საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რომ მომავალში მეტი ყურადღება მივაქციოთ გარემოსდაცვით საკითხებს; აქცენტი გადავიტანოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებასა და მწვანე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე, შევინარჩუნოთ ბუნებრივი ეკოსისტემები და სახეობები; დიდ წარმატებად არ ჩავთვალოთ, რომ კორონა-კრიზისის შედეგად „გაჩერებული ეკონომიკის“ გამო, ცალკეულ ქვეყნებში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. „წარმოებისა და მოხმარების სისტემების ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, ამგვარი ეკონომიკური კრიზისებით გამოწვეული ემისიების შემცირება მოკლევადიანი იქნება და საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძვირად დაუჯდება“.

რა ისწავლა საქართველოს მთავრობამ?

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა  2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 20 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში არის კორონავირუსის 713 დადასტურებული შემთხვევა, მათგან – 475 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3519, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსთან ბრძოლის ეს ეტაპი, რომლის წინა ხაზზე ექიმები, ბიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები დგანან, წარმატებულია.

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: afetkeba-1024x680.jpg

თუმცა, თუ ვამბობთ, რომ გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია ეპიდემიების პრევენციისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის, როგორია საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პოლიტიკა და ხანგრძლივვადიანი სტრატეგია ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებისა და ადამიანის ჯანსაღი გარემოს დაცვის კუთხით? 

  • ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მთავრობამ შეზღუდა თითქმის ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებლისა (ენერგორესურსებით, საკვები პროდუქტებით, სამედიცინო/ფარმაცევტული საშუალებებით მომარაგება). თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ შეუჩერებია RMG ჯგუფის (რომელიც ბოლნისის რაიონში მოიპოვებს ოქროსა და სხვა ფერად ლითონებს) და წიაღის მომპოვებელი სხვა კომპანიების საქმიანობა. წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, გარდა იმისა, რომ ძლიერ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრებასთან, რაც ვირუსის პრევენციის შესაძლებლობას ამცირებს. არავის გამოუკვლევია, რამდენად იქონია მთავრობის გადაწყვეტილებამ გავლენა იმ ფაქტზე, რომ COVID-19-ით დაავადებული ჩვენი თანამოქალაქეების დაახლოებით მესამედი ბოლნისზე მოდის.  
  • ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის საბაბით, მთავრობამ ასევე შეზღუდა დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნაცვლად იმისა, რომ დროებით შეჩერებულიყო განსახილველ საქმიანობებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მისი საჯარო განხილვების – და შესაბამისად, საქმიანობის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე – წარმართვა გადაწყდა.
  • გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის შეზღუდვა, სავარაუდოდ უკავშირდება აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „აბასთუმნის ექსპერიმენტის“ ნაწილია და რომელზეც მთავრობამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს დაიწყო. ეს გზა დააზიანებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და „ზურმუხტის ქსელის საიტს“, რომლის დაცვაც ყველა ევროპულ ღირებულებების მქონე ქვეყნის ვალდებულებაა. ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელებისათვის, სხვადასხვა საჯარო უწყებებმა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დაწყებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი დამთავრებული, საგანგებო მდგომარეობის დროს ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა.
  • იმ პერიოდში, როდესაც იზღუდებოდა არათუ საქმიანობა, არამედ 3 ადამიანის შეკრებაც კი, საჯარო უწყებები და კერძო კომპანიები სამეგრელოში ეკოსისტემებს თხრიდნენ, მდინარების კალაპოტისა და ზღვის სანაპირო ზოლს ანგრევდნენ, რათა ბიძინა ივანიშვილის ეზომდე მიეცურებინათ ასწლოვანი გიგანტური ხეები. 
  • საგანგებო მდგომარეობის გამო მოქალაქეებს წართმეული ჰქონდათ საჯარო პროტესტის უფლება. სწორედ ამ პირობებში დამტკიცდა ე.წ. „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები“ უმნიშვნელოვანესი ჰიდროენერგეტიკული პროექტების – ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. შეუფერხებლად გრძელდებოდა წიაღისეულის დატაცება მოპოვება მდინარე მაჭახელადან.

პარლამენტმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონი – ტყის კოდექსი მიიღო, რომელმაც უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის 40%-ის ბედი უნდა გადაწყვიტოს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა და ფართო საზოგადოებამ მხოლოდ მის ერთ მუხლს მიაქციეს ყურადღება, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყე გადაეცემა.

დიდი გულთმისნობა არ არის საჭირო, რომ გარემოსადმი ასეთი დამოკიდებულება, ასეთი პოლიტიკის გაგრძელება საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ბუნებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მომდევნო ბლოგებში შევეცდებით ამ და სხვა თემებზე უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ და შევადაროთ მთავრობის ქმედებების შესაბამისობა დეკლარირებულ პოლიტიკურ კურსთან, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს. 

[1] აფრიკაში შიდსის გამო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წლით შემცირდა. 1987–95 წწ. დაიღუპა 25 მლნ. ადამიანი, 11 მილიონი ბავშვი დააობლა ამ დაავადებამ. ტუბერკულოზით ყოველწლიურად იღუპებოდა 2 მლნ. ადამიანი და ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 2020 წლისათვის მოსალოდნელი იყო 150 მლნ. ადამიანის დავადება და 36 მლნ-ის დაღუპვა
[2] SARS coronavirus (SARS-CoV) ცნობილი იყო როგორც ვირუსი, რომლის რეზერვუარს სავარაუდოდ ღამურები წარმოადგენდნენ. შუალედური მასპინძლის – ცივეტების გავლით ვირუსი გადავიდა ადამიანზე,  ეს პირველად 2002 წელს სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდონგში აღმოაჩინეს. 
სტატია მოამზადა მწვანე ალტერნატივამ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – მედიის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით საკითხებში და ამ მიმართლებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში” ფარგლებში.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მწვანე ალტერნატივას პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ფონდი „ღია საზოგადოება-საქარ-თველოს” შეხედულებათა ამსახველად.