დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
-
ირაკლი მაჭარაშვილი
დაცული ტერიტორიები
დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო წლებში: ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად მათმა საერთო ფართობმა ქვეყნის ტერიტორიის 11,5%-ს მიაღწია, ინიცირდა საერთაშორისო კატეგორიების დაცული ტერიტორიები, დაკანონდა მმართველობის ახალი, პროგრესული ფორმა – „თანამმართველობა“. მიუხედავად ამ წარმატებებისა, დღემდე არ არის არც ერთი დაცული ტერიტორია ქვემო და ზემო სვანეთში, მთიან სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმში. დაუცველია ქვეყნის ძირითადი მდინარეები, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესის მხრიდან ზეწოლის გამო, რომლებსაც მდინარეების დანიშნულება მხოლოდ ჰესების მშენებლობა და წიაღის მოპოვება ჰგონიათ. გაუარესდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ან დაგეგმილია არაერთი დესტრუქციული პროექტი. ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა ბუნების დაცვას დიდად ვერ წაადგება.
საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება შეუძლებელია, თუ არ დაინერგა მმართველობის ისეთი ფორმები, რომლებიც ადგილობრივ თემებს მიანიჭებენ ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უფლებამოსილებას, არ გაიზარდა ყველა ტიპის დაცული ტერიტორიის მართვაში საზოგადოების მონაწილება, თუ ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილებზე არ დაარსდა ახალი დაცული ტერიტორიები და მდგრადად არ იმართება დაცული ტერიტორიების შემაერთებელი ეკოლოგიური დერეფნები – პირველ რიგში მდინარეები.
დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
დედამიწაზე დღესდღეობით ყოველწლიურად 27000 სახეობა გადაშენდება. ბუნების განადგურების ასეთი ტემპი ბოლოს 65 მილიონი წლის წინ, მეხუთე მასობრივი გადაშენების დროს იყო, რასაც დინოზავრების გაქრობა მოჰყვა. ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე პროცესს „მეექვსე მასობრივ გადაშენებას“ უწოდებენ[1], რისი მიზეზიც ადამიანის ცხოვრების წესია. ტყეების გაჩეხვა, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, წყლის, ჰაერის და ნიადაგის დაბინძურება, წიაღისეულის მოპოვება, ტბებისა და ჭაობების ამოშრობა, მდინარეების კაშხლებით ჩახერგვა ფლორისა და ფაუნის სახეობებს ხოცავს და საარსებო ადგილს აღარ უტოვებს.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანახმად, გადაშენების საფრთხე ემუქრება 35 500 სახეობას – მეცნიერებისათვის ცნობილი სახეობების 28%-ს[2]. საფრთხის წინაშე დგება ის სარგებელიც, რომელსაც ადამიანს აძლევს ბუნება – სუფთა წყალი, ჰაერი, საკვები, საშენი ნედლეული, ბუნებრივი კატასტროფების ზემოქმედების შერბილება, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობა, კულტურული და სულიერი ღირებულებები და სხვა. ეკოსისტემების დეგრადაცია განსაკუთრებით მწვავეა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის, ვინაიდან სიღარიბის ზრდას იწვევს[3].
დაცული ტერიტორია – ადგილი მკაფიოდ დადგენილი საზღვრებით, სადაც კანონმდებლობა იცავს სახეობებს, ბუნებრივ რესურსებსა და კულტურულ ფენომენებს და არეგულირებს მათთან დაკავშირებულ საქმიანობას სახეობათა გადარჩენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად დაცული ტერიტორიები მიიჩნევა. მათ ბუნების დაცვის (ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის) ქვაკუთხედს უწოდებენ, ვინაიდან ინარჩუნებენ ხელუხლებელ ბუნებას, იცავენ სახეობებს, ხელს უწყობენ სახეცვლილი გარემოს აღდგენას და ეკოლოგიური პროცესების რეგულირებას. განუსაზღვრელია დაცული ტერიტორიების როლი ადამიანის კეთილდღეობისათვის: ისინი საარსებო წყაროა 1,1 მილიარდი ადამიანისათვის, სასმელი წყლით ამარაგებენ დიდი ქალაქების მესამედს და მთავარ ფაქტორს წარმოადგენენ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში[4]. კარგი მენეჯმენტის (მართვის) პირობებში, დაცული ტერიტორიები, რომელთა მმართველობა ეფუძნება თანასწორუფლებიან, სამართლიან მონაწილეობას, უდიდესი სარგებელი მოაქვთ ეროვნული ეკონომიკისთვის და ხელს უწყობენ სიღარიბის აღმოფხვრას. ისინი მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და რეკრეაციული თვალსაზრისით, საუკეთესო საშუალებაა ტურიზმის განვითარებისთვის.
დაცული ტერიტორიების კატეგორიები, მმართველობისა და საზოგადოების მონაწილეობის ფორმები
დაცული ტერიტორიის არსებობა არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ბუნების დაცვა გარანტირებულია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად განსაზღვრულ კატეგორიას, მმართველობის ტიპს და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმას.
IUCN განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:
- ნაკრძალი (IUCN I)
- ეროვნული პარკი (IUCN II)
- ბუნების ძეგლი (IUCN III)
- აღკვეთილი (IUCN IV)
- დაცული ლანდშაფტი (IUCN V)
- მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (IUCN VI) (იხ. ქვემოთ 1)
IUCN და ბუნების დაცვის სფეროში მთავარი საერთაშორისო ხელშეკრულება – ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია – აღიარებენ დაცული ტერიტორიების მმართველობის 4 ძირითად ტიპს:
- მართვა ხელისუფლების მიერ,
- თანამმართველობა,
- კერძო მმართველობა,
- მმართველობა მკვიდრი/ადგილობრივი თემების მიერ (იხ. ქვემოთ 2).
IUCN-ის „დაცული ტერიტორიების სტრატეგიის“ თანახმად, დაცული ტერიტორიების კანონმდებლობაში უნდა აისახოს მმართველობის ინოვაციური ტიპები, დაინერგოს სამართლიანობის პრინციპები, მართვისას გამოყენებული იქნას მკვიდრი/ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა და ტრადიციები[5].
გარდა მმართველობის ტიპისა, დიდი მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიის საქმიანობაში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის წესს. IUCN განიხილავს საზოგადოების მონაწილეობის ხუთ სახეს:
- ინფორმირება (ყველაზე დაბალი დონე),
- კონსულტაცია,
- ერთობლივი გადაწყვეტილება,
- ერთობლივი ქმედება,
- თემის ინტერესების მხარდაჭერა (ყველაზე მაღალი დონე) (იხ. ქვემოთ 3).
2010 წელს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მხარეთა მე-10 კონფერენციაზე (იაპონია, აიჩი) მიიღეს „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმა 2011-2020“. მისი 20 გლობალური მიზნიდან („ბიომრავალფეროვნების აიჩის მიზნები“) ერთ-ერთის თანახმად, 2020 წლისთვის, სულ მცირე ხმელეთის 17% და ზღვის 10% დაფარული უნდა იყოს ეკოლოგიურად წარმომადგენლობითი დაცული ტერიტორიებით.
ამ გადაწყვეტილებიდან ათი წლის შემდეგ მეცნიერები ფიქრობენ, რომ „მეექვსე მასობრივი გადაშენების“ შესაჩერებლად საჭიროა დაცული ტერიტორიების კიდევ უფრო გაზრდა. მსოფლიოს მოწინავე 50 ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს, რომ 2030 წლამდე დედამიწის 30% იქნება დაფარული დაცული ტერიტორიებით[6].
საქართველო
პირველი დაცული ტერიტორია საქართველოში – ლაგოდეხის ნაკრძალი – 1912 წელს დაარსდა. საბჭოთა საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო ნაკრძალები იქმნებოდა და მათი საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 2,4%-ს ფარავდა. თანამედროვე, IUCN-ის კატეგორიების შესაბამისი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. 1996 წლის საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ დღემდე ამ სფეროს ძირითადი მარეგულირებელი აქტია. ის განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების დაარსებისა და მართვის ასპექტებს, აკრძალულ საქმიანობებს და რესურსების გამოყენების ზოგად წესებს; დაინტერესებულ საზოგადოებას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების მიღებაში, მენეჯმენტის გეგმებისა და ადმინისტრაციული აქტების შემუშავებაში, დაცული ტერიტორიების მართვაში. კანონი ითხოვს თითოეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნას. დაცული ტერიტორიების დაარსებაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ხოლო მათი მენეჯმენტის გეგმები მთავრობის დადგენილებით მტკიცდება.

საქართველოს კანონმდებლობით დღეისათვის (2021 წლის მარტის მდგომარეობით) არსებობს 97 დაცული ტერიტორია:
14 სახელმწიფო ნაკრძალი,
13 ეროვნული პარკი,
23 აღკვეთილი,
40 ბუნების ძეგლი,
3 დაცული ლანდშაფტი,
4 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
ამათგან 4 სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (3 აფხაზეთში და 1 ცხინვალის რეგიონში).
დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 801349 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 11,5%-ია. ისინი უამრავი სახეობის საბინადრო გარემო და გადარჩენის ადგილია. დიდია მათი ტურისტული მნიშვნელობა. 2019 წელს ეკოტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 9 363 447 ლარი[7]. მაგრამ თუ მხოლოდ ტურიზმით განვსაზღვრავთ იმ სარგებელს, რომელიც დაცულ ტერიტორიებს მოაქვს ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკისათვის, ეს მათი როლის დაკნინება იქნება. მარტო ერთ ეკოსისტემურ სერვისზე – სასმელ წყალზე რომ შევაჩეროთ ყურადღება: მტირალას ეროვნულ პარკი სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ ბათუმის მოსახლეობას, 150 ათასზე მეტ ადამიანს და მის სტუმრებს – მილიონობით ტურისტს[8]. თბილისის, მცხეთის, გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის მოსახლეობა -საქართველოს მთელი მოსახლეობის 40-50% – სასმელი წყლით მარაგდება ჟინვალისა და თბილისის წყალსაცავების საშუალებით, რომლებიც თავის მხრივ დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რამდენად კარგად დაიცავენ ეკოსისტემებს დიდ კავკასიონზე არსებული დაცულ ტერიტორიები.
საქართველომ, როგორც „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მხარემ, ზემოთ აღნიშნული „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმის 2011-2020“ შესაბამისად, შეიმუშავა და მთავრობის დადგენილებით დაამტკიცა „საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა 2014-2020[9]“. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დაცული ტერიტორიების არსებული რაოდენობა და ფართობი არ არის საკმარისი ბიომრავალფეროვნების გრძელვადიანი დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული მნიშვნელოვან რეგიონებში არ არის დაცული ტერიტორიები.
დადგენილებაში აღნიშნულია დაცულ ტერიტორიებზე უხეში ზემოქმედების მაგალითებიც: საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიის („რამსარის საიტის“) და კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილის ყულევის ტერმინალისთვის გადაცემა; ავტობანის მშენებლობის მიზნით კოლხეთის ეროვნული პარკიდან 1000 ჰექტარის გამოკლება; ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილის დარიალ-ჰესისთვის გადაცემა; თბილისის ეროვნული პარკის ნაწილის თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის გამოყოფა.
ამავე დადგენილებაში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებისათვის პრობლემად არის მიჩნეული დაცული ლანდშაფტებისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის არასრულყოფილება/არარსებობა; გადაწყვეტილების მიმღებთა დაბალი ინტერესი და ინფორმირებულობა; მართვაში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის არასაკმარისი ხარისხი; მმართველობის მხოლოდ ერთი ფორმის (ყველა დაცულ ტერიტორიას მართავდა სახელისუფლებო ორგანო: უმეტესობას – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, მხოლოდ „თუშეთის დაცულ ლანდშაფტს“ მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი) გამოყენება და მმართველობის სხვა, უფრო დემოკრატიული ფორმების უგულებელყოფა.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომ 2020 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიის სულ მცირე 12% და შავი ზღვის აკვატორიის – 2.5% დაცული ტერიტორია უნდა ყოფილიყო (რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია აიჩის მიზნებით განსაზღვრულ ნიშნულებზე – ხმელეთის 17% და ზღვის 10%). 2020 წლამდე ასევე უნდა ჩამოყალიბებულიყო IUCN მე-5 და მე-6 კატეგორიების დაარსებისა და მართვის კანონმდებლობა, გაუმჯობესებულიყო დაცული ტერიტორიების დაგეგმვასა და მართვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, შესწავლილი ყოფილიყო მმართველობის სხვადასხვა ტიპების შექმნის შესაძლებლობა და დაწყებულიყო მათი დანერგვა. „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის“ სრულყოფილი შესრულება ქვეყნის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის მიხედვით.

ბოლო წლებში იყო თვალსაჩინო წარმატებები: ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება, საერთაშორისო კატეგორიების დაცული ტერიტორიების ინიცირება (ბიოსფერული რეზერვატი კახეთსა და თუშეთში, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ნომინირება კოლხეთში), საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების (რამსარის) ნუსხაში ბუღდაშენისა და მადატაფის ტბების შეტანა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მმართველობის განსხვავებული ფორმის შემოღება: პარლამენტმა დააკანონა არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, რომელთა მმართველობის ფორმაა „თანამმართველობა“. ამ დაცული ლანდშაფტების მართვის უფლებამოსილებას ინაწილებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ეროვნული სატყეო სააგენტო, და წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ადგილობრივი თემების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მმართველობის ეს ფორმა მიუღებელი იყო სამინისტროსათვის და ექსპერტების მომზადებული და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული კანონპროექტი შეცვლილი სახით წარადგინა პარლამენტში. თუმცა მწვანე ალტერნატივამ, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ადვოკატირების კამპანია ჩაატარა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მხარდაჭერა მოიპოვა და სამინისტრო იძულებული გახდა, რომ კანონპროექტი გადაეკეთებინა.
პრობლემად რჩება IUCN VI კატეგორიის – „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის“ – საკითხი. შესაბამისი კანონებით დაარსებულია კოლხეთის, ქობულეთის, ჯავახეთისა და ფშავ-ხევსურეთის „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები“, თუმცა არც ერთი არ იმართება რომელიმე უწყების მიერ. ფართობი განსაზღვრულია მხოლოდ ფშავ-ხევსურეთისთვის (251 ჰა). ჯავახეთის შემთხვევაში, შესაბამის კანონში ჩამოთვლილია ის სოფლები, რომელსაც ის მოიცავს, თუმცა ფართობი არ არის განსაზღვრული. რაც შეეხება ქობულეთსა და კოლხეთს, მათი მდებარეობა, ფართობი და საზღვრები არ არის განსაზღვრული.
სამწუხაროდ, არაფერი გაკეთებულა IUCN მე-5 და მე-6 კატეგორიების დაარსებისა და მართვის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით. „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის“ (IUCN VI) საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი და მოხერხებული ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. მაგალითად, სვანეთში ასეთი კატეგორიის დაარსება ერთადერთი შანსია ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისათვის. აუცილებელია ასეთი კატეგორიის გაფართოება ფშავ-ხევსურეთში და ადგილობრივი თემებისათვის ფართო უფლებების მინიჭება, რათა ბუნებრივი რესურსები ჩვეულებითი სამართლის წესების გამოყენებით იმართებოდეს.
ცნობილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, არ არის დაცული ტერიტორიების მიმართ კეთილგანწყობილი, თუ მათი ფუნქციონირება უკავშირდება მოსალოდნელ დანაკარგებს საძოვრებზე, სათიბებზე, შეშაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ან მტაცებლების თავდასხმების გამო; უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს დაცული ტერიტორიიდან ალტერნატიულ შემოსავლის ვერმიღება (შესაძლებელია ეს იყოს ეკოტურიზმი, ტყის მეორადი პროდუქტებით ბიოსაწვავის წარმოება, საშეშე და სამასალე პლანტაციების გაშენება, სასმელი წყალი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები და სხვ.).
დაცული ტერიტორიების წარმატებული ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტია ადგილობრივი/მკვიდრი მოსახლეობის მართვის ყველა პროცესში ჩართვა და რესურსების გამოყენების შესახებ მათი მამა-პაპისეული ცოდნის გამოყენება. მოსახლეობამ უნდა შეიგრძნოს, რომ ბუნებრივი რესურსები მათი საკუთრება, ხოლო დაცული ტერიტორიების დაარსება – ტრადიციული მიწათსარგებლობის შენარჩუნების საშუალებაა. IUCN მე-5 და მე-6 კატეგორიები სწორედ ის მექანიზმებია, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების ფართო ჩართულობით ბუნებრივი რესურსების მართვას და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული ტრადიციების შენარჩუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების საერთო ფართობმა (ქვეყნის ტერიტორიის 11,5%) თითქმის მიაღწია „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიითა და მოქმედებათა გეგმით“ დასახულ მიზანს (12%), დღემდე არ არის არც ერთი დაცული ტერიტორია მთელს დასავლეთ კავკასიონზე: ქვემო და ზემო სვანეთში, მთიან სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმში ერთი კვადრატული მეტრიც კი არ არის დაცული. დაცვის გარეშეა დარჩენილი ქვეყნის ძირითადი მდინარეები, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესის მხრიდან ზეწოლის გამო (ვინაიდან მდინარეებს ისინი განიხილავენ, როგორც ჰესების მშენებლობისა და წიაღისეულის მოპოვების ადგილს). წიაღის მომპოვებელი და ჰესის მშენებელი კომპანიების ინტერესების გამო დაიბლოკა რაჭის ეროვნული პარკის და რიონის აღკვეთილის დაარსების კანონპროექტები, რომლებიც უკვე პარლამენტში განსახილველად იყო წარდგენილი.
გაუარესდა საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის საკითხები. არ ფუნქციონირებს არც ერთი დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონმდებლობით სავალდებულოა. ბოლო წლებში არ ყოფილა ამ საბჭოების შეკრების ან მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მცდელობა.
2013 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო[10]. საბჭო სააგენტოს უწევდა მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციას და აძლევდა რეკომენდაციებს. დებულების შესაბამისად, საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ იმართებოდა. 2013-2018 წლებში საბჭო რეგულარულად იკრიბებოდა და განიხილავდა სხვადასხვა პრობლემატური საკითხს, საბჭოს ჩარევით არაერთხელ მიღებულ იქნა დაცული ტერიტორიებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.
მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს სააგენტოს, რომელსაც სურდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტყის ხანძრებისაგან დაცვის საბაბით, ფართომასშტაბიანი ხე-ტყის დამზადების დაწყება, საბჭოს სხდომა აღარ გამართულა. მანამდე, საზოგადოებისგან ფარულად, ორჰუსის კონვენციის დარღვევით, მთავრობამ მიიღო დადგენილება, ხე-ტყის დამზადების მიზნით შეიცვალა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონირება. საზოგადოების მონაწილეობის გაუარესება გაგრძელდა მინისტრის მიერ გაუმჭვირვალედ მიღებული ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა სააგენტოს ახალი დებულება. ამ დებულებით, საბჭოს სხდომები უნდა გაიმართოს არა სამ თვეში ერთხელ, არამედ „საჭიროებიდან გამომდინარე ან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით“. საზოგადოების მონაწილეობის ამგვარი გაუარესება და ორჰუსის კონვენციის არაერთგზის დარღვევა არ მოხვდა სამინისტროს მიერ მომზადებულ ორჰუსის კონვენციის შესრულების ანგარიშში.
საზოგადოების მონაწილეობის, მათ შორის საბჭოს უგულებელყოფა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ გაგრძელდა დაცულ ტერიტორიებზე უხეში ჩარევა:
- სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ხელუხლებელ ადგილებში საავტომობილო გზის გაყვანის ნებართვა მისცა. ამ გზას აქვს ერთადერთი მიზანი – ბიძინა ივანიშვილის „აბასთუმნის ექსპერიმენტის“ ნაწილია.
- დაცული ტერიტორიების სააგენტომ ნებართვა მისცა ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე აეშენებინა მისი ეზოსთვის განკუთვნილი ფანჩატურები, რომლებთან მისვლასაც ვერ შეძლებენ ეროვნული პარკის ვიზიტორები.
- იგეგმება მსხვილმასშტაბიანი საავტომობილო გზების მშენებლობა თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკებში. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა გაცემული არ არის, მშენებლობა პრაქტიკულად დაწყებულია.
- დაშბაშის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიებისა და ეკოტურიზმისათვის შეუფერებელი უზარმაზარი ინფრასტრუქტურა შენდება, რომელიც მოიცავს შუშის ხიდს, კაზინოს, ღამის ბარებს, კაფეებს და რესტორნებს.
- განიხილება ჭაჭუნას აღკვეთილში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის საკითხი. ეს იმის ფონზე, რომ ძალზე უარყოფითი გამოცდილება – სამი აღკვეთილი ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გადაცემულია კერძო პირებზე. არანაირი ბუნებისდაცვითი საქმიანობა, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის აღდგენის და მდგომარეობის გაუმჯობესების საქმიანობა იქ არ მიმდინარეობს, ხოლო კომერციული ნადირობა სრულიად შეუსაბამოა დაცული ტერიტორიის არსთან. საჭიროა აღკვეთილებში სამონადირეო მეურნეობების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება: ან სამონადირეო მეურნეობების ლიცენზიების გაუქმება ან ამ ადგილებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მოხსნა.
ამგვარი დესტრუქციული პროექტების არსებობის ფონზე დაცული ტერიტორიების რაოდენობის ზრდა ბიომრავალფეროვნების დაცვას დიდად ვერ წაადგება.
იმისათვის, რომ დაცული ტერიტორიების სისტემა განვითარდეს, აუცილებელია:
- დაცული ტერიტორიის მმართველობის ფორმების გამრავალფეროვნება. ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობებს უნდა შეეძლოთ ბუნების/მათი გარემოს დაცვა ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე.
- დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების კანონმდებლობით დადგენა და დანერგვა.
- ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილებზე დაცული ტერიტორიების დაარსება, მდინარეების, როგორც საქართველოში საფრთხის წინაშე მყოფი ეკოსისტემების, შეტანა დაცული ტერიტორიების ქსელში. მდინარეების, როგორც ეკოლოგიური დერეფნების დაცვის გაძლიერება დაცული ტერიტორიების გარეთ.
დაცული ტერიტორიების კატეგორიები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) შესაბამისად
- ნაკრძალი IUCN I – მკაცრი დაცვა, სამეცნიერო კვლევები, გარემოსდაცვითი მონიტორინგი;
- ეროვნული პარკი IUCN II – ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ეკოგანათლება, რეკრეაცია, ტურიზმი, ტრადიციული წესით გარკვეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა;
- ბუნების ძეგლი IUCN III – ბუნებრივი წარმონაქმნების და მათი ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტურიზმი;
- აღკვეთილი IUCN IV – სახეობების/ჰაბიტატების შენარჩუნება და აღდგენა აქტიური მათვის მეშვეობით;
- დაცული ლანდშაფტი IUCN V – ბუნებრივი ლანდშაფტების, ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული გარემოს დაცვა;
- მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია IUCN VI – ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
დაცული ტერიტორიების მმართველობის ტიპები
- მართვა ხელისუფლების მიერ – დაცულ ტერიტორიას მართავს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო;
- თანამმართველობა – მართვის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ნაწილდება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის (სამთავრობო, არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციები, თემები, ადგილობრივი მიწათმესაკუთრეები);
- კერძო მმართველობა – კერძო მფლობელი მართავს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას;
- მმართველობა მკვიდრი/ადგილობრივი თემების მიერ – დაცული ტერიტორიის მართვაზე უფლება და პასუხისმგებლობა აქვს მკვიდრ ან/და ადგილობრივ თემს. შეიძლება იმართებოდეს ჩვეულებითი (ტრადიციები და ადათ-წესები), ასევე საკანონმდებლო წესით.
დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის სახეები
- ინფორმირება – გადაწყვეტილების მიღება „ზემოდან ქვემოთ“. დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია დაგეგმილ ქმედებებზე ან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მათი განხილვის ან რაიმეს შეცვლის შესაძლებლობის გარეშე;
- კონსულტაცია – დაინტერესებულ მხარეებს წარედგინებათ გადაწყვეტილების პროექტის ან გეგმა და ეძლევათ მოსაზრებებისა და შენიშვნების გამოხატვის საშუალება, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ მათ გაითვალისწინებენ;
- ერთობლივი გადაწყვეტილება – დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა დისკუსიის ინიციატორი, აწესებს საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება დაინტერესებული მხარეების ზეგავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე;
- ერთობლივი ქმედება – ორივე მხარე თანაბრად მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში და ინაწილებს პასუხისმგებლობას მათ განხორციელებაზეც;
- თემის ინტერესების მხარდაჭერა – საზოგადოების მონაწილეობის მაქსიმალური დონე – გადაწყვეტილების მიღება „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომით. თემი იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და ასევე პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე. ექსპერტების ან შესაბამისი სამსახურების როლი იმაში მდგომარეობს, რომ თემს მიაწოდონ ინფორმაცია, გაუწიონ ექსპერტული დახმარება, და ასევე გარკვეული რესურსებით დახმარებაც, იმისათვის, რათა თემმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.
[1] webofcreation.org
[2] www.iucnredlist.org
[3] cbd.int
[4] cbd.int
[5] cbd.int
[6] grist.org
abcnews.go.com
[7] apa.gov
[8] iucn.org ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანახმად, 2019 წელს 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი დაფიქსირდა
[9] საქართველოს მთავრობის N343,08.05.2014 დადგენილება.
[10] საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ივლისის N 51 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე