ენგურჰესის გარემოსდაცვითი, ფინანსური და შეცვლილი ენერგეტიკული როლი 80-იანი წლებიდან 21-ე საუკუნემდე
ენგურჰესი 1978 წელს ჩაეშვა ექსპლუატაციაში და მას მერე 120 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით – ჯამური სიმძლავრით [1 300 მეგავატი], წლიური გამომუშავებით [4.3 მილიარდი კილოვატსაათი], მაქსიმალური დაწნევით [404 მეტრი], წყალსაცავის მოცულობით და კაშხლის სიმაღლით [271,5 მეტრი] ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში.
დროით ცვლილებებთან, დიდი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ხარჯებთან და სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, ენგურჰესის როლიც იცვლება – ის, სულ მცირე, საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე დივერსიფიცირებული და ლიბერალური ბაზრების [სომხეთი, თურქეთი], ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე დინამიური პროცესების, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასა და კონკურენციის წესებს ემორჩილება და მისი ძველი როლები მნიშვნელობას კარგავს ან იცვლება – დიდი ჰესის რეაბილიტაციის ხარჯები აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან რეაბილიტაციის ღირებულების დიდი ნაწილი, მართალია მცირეპროცენტიანი, მაგრამ საქართველოს მთავრობის აღებული სესხებით ფინანსდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [European Bank for Reconstruction and Development, EBRD], რომელიც ამ ხარჯების ძირითადი მსესხებელია, სხვა ევროპულ ბანკებთან ერთად, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ექსპლუატაციაში ჩაშვებიდან დღემდე, ენგურჰესს ხუთჯერ [1998 – USD 38.7, 2006 – USD 10.0, 2010 – EUR 20.0, 2018 – EUR 28 და 2021] ჩაუტარდა რეაბილიტაცია და რეაბილიტაციის პროექტების საერთო ღირებულებამ, სხვა დონორებსა და მსესხებლებთან, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულის ხარჯის ჩათვლით, სრულად 224,258,644 დოლარი შეადგინა.
რა როლი აქვს ენგურჰესს ამჟამად საქართველოსთვის?
“სეზონური ადეკვატურობის ანალიზის” მიხედვით, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით დაიწერა და გამოქვეყნდა და რომლის მიზანი ენერგოსისტემის – არსებული სიტუაციისა და რისკების აღწერა – იყო, ენგურჰესის როლიც ქართული ენერგოუსაფრთხოებისთვის დეფიციტურ სეზონებში არ არის მნიშვნელოვანი. ანგარიშში აღწერილია საქართველოს მიწოდება-დაკმაყოფილება ყველაზე დეფიციტურ პერიოდში – გვიან შემოდგომასა და ზამთარში, ხუთი თვის განმავლობაში – ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის მოთხოვნა-მიწოდების სახით, ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგომწარმოებლების მიხედვით.

განვიხილოთ ნოემბერი. ეს თვე იმითაა განსაკუთრებული, რომ ჩვენს სისტემას გამოეყოფა ენგურჰესი და აფხაზეთი. აფხაზეთის რეგიონი ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინო-ნაკადულით“ კუნძულოვან კავშირს ამყარებს რუსეთთან, ასევე ენგურჰესის გამომუშავებას მიიღებს აფხაზეთი. წლიურ საპროგნოზო ბალანსში ჩადებული მოხმარება და იმპორტი სხვანაირად ნაწილდება. მთლიან მოხმარებას გამოაკლდება აფხაზეთის მოხმარება, გენერაციაც მცირდება და იმპორტის მოცულობაც.
ასეთ მოცემულობაში [სისტემა ენგურის გარეშე] უდიდეს მნიშვნელობას იძენს შემდეგი ჰესები: შაორ-ტყიბული, ხრამი-1, ხრამი-2, ჟინვალი. ასევე დღიური რეგულირების სადგურები: შუახევი და ლაჯანური. პიკური დატვირთვების დროს დიდ როლს თამაშობს აირ-ტურბინული თბოსადგურიც,” – წერია ანალიზში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, დეკემბრის თვეში ენგური ასევე მთლიანად მიეწოდება აფხაზეთს და “ჩახსნილია” სისტემიდან.
იგივე მოცემულობაა ენგურთან მიმართებით იანვარსა და თებერვალშიც. ამ დროს საქართველოსთვის მარეგულირებელ და საიმედო დიდ ჰიდროელექტროსადგურებად მოიაზრებიან ლაჯანურ-ჰესი, შუახევი, შაორ-ტყიბული, ხრამი-ჰესები და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური, ასევე, ქარის ტურბინების პარკი გორში, რომლის წილი წლიურ ელერგობალანში ერთი პროცენტიც არ არის, მაგრამ საკმაოდ სტაბილურია თითქმის ყველა თვეში.
მაშინ, როცა ენგურის რეაბილიტაციისთვის მილიონობით ლარია დახარჯული აქამდე, გაუგებარია, საქართველოსთვის დეფიციტურ პერიოდებში რატომ მიწოდება მისი გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს და რატომ არის სრულიად “ჩახსნილი” ქართული მიწოდებისთვის.
გარემოზე ზეწოლა
კვლევაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მსოფლიოში დიდი, კაშხლებიანი ჰესების საკითხებს სიღრმისეულად განიხილავს, ნათქვამია, რომ დიდი ჰესები განვითარებად ქვეყნებში აღარ არის მდგრადი.
კვლევის მიხედვით, დიდი ჰესების 90% 1930-იან წლებში აშენდა და უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე თავიდან ელოდნენ.
აშენების შემდეგ, მათ გაანადგურეს მდინარის ეკოსისტემა, მათ გამო საკუთარი სახლებიდან აიყარა მილიონობით ადამიანი, დაიტბორა მიწები და ტყეები. დიდ ჰესებს ასევე მიუძღვით როლი სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოფრქვევაში, რომელთაც თავისი უარყოფითი როლი აქვს კლიმატის ცვლილებაში – დედამიწაზე ტემპერატურის აწევაში, რომელსაც მთელი რიგი დისბალანსი, ეკოლოგიური ჯაჭვის ცვლილება, ყინულების დნობა, წყლის რესურსების შემცირება, ზღვებსა და ოკეანეებში მარილიანობის მომატება, სახეობებზე გავლენა, – ზოგის გაქრობა ან გადაადგილება და ახალი ინფექციური დაავადებების გაჩენის რისკები ახლავს, სხვა მრავალს შორის.
კვლევის ავტორების თქმით, 1960 წლებიდან ევროპასა და აშშ-ში დიდი ჰესების აშენებამ პიკს მიაღწია. ამჟამად კი, ცხადია, მათ აღარავინ აშენებს ასეთი მასშტაბებით, პირიქით – ძველებს შლიან და დარღვეული ეკოლოგიური ბალანსის აღდგენას ცდილობენ.
21-ე საუკუნეში და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით, მსოფლიო სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს არ იყოს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, ქვეყნები ახალი და ალტერნატიული ენერგიების გამოყენებას და ენერგოეფექტურობაში ინვესტირებას აპირებენ, ხოლო დიდი ჰესების აშენება სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის დღის წესრიგი განვითარებულ ქვეყნებში.
გარდა ჩამოთვილილი მიზეზებისა, მნიშვნელოვანია ენერგიის გენერაციის ეკონომიკური მიზანშეწონილობაც, რომელიც დღეს სხვანაირია, ვიდრე ერთი საუკუნის წინ: იქმნება, ვითარდება და იაფდება ახალი ტექნოლოგიები, იქმნება ლიბერალური ენერგეტიკული ბაზრები, ჩნდება კონკურენცია და ბაზრის მოთამაშეები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ არა ფასითა და ენერგიის წარმომავლობის ტიპით, არამედ ტექნოლოგიით.
დიდი ინფრასქტრუქტურის შენახვა [maintenance]-რეაბილიტაცია ერთ-ერთი შუალედური ხარჯია, რომელიც მაღალკაშხლიან ჰესებს ახლავს თან.
ენგურჰესის კომპლექსური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ბოლო განხლებიდან 15 წლის შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა.
ამ დროს ენგური სრულიად გაჩერებული იყო – არ გამოიმუშავებდა ენერგიას. ენგურის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 45 მილიონი ევრო იყო, საიდანაც 7 მლნ. ევრო ევროკომისიის გრანტი იყო, ხოლო 38 მლნ. ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი.
სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, ჰესის სისტემა სრულიად დაიცალა ძველი შლამისა და ნატანებისგან, რაც უცებ მოაწყდა მდინარის ეკოსისტემას და ის სრულიად გაანადგურა.

ენგურის რეაბილიტაციის დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 2021 წლის 5 თებერვალს, ზუგდიდში მომუშავე მედია – რადიო “ათინათი” იუწყებოდა, რომ ენგურის ნაპირზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა. “ეს გამოიწვია ენგურის თაღოვანი კაშხლიდან დაცლილი ბლანტი მასის წამოსვლამ. წყალს ვერ ვუწოდებდით ამას, ეს იყო წლობით დალექილი შლამი. წამოვიდა ეს ყველაფერი ერთბაშად, თევზებს ლაყუჩები დაეხშოთ, ჟანგბადის ცირკულირება არ ხდებოდა. სიღრმეებში მყოფი თევზი ფაქტობრივად გახდა იძულებული, წამოსულიყო წყლის ზედა ფენებისკენ, გაეცურა ნაპირისკენ, ეძებდა სუფთა წყალს”, – უთხრა “ათინათნს” როინ შენგელიამ, ადგილობრივმა მოქალაქემ შენგელიას თქმით, ლოქოს, კობრის, ქაშაყისა და სქელშუბლას გარდა ენგურში ისეთი იშვიათი სახეობებიც ნადგურდება, როგორიცაა კუდმერცხალა, რომელიც ენგურის შედარებით ახალი ბინადარია და მდინარის წყალს საკმაოდ კარგადაც შეეგუა.
“საქმე გვაქვს გულგრილობასთან, არ ვიცი სპეციალისტების მხრიდან, ვინც არ გაითვალისწინა ეს ფაქტორი. თუ შეიძლებოდა ამის აცილება, უნდა გაკეთებულიყო მაქსიმუმი,” – უთხრა “ათინათს” როინ შენგელიამ.

სტატიები პირველად გამოქვეყნდა კაკტუსის ოფიციალურ სოციალური ქსელის გვერდზე.
მწვანე ალტერნატივას და „კაკტუსის“ კოლაბორაცია მცირე და საშუალო ზომის ჰესების ბუნებრივ გარემოზე უარყოფითო ზემოქმედების წარმოსაჩენად.