გზა რიკოთის უღელტეხილზე: საფრთხის ხილული და უხილავი კერები

  • მარიამ ფაცაცია

სოფელი ხევი თბილისიდან 140 კილომეტრით შორს, ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულას ნაპირებზე მდებარეობს. ხევს, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ორ ნაწილად ჰყოფს, ყოველდღე ათასობით მგზავრი კვეთს. დასავლეთით სოფლისკენ მგზავრობისას აუცილებლად გაივლით რიკოთის გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს, ჩაუვლით დამეწყრილ ფერდებს, სადაც მშენებლები უკვე წლებია უშედეგოდ ცდილობენ საკუთარი საქმიანობით გამოწვეული არასტაბილური უბნების გამაგრებას, გაძვრებით უზარმაზარი, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ხიდების თაღებ ქვეშ და გვერდს აუვლით რიკოთის ფერდებზე ამოშვერილ ქვაბულებს, რომლებიც მშენებლობის დასრულების შემდეგ გვირაბების შესასველ-გამოსასვლელებად უნდა იქცეს.

სოფლის მისადგომებთან მიახლოებისთანავე, ოდნავ ყურადღებას თუ გამოიჩენთ, დაინახავთ, რომ ავტობანის მშენებლობის შედეგად ხევი საფრთხეების გადაკვეთის წერტილადაც იქცა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი: “საუკუნის პროექტის” მოლოდინები და რეალობა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი ევროპული სატრანზიტო დერეფნის E60-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აკავშირებს რა ევროპასა და აზიას, მაგისტრალი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების საშუალებით წარმოშობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავების შესაძლებლობებს. მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთი რიკოთის ვიწრო უღელტეხილის მთიან რელიეფს მიუყვება. რიკოთის გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტი ოთხ მონაკვეთად დაიყო. ოთხივე მონაკვეთისთვის ცალ-ცალკე მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის გამოც სხვა საკითხებთად ერთად, შეუსწავლელი დარჩა ის კუმულაციური გავლენა, რომელიც გარემოსადაცვითი და სოციალური თვალსაზრისით ოთხივე პროექტის განხორციელებას ექნება ბუნებასა და ადამიანებზე. ავტობანის მშენებლობა ყველაზე რთულ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.

ნაწილიმონაკვეთისიგრძედონორიმშენებელი კომპანია
F1ჩუმათელეთი-ხევი11.7 კმEIB, WBჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია
F2ხევი-უბისა12.2 კმADBჰუნანის გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო ჯგუფი
F3უბისა-შორაპანი13 კმEIBჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია
F4შორაპანი-არგვეთა14.7 კმADBგუიჟოუს ავტობანის საინჟინრო ჯგუფი და ჩინეთის ეროვნული ტექნიკური იმპორტისა და ექსპორტის კორპორაცია

თავდაპირველად მოსახლეობა რიკოთის გზის მშენებლობას საცობებისთვის თავის დაღწევისა და უფრო უსაფრთხო მგზავრობის იმედითა და მოლოდინებით შეხვდა. თუმცა, 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილმა გაუთავებელმა პრობლემებმა, მეწყრული პროცესების გააქტიუებამ, გვირაბის ჩამოშლამ და ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი ხიდის ბურჯის ჩანგრევამ, სულ უფრო მეტ ადამიანს გაუჩინა განცდა, რომ უღელტეხილზე მოძრაობა უსაფრთხო არ არის.  

რიკოთის გზაზე მეწყრული პროცესები, სპეციალისტების დაკვირვებით, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის შემდგომ გააქტიურდა, მას შემდეგ რაც გზის მშენებლებმა „ძალიან არამდგრადი და მოწყვლადი ფერდობების“ წონასწორობა დაარღვიეს. სპეციალისტებმა ეჭქვეშ დააყენეს რიკოთის გზის მშენებლობისთვის მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებების საანდოობაც. მათთვისაც გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა სამშენებლო პროექტის მომზადებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის არსებული გზის გაფართოება და ორმხრივ ავტობანად ქცევა უფრო მისაღები ალტერნატივა. დარგის ექსპერტები, ინჟინრები და გეოლოგები, თვლიან, რომ ეს ალტერნატივა უფრო უსაფრთხო და უფრო ნაკლები დანახარჯის მქონე იქნებოდა. მათი აზრით, ამ შემთხვევაში გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგებოდა.

სოფელი ხევი: საფრთხეების გადაკვეთის წერტილი

ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის კვალდაკვალ გააქტიურებული მეწყრული პროცესებისა და სოფლის სამშენებლო მოედნად გადაქცევის პარალელურად ხევში საფრთხის რამდენიმე კერა გაჩნდა.

 „თავიდან რომ მოვიდნენ [პროექტის ხელმძღვანელები], ისე ლამაზად გველაპარაკნენ, ჩვენ ყველას გვეგონა, ავშენდებითო,“ – გვითხრა სოფელ ხევის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელსაც მარტში ველზე მუშაობისას შევხვდით. „მაგრამ მერე ეს ამდენი მეწყერი, სულ მეწყერებია ახლა,“ — საუბრისას აღნიშნა მეორე ხეველმა ქალმა თავდაპირველ მოლოდინებსა და შექმნილ რეალობას შორის განსხვავების ხაზგასასმელად.

სოფელი ხევი წარმოადგენს ჩუმათელეთი-ხევისა და ხევი-უბისას საპროექტო მონაკვეთების შერწყმის წერტილს. ფოტოზე წითლად მონიშნულია ჩუმათელეთი-ხევის მონკვეთი, თეთრად – ხევი-უბისას. წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ფოტო: Google Map | 2021 წლის სატელიტური გადაღება.

ჩვენთან საუბრისას, ხევის მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ უკვე წლებია ცდილობენ გაარკვიონ რატომ გამოჩორკნეს გზის მშენებლებმა მთის ძირები, როცა მეორე მხარეს გზის გაფართოების შესაძლებლობა არსებობდა.

ხევში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი უშუალოდ დამეწყრილ უბანზე მდებარეობს. პროექტის ერთ-ერთი დონორის, მსოფლიო ბანკის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის აპრილსა და მაისში განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ, პროექტისთვის შექმნილ საჩივრების განხილვის მექანიზმში ადგილობრივებმმა 23 საჩივარი შეიტანეს. სამ შემთხვევაში ოჯახები განსახლებას ითხოვდნენ. თითქმის ერთი წლის თავზე, 2024 წლის თებერვალში, ერთ-ერთი ოჯახი, რომელსაც ვესაუბრეთ, ჯერ კიდევ ელოდა განსახლების შესახებ გადაწყვეტილებას. 2024 წლის მარტში გამოქვეყნებულ დონორის ანგარშში არ არის განახლებული ინფორმაცია საჩივრების შესახებ.

დამეწყრილი უბანი სოფელ ხევში. ფოტო: მწვანე ალტერნატივა | 21 თებერვალი

შეუსწავლელი საფრთხე: მდინარე რიკოთულა

ადგილობრივებს სულ უფრო მეტად აღელვებთ რიკოთულა. მდინარე, რომელიც წყალდიდობითა და წყალმოვარდნებით ხასიათდება, სოფლის შუაში, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ მიედინება. მდინარის დინების მიმართულებით, რიკოთულას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ხევის საჯარო სკოლა, სადაც განათლებას, ადგილობრივების ცნობით, დაახლოებით 150 მოსწავლე იღებს. ხეველების გარდა, ამ სკოლაში დადიან ბავშვები სოფელ ნადაბურიდან, წაქვადან და გრიგალათიდან.

ადგილობრივები რიკოთულას საშიშ მდინარედ თვლიან. ყველას კარგად ახსოვს 2011 წლის წყალმოვარდნის დროს სოფლის, მათ შორის სკოლის ტერიტორიის, დატბორვაც.

ხევის თემის საჯარო სკოლა. ფოტო: მწვანე ალტერნატივა | 21 თებერვალი

ავტობანის მშენებლობამ მდინარე რიკოთულასგან მომავალი საფრთხეები გაამძაფრა და გაზარდა ღვარცოფული პროცესების განვითარების რისკი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის საგზაო სამუშაოების შედეგად, მდინარის კალაპოტის გარკვეული მონაკვეთები შევიწროვებულია ინერტული მასალის შეტანით. გარდა ამისა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკვირვება კალაპოტის გასწორხაზოვნება და კალაპოტის ხელოვნური ცვლილება. ჰიდროლოგ ნიკა წითელაშვილის მიერ ჩატარებული გამოთვლების მიხედვით,  მდინარე რიკოთულას მაქსიმალური ხარჯი  სკოლის გასწორში, აღემატება 227 მ3/წმ-ს, რაც დაახლოებით 75-ჯერ აღემატება მდინარის საშუალო მრავალწლიურ ხარჯს. სხვა სიტყვებით, 100 წლიანი განმეორებადობის მქონე წყალდიდობის შემთხვევაში, მდინარის მიერ მოცემულ მონაკვეთზე წყლის გადაადგილების ნაკადი, საშუალო ნაკადზე 75-ჯერ მეტი იქნება. ჰიდროლოგის თანახმად, აუცილებელია, განხორციელდეს ადგილის დეტალური შესწავლა და მომზადდეს ჰიდროლოგიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მდინარის მაქსიმალური ხარჯები და დონეები, რათა განისაზღვროს რისკის ზონა სკოლისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის.

წითელაშვილი აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის გადმოცემული ინფორმაცია — გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ჰიდროლოგიური ანგარიშები — არ მოიცავს მიმდინარე მონაცემებს და ჰიდროლოგიურ მოდელირებას. ის ხაზს უსვამს, რომ ეს ინფორმაცია აუცილებელია წყალდიდობის ზონებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ზუსტად განსასაზღვრად, სკოლის ადგილმდებარეობის უსაფრთხოების შესაფასებლად, ხიდების დაპროექტებისა და სანაყაროების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ნაყარ მიწას ყრიან თვითნებურად, სადაც მოუნდებათ, როგორც მოუნდებათ… ყველაფერი ხდება უყურადღებოდ.“

– გვითხრა ხევში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქალმა

ადგილობრივების მოთხოვნით და საჯარო ინსტიტუტებთან რამდენიმე თვიანი კომუნიკაციის შემდეგ, ივნისში სკოლასთან ჯებირების მოწყობა დაიწყო. თუმცა, საფუძვლიანი კვლევის გარეშე, შეუძლებელია იმის თქმა რამდენად საკმარისია აღნიშნული ღონისძიება სკოლის დასაცავად. მსოფლიო ბანკმა 19 ივნისს წერილობით გვაცნობა, რომ მათ მიერ დაქირავებული საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის მდინარე რიკოთულას ჰიდროლოგიურ მდგომარეობას.

უსახელო ხევი: ფუჭი ქანების სანაყარო N2

უსახელო ხევში, რომელიც რიკოთულას, ავტობანსა და თავად სოფელ ხევს გადმოჰყურებს, მშენებელმა კომპანიამ ფუჭი ქანების სანაყარო განათავსა. ტერიტორია უხარისხოდ არის მოწყობილი. სანაყაროს არ აქვს მოწესრიგებული წყალარინების სისტემა, რის გამოც ფუჭი ქანებით წარმოქმნილი ტერასები დაღარულია, წვიმისას მიწის მასა იშლება და კონსტრუქციაზე ნაპრალები რჩება. დამბა – ბეტონის ზღუდარი, რომელიც ასი ათასობით კუბურ მეტრ მასას ამაგრებს, ნორმალურად არ ფუნციონირებს. წყალი, რომელიც დაყრილ მასას ორივე მხრიდან ჩამოუდის, დამბასაც ნელ-ნელა აცლის მიწას, და საფრთხეს უქმნის კონსტრუქციის მდგრადობასა და ადგილობრივების უსაფრთხოებას.

აღსანიშნავია, რომ ჩუმათელეთი-ხევის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის თანახმად, ავტობანის მშენებლობისას წარმოქმნილი ფუჭი ქანები არა ხევში, არამედ ქალაქ ხაშურის სიახლოვეს შერჩეულ ტერიტორიაზე უნდა განეთავსებინათ. თუმცა, ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ, 2019 წელს თავდაპირველად განსაზღვრული ტერიტორიის ცვლილება მოითხოვა.

უსახელო ხევის ფერდები, რომლის თავზეც განთავსებულია ფუჭი ქანების სანაყარო. ფერდებზე ცვლილებები თებერვალში შევნიშნეთ. გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეტყობინება პროცესების შესწავლის თხოვნით ცხელ ხაზზე 14 თებერვალს მიიღო. ფოტები: მწვანე ალტერნატივა | დეკემბერი 2023 და თებერვალი 2024

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო სკრინინგის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კომპანიას სანაყაროს მოსაწყობად აღარ დასჭირდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის, უფრო საფუძვლიანი კვლევების მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტთან დაკავშირებული არსებითი საკითხების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები დონორებთან შეთანხმებით უნდა მიიღოს, სანაყაროს ადგილმდებაროების ცვლილების შესახებ ერთ დონორს მაინც არ მიუღია ინფორმაცია. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია, 13 მაისს წერილობით გვაცნობა, რომ სანაყაროს ტერიტორიის ცვლილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. მსოფლიო ბანკმა ამ საკითხზე ჩვენს კითხვას არ უპასუხა.

2024 წლის იანვარში დაიმეწყრა ამ სანაყარომდე მისასვლელი გზა, რამაც ტონობით ტვირთის ფერდებზე ატანა შეუძლებელი გახადა. მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო საჭირო გახდა იმ ხევის ფერდების დატერასებაც, სადაც სანაყარო მდებარეობს. კომპანიამ ფუჭი ქანების განთავსება რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სოფელ ვერტყვიჭალაში განაგრძო.

უსახელო მდინარის ხეობა: ფუჭი ქანების სანაყარო N 11

სოფელ ვერტყვიჭალაში სანაყარო განთავსებულია უსახელო მდინარის ხეობაში. მდინარის კალაპოტი შეცვლილია. არ ჩანს ნაპირდაცვითი და სანაყაროს დატბორვისგან დამცავი ღონისძიებების კვალი. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო სანაყაროს ფორმირების ფარგლებში საჭირო წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელების უფლება.

„აქ უზარმაზარი მასებია, რომლებიც მდინარეში იყრება. იქ წყალმოვარდნა, რომ მოხდეს, ინტენსიური წვიმების დროს, ყველაფერს [ჩამოიტანს]. ფაქტიურად ღვარცოფის მასალა გროვდება,” აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ჯავახიშვილმა 2024 წლის 9 აპრილს ჩვენთან ერთად ადგილის დათვალიერების შემდგომ.

ხევი-უბისას მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში გამოიყო ნარჩენების განთავსების სამი შესაძლო ადგილი. დაგეგმილი გზის ჩრდილოეთით მდებარე ორი უბანი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ვერტყვიჭალაში დღეს არსებული N11 სანაყაროა, საშიშ ტერიტორიებად იქნა მიჩნეული რთული ბუნებრივი მახასიათებლების, მათ შორის ტოპოგრაფიული და ჰიდროლოგიური სირთულეებისა და გარემოზე ხეების მასიური ჭრით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზემოქმედების გამო.

საჯარო ინსტიტუტების რეაქცია საფრთხის შესახებ შეტყობინებებზე

მწვანე ალტერნატივამ სოფელ ხევში არსებული შესაძლო საფრთხეების შესახებ პირველი შეტყობინება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს 2023 წლის 26 დეკემბერს გაუგზავნა. მათგან პასუხს თვეების განმავლობაში ველოდით. იანვარსა და თებერვალში დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ისინი უამინდომის საბაბით სოფელში ჩასვლის და საველე მუშაობის შესაძლებლობას გამორიცხავდნენ.

ორგანიზაციამ დეპარტამენტისგან წერილობით პასუხი მოკვლევის დაწყების შესახებ მხოლოდ ორი თვის თავზე 6 მარტს მიიღო, მას შემდეგ რაც მწვანე ალტერნატივამ სახალხო დამცველის აპარატს მიმართა დახმარების თხოვნით.

ივნისში, დეპარტამენტისგან მიღებული მეორე წერილის მიხედვით, ჩუმათელეთი-ხევის მშენებელი კომპანია ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა “ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე.” ამავე წერილის თანახმად, დეპარტამენტის წარმომადგენლები 8 თებერვალს იმყოფებოდნენ სოფელ ხევის სკოლის ტერიტორიის დასათვალიერებლად ანუ მაშინ როცა ჩვენთან კომუნიკაციისას აღნიშნავდნენ, რომ ადგილზე ვერ გადიოდნენ.

რაც შეეხება სოფელ ხევის სანაყაროს, გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, “ინსპექტირებით დადგინდა, რომ სანაყაროს ფორმირება დაწყებულია, სანაყაროს ძირში მოწყობილია დამცავი ბეტონის ჯებირი, ასევე წყალარინების მიზნით გამყვანი მილი, ხევის ბოლოს ასევე მოწყობილია კიუვეტი გამყვანი არხით, რომლითაც შეკრებილი წყალი გადადის მდინარე რიკოთულაში. სანაყაროზე დაწყებულია პროექტით გათვალისწინებული, მე-4 საფეხურის ფორმირება.” სამწუხაროდ, დეპარტამენტი არ აფასებს წყალანირებასთან მიმართებით არსებულ მდგომარეობას სანაყაროზე. ადგილის დათვალიერებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ არსებული წყალარინების სისტემა არ მუშაობს. 25 ივნისს ტერიტორიაზე ნათლად ჩანდა წყლის დინების კვალი, რომელიც დამბას ნელნელა აცლის მიწას და შესაძლოა მის მდგრადობასაც უქმნიდეს საფრთხეს. სააგენტოს წერილისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკის მიერ 12 მაისს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს უსახელო ხევის ტერიტორიაზე არსებული სანაყაროს დახურვა, რაც მათ შორის გულისხმობს ფერდების დატკეპნას და წყლის სადრენაჟო სისტემის მოწყობას. ეს სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

მწვანე ალტერნატივამ სოფელ ხევში არსებული საფრთხეების შესახებ წერილობით სხვა უწყებებსაც მიმართა. აღსანიშნავია, რომ მათი რეაქციაც არ შეესაბამებოდა არსებული საფრთხეების სიმძაფრეს. ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მწვანე ალტერნატივას შეტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაუგზავნა ანუ იმ უწყებას, რომლის საქმიანობის მონიტორინგიც თავად ევალება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს სთხოვა მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობა სკოლისთვის გალავნის და ჯებირების შემოსავლებად.

ადგილობრივი თემები: ხმები, რომლებიც არ ისმის

მაგისტრალის მშენებლობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და ლანდშაფტის ცვლილებების გამო ადგილობრივების წუხილის მიუხედავად, მოსახლეობა ვერ ახერხებს საკუთარი ხმა გააგონოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2023 წელს ავტობანის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ჩატარდა ინდივიდუალური და ჯგუფური ტიპის 78 შეხვედრა. თუმცა, სოფელ ხევის მოსახლეობის თქმით, დეპარტამენტთან კომუნიკაცია ფრაგმენტულია, ინიციატორი თითქმის ყოველთვის თავად ადგილობრივი მოსახლეობაა, შეხვედრებს კი, როგორც წესი უმნიშვნელო ან არანაირი შედეგი არ მოაქვს. სოფელი ხევი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ხევი იმ ადგილობრივი თემების მაგალითია, რომლებიც ვერ ახერხებენ მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, მათი ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვას.

ხიდი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე. ფოტო: მწვანე ალტერნატივა | იანვარი 2024

მაგისტრალური გზის გასწვრივ ყველა სოფლის მცხოვრები ერთნაირ ისტორიას ჰყვება. იხსენებენ როგორ ახრჩობდათ მტვრის ბუღი, როცა მშენებელი კომპანია გზებისა და სამშენებლო მოედნის დასველებაზე უარს ამბობდა. საუბრობენ აფეთქებების ხმაზე, რომელიც ხშირად მოულოდნელად გაისმოდა და შიშის ზარს სცემდა ბავშვებსა და შეუმზადებელ მოსახლეობას, რომლებიც გამაფრთხილებელ შეტყობინებებს დაგვიანებით იღებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები დღეღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. მათი თქმით, აფეთქებებმა მათი სახლების დაზიანებაც გამოიწვია. მაგისტრალური გზის მშენებლობამ ადგილობრივების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაამწვავა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო გართულდა. ბევრ მათგანს დღემდე შემოვლითი გზებით, ხშირად ფეხით, დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს ტრანსპორტამდე მისაღწევად.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის მესვეურები ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის გასაჩუმებლად გზის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, ავტობანის მშენებლობის მიმართ ნებისმიერი სახის კრიტიკას კი წინააღმდეგობად აფასებენ. კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა ცდილობს პროექტში საერთაშორისო დონორების და ექსპერტების მონაწილეობა მაგისტრალური გზის მშნებლობის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტორად წარმოაჩინოს. სამწუხაროდ, პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სათანადო მონიტორინგის არარსებობისა და რისკების უგულებელყოფის ფონზე, პროექტი, რომელსაც მთავრობა ერის ახდენილ ოცნებად ნათლავს, შესაძლოა ქვეყნის კოშმარად იქცეს.

დამეწყრილი ფერდი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე. ფოტო: მწვანე ალტერნატივა | 9 აპრილი