ჰაერის დაბინძურება საქართველოში: ატმოსფერული ჰაერი და შენობის შიდა დაბინძურება

  • მანანა ქოჩლაძე

ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს კვლევის თანახმად, ევროპის ქალაქებში ჰაერის დაბინძურება წელიწადში 400 000-მდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს; ხმაურის დაბინძურება – 12 000-მდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს და მკვეთრად ზრდის სტრესს. ეს ყველაფერი, უფრო მეტად და მტკივნეულად, ქალაქების ყველაზე ნაკლებად შეძლებულ ფენებს ეხება, რადგან სწორედ ისინი ცხოვრობენ ქალაქების ძლიერად დაბინძურებულ ნაწილებში. ღარიბ მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი „მწვანე“ და „ლურჯ“ არეალებზე, როგორიცაა პარკები, სკვერები, მდინარის ნაპირები, ტბები, სანაპირო ზონა. ეს კი, სააგენტოს განცხადებით, კარგი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, ქალაქებში ჰაერის დაბინძურების შემცირება და მწვანე სივრცეების გაზრდა პირდაპირ იმოქმედებს საზოგადოების, განსაკუთრებით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

დაბინძურებისა და ჯანმრთელობის გლობალური ალიანსის (GAHP)  2019 წლის ანგარიშის თანახმად,  ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების შედეგად საქართველოში წელიწადში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე 140  ადამიანი კვდება, რაც, ევროპის მასშტაბით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა  ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანად სახავს „მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების შემცირებას“.  2018-2021 წლებში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგალითად: საქართველოს პარლამენტმა მოიკვლია თბილისის ჰაერის დაბინძურების მიზეზები, გაფართოვდა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქსელი, ახალი სტანდარტები დამტკიცდა ჰაერის ძირითად  დამაბინძურებლებთან მიმართებაში. 2019 წლიდან  ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის  ავტომატურ სადგურებზე არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა www.air.gov.ge -ზე.

2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  შესახებ კანონი, რომლის  მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. კანონი სრულად 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. თუმცა, ჰაერის დაბინძურება ქვეყანაში კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება.

განსაკუთრებით მძიმეა ჰაერის დაბინძურება ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორია ჰაერის სისუფთავის ხარისხი წიაღით სარგებლობის შედეგად დაბინძურებულ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ტყიბული და ბოლნისი. ჰაერის ხარისხი გაურკვეველია ფოთშიც, რომელიც საპორტო ქალაქია და ამ მხრივ, მისი დაბინძურების კონტროლი მნიშვნელოვანია, თუმცა იქ  გაზომვები დღემდე მხოლოდ პერიოდულად ტარდება.

2018 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი დამბინძურებლების კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

მტვრით დაბინძურება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

მისი ქიმიური შემადგენლობის გამო, მტვერი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამაბინძურებელია. ის შეიძლება შეიცავდეს როგორც ელემენტარულ ნახშირბადს, აგრეთვე დაბალი აქროლადობის მქონე ორგანულ ნაერთებს და, ასევე, არაორგანულ ნაერთებს (ნიტრატები, სულფატები, არაორგანული იონები (Na+, K+, Ca2+, Mg2+), ჭვარტლს, აზბესტს, მძიმე ლითონებს, მეტალების ოქსიდებს (მაგალითად, სილიციუმის ოქსიდს), ნაცარს (კალციუმის სილიკატს) და ა.შ.

მტვრის მყარ შეწონილ ნაწილაკებს შორის ყველაზე უფრო საშიშია ნაწილაკები, რომელთა ჰიდროდინამიკური დიამეტრი ნაკლებია 5 მიკრომეტრზე (მკ). მათ შეუძლიათ ლიმფურ კვანძებში შეღწევა, ფილტვების ალვეოლებში გაჩერება და ლორწოვანი გარსის დაბინძურება.

ხშირად, მყარი ნაწილაკების მაჩვენებლებად გვხვდება ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა PM10 და PM2.5.  PM10 – არის ნაწილაკები, რომელთა ჰიდროდინამიკური დიამეტრი 10 მიკრომეტრზე ნაკლებია, ან მისი ტოლია; და PM2.5 – არის ნაწილაკები, რომელთა ჰიდროდინამიკური დიამეტრი 2,5 მიკრომეტრზე ნაკლებია, ან მისი ტოლია.

საქართველოში ჰაერის დაბინძურებას რამდენიმე სპეციალური სადგური ზომავს. მისი მონაცემები კი ვებ-პორტალზე, www.air.gov.ge-ზე აისახება.

თუ air.gov.ge-ს მონაცემებს დავეყრდნობით, რუსთავში, 2019 წლის 1 თებერვლიდან (რუსთავის მონიტორინგის სადგური 2019 წლის 31 იანვარს ჩაირთო) 2020 წლის 1 თებერვლამდე PM2.5 დაბინძურება შეადგენდა წლიურად 34.33 მკმ/მ3-ს. აღსანიშნავია, რომ დღიურად PM2.5 ხანდახან ცხრაჯერ და ათჯერაც კი აჭარბებდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დღიურ რეკომენდაციას (10 მკმ/მ3).

2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე  PM10-ის  დღიურ ნორმაზე (50 მგკ/მ3 ზე) გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირდა [1]წელიწადში დაშვებულია მხოლოდ 35-ჯერ გადაჭარბება:

  • რუსთავში – 73 დღე;
  • თბილისში, წერეთლის გამზირის სადგურზე – 23 დღე [2]www.air.gov.ge

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ორივე სადგური არ მუშაობდა თითო-თითო თვე. აგრეთვე იყო დღეები, როცა ეს სადგურები არ მუშაობდნენ.  ამასთან,  ამავე პერიოდში კოვიდ-19-ის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მკვეთრად  იყო შემცირებული მოძრაობა, მშენებლობები თუ წარმოება.

ამ მაჩვენებლების შემდეგ,  გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2020 წლის კვლევის მიხედვით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიდან, ქვეყნის  მოსახლეობის 41% და თბილისის მოსახლეობის 75% ყველაზე მწვავედ ჰაერის დაბინძურებას მიიჩნევს. ამავდროულად, გამოკითხულთა 88% დაეთანხმდა მოსაზრებას, რომ  გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ ეს ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის მკაცრი რეგულაციების და წესების დაწესებას მოითხოვს.

ყოველივე ეს მიუთითებს, რამდენად პრობლემურია ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მისი ზემოქმედება ქვეყნის მოსახლეობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაერის დაბინძურება არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას სერიოზული ეკონომიკური ხარჯები აქვს და, შესაძლებელია, მაკროეკონომიკური ეფექტიც ჰქონდეს.

ჰაერის დაბინძურების ეკონომიკური ხარჯები

2015 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის – OECD-ის შეფასებით, ევროპას ჰაერის დაბინძურება 1.6 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება.

ჰაერის დაბინძურების ხარჯები მოიცავს ნაადრევ სიკვდილიანობას, ავადობას, გაცდენილ სამუშაო დღეებს; ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვები პროდუქტის, კულტურული და ისტორიული ობიექტების დაბინძურება. ის ამცირებს ეკოსისტემების უნარს, შეასრულონ თავისი ფუნქცია. შედეგად, აუცილებელი ხდება ფულის დახარჯვა მათი აღდგენისთვის, ან რემედიაციისთვის – ანუ, მოცემულ მომენტში შექმნილი პრობლემის გადაჭრის ან შემცირებისათვის ახალი გზებისა და მიზნობრივი აქტივობებისთვის.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 87% ცხოვრობს არეალებში, სადაც PM2.5-ის წილი ატმოსფერულ ჰაერში 1 კუბურ მეტრზე 10 მიკროგრამს აღემატება [3]Does GDP growth necessitate environmental degradation? HAI-ANH H. DANGHAISHAN FUUMAR SERAJUDDIN|JANUARY 14, 2020.

მსოფლიო ბანკისვე მონაცემებით, წლიურად 225 მილიარდი აშშ დოლარი მხოლოდ ნაადრევი სიკვდილიანობის შედეგად დაკარგული შრომითი შემოსავლების ხარჯია [4]INFOGRAPHIC: Death in the Air: Air Pollution Costs Money and Lives, September 8, 2016. ეს მონაცემი 1990 წელს 162 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2000 წელს – 163 მილიარდი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, „2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია 120,050,566 ლარის ხარჯი, საიდანაც სახსრების დაახლოებით 60% გადარიცხულია თბილისში არსებულ კლინიკებზე“ [5]https://bit.ly/31GVIqG. მისივე განცხადებით, „სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ერთ მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით. ეს ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, არაგადამდებ დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზის – გარემოს დაცვის მიმართულებით საბიუჯეტო ფინანსირება არაადეკვატურად დაბალია.“

მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ [6]„საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ ევროპისა და … Continue reading“ ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის  დაბინძურების ზემოქმედებით საქართველოში ჯანმრთელობაზე დატვირთვის ეკონომიკური ღირებულება შეფასებულია 560 მილიონი აშშ დოლარად, რაც 2018 წლის მშპ-ს 3 პროცენტს უდრის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხანგრძლივვადიანი, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარება,  საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID 19-ის პანდემიის ფონზე. ის  „აძლიერებს გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების დეგრადაციისადმი მოსახლეობისა და ეკონომიკის მოწყვლადობის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“. ამასთან, წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს კავშირები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა (NOx და PM2.5), COVID-19-ის გავრცელებასა და ავადმყოფობის სიმძიმეს შორის[9]. ატმოსფერული და შიდა ჰაერის ხარისხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში  და მას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს, როგორც პანდემიის შეჩერების, ასევე, სხვა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შემცირებაში.