კუმისის ტბის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა: რას აკეთებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კუმისის ტბის მცველები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი კუმისი – ეკო სოფელი საქართველოში” ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, უკვე წლებია იბრძვიან ტბის გადასარჩენად. თუმცა სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურების უმოქმედობა საფრთხეს უქმნის როგორც კუმისის ტბის ბიომრავალფეროვნებას, აგრეთვე სოფლის მომავალს.

ფოტო: მოძრაობა „ახალი კუმისი – ეკო სოფელი საქართველოში”

„არსებული რეალობის ფონზე, სრულად განსხვავებულია მოსახლეობის და სახელმწიფოს დამოკიდებულება კუმისის ტბის შესახებ – მაშინ როდესაც ჩვენი აქტიურობით ვცდილობთ ტბის წყლით შევსებას, ნადირობის სეზონზე ბრაკონიერების დაჭერას და ფრინველების გადარჩენას, სახელმწიფო ამ დროს არ გვეხმარება“ – გვიყვება ახალი კუმისის მკვიდრი, ნინო ფანცულაია.

მოსახლეობა წლებია უშედეგოდ ითხოვს დახმარებას  გარემოსდაცვითი ზედამხედვეობის დეპარტამენტის ქვემო-ქართლის რეგიონული სამმართველოსგან. მაცხოვრებლების მოთხოვნაა ტბის წყლის დონის კლებისა და დაბინძურების პრობლემების მოგვარება.

სოფელში საგანაგაშო სიტუაციაა აგრეთვე სასმელ წყალთან დაკავშირებით, რაზეც 2023 წლის ბოლოს, ასევე მოსთხოვეს პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა წერილი კვლავ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრიქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გადააწერა. სამინისტროებმა კი თავისთავად, გარდაბნის მუნიციპალიტეტს.

ფოტო: მოძრაობა „ახალი კუმისი – ეკო სოფელი საქართველოში”

ტბა თბილისის ყურის ძირში

თბილისიდან 25 კმ არსებული კუმისის ტბა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია გადამფრენი ფრინველებისთვის. აქ სულ ცოტა 270 სახეობის  ფრინველი გვხვდება, მათ შორის დაახლოებით 10 000 ფრინველი მოზამთრეა.

„როდესაც ვსაუბრობთ ახალი კუმისის ბევრი ბაზისური პრობლემის შესახებ (სასმელი და სამეურნეო წყლის არ არსებობას, უგზოობას, უგაზობას, მუნიციპალური ტრანსპორტის უქონლობას), ამის პარალელურად ყოველთვის ვსაუბრობთ სოფლის და სრულიად საქართველოს საგანძურის, კუმისის ტბის უნიკალურობის შესახებ, რომელიც მოიცავს ფრინველების მრავალფეროვნებას და ხშირად მათ იშვიათ სტატუსს, ტბის ტალახს, რომელიც დღემდე ბალნეოლოგიური მიზნით გამოიყენება, ულამაზესს ხედებს. პარადოქსულად ჟღერს – ტბის პირას სოფელს აწუხებს წყლის პრობლემა და ამავდროულად საკუთარი თვალებით და შიშველი ხელებით მოსახლეობა ვუყურებთ ტბის კვდომას“ – დაამატა ნინომ.

ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად 60-იანი წლებიდან მლაშე ჰაბიტატიდან, ტბა მტკნარი წყლის ჰაბიტატად გადაიქცა. ამ დროიდან,  კუმისის ტბისთვის მტკნარი წყლის მიწოდება მასიური ტურბინებით მდინარეებიდან, მტკვრიდან  და ალგეთიდან დაიწყო.  შედეგად, ტბაში თევზის სარეწაო სახეობების გამრავლდა, ასევე გაიყვანეს სარწყავი არხი კუმისის სამხრეთით მდებარე კრწანისის მინდვრებისკენ, რამაც მოსახლებას სასოფლო მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა მისცა.  90-იან წლების დასაწყისში, 35 წლის წინ, ფიზიკურმა პირებმა სარწყავი არხები გატეხეს, მილები ამოიღეს და გაყიდეს.  სასმელი წყლის შეზღუდვამ, შეამცირა მოსახლეობის შემოსავლები და წყალმა ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო, გაუარესდა ცხოვრების ხარისხიც, ბევრმა ოჯახმა სოფელი ახალი კუმისი დატოვა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (გზდ-ს) უმოქმედობა და სახელმიწფოს მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდებ

2021 წელს მოსახლეობის  საჩივრის საფუძველზე,  გარემოსდაცვითი ზედამხედვეობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ ოფიციალურად დაადგინა წყლის დონის კლება და მიმდებარე ტერიტორიის მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურება. ასევე სანაპირო ზოლზე დაფიქსირდა გამორიყული „კარჩხანას“ სახეობის მკვდარი თევზები.

ფოტო: მოძრაობა „ახალი კუმისი – ეკო სოფელი საქართველოში”

გზდ-ს ამავე ოფიციალურ წერილში წერია, რომ ტბაში შემავალი ორი არხი (მტკვრის და ალგეთის), სადაც წყალი თვითდინებით მიედინება, მოუვლელობის გამო შევსებულია მყარი ნატანით ე.წ. ლამით, რაც ხელს უშლის ისედაც შემცირებული ტბის წყლით მომარაგებას. 2023 წლის გაზაფხულზე, მოსახლეობის თხოვნით, ალგეთის არხის ლამისგან გაწმენდა მოხერხდა თუმცა ტბას წყალი მაინც არ ყოფნის. გზდ-ს წერილის მიხედვით, სსიპ „გარემოს ეროვნული საგენტოს“ მიერ კუმისის ტბაზე აღებული ზედაპირული წყლის ნიმუშებში მიკრობიოლოგიური კვლევით გამოვლინდა, რომ დაბინძურებული ნივთიერებების შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

გზდ-მ ფაქტზე რეაგირება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „კუმისის ტბას“ დააკისრა, და ამასთან, არანაირი ღონისძიებები არ გატარებულა იმის შესამოწმებლად თუ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული ამ ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, არ იქნა გამოკვლეული თუ რის შედეგადაა დაბინძურდება კუმისის ტბა როგორც მინერალური ნივთიერებებით, ნიტრიტებით, ისე სხვადასხვა მეტალებით.

დასკვნაში ნახსენებია, შპს „კუმისის ტბა“, რომელიც ტბის ტერიტორიას 2002 წლიდან, იჯარის წესით 49 წლით გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან 2018 წლამდე ფლობდა. აღნიშნულ იჯარაზე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ სახელმწიფო ქონების საჯარო რეესტრიდან ვკითხულობთ. შესაბამისად, თუ შპს „კუმისის ტბასთან“ გარდაბნის მუნიციპალიტეტს 49-წლიანი იჯარის შეთანხმება შეწყვეტილი აქვს, გზდ-ს მიერ ახალი კუმისის ტბის მოსახლეობის განცხადებაზე პასუხი, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა და აღნიშნულმა შპს-მ აღმოფხვრას კუმისის ტბასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური და ბიომრავალფეროვნების პრობლემები, არამართებულია და სახელმწიფო უწყების მხრიდან, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაზე მიანიშნებს.

და ბოლოს,

კუმისის ტბის გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ტბაში წყლის რაოდენობის კლება, რასაც 2018 წელს თევზების მასიური ხოცვაც მოყვა. შესაბამისად, შემცირდა ბუნებრივი საკვების წყარო გადამფრენი ფრინველებისთვის. ამან ზეგავლენა იქონია კუმისის ტურისტული პოტენციალიზე, მაგალითად, აღარ ტარდება საყოველთაო სამოყვარულო ტურნირი თევზჭერაში დასაშვებ სახეობებზე. მოსახლეეობის თქმით, გამოწვევად რჩება უკანონო ნადირობა, რაც ზრდის საფრთხეს ისეთი იშვიათი ფრინველებისთვის, რომლებიც კუმისის ტბას ცივი ქვეყნებიდან, თბილი ქვეყნების მიმართულებით გამოსაზამთრებლად იყენებენ.

ფოტო: მოძრაობა „ახალი კუმისი – ეკო სოფელი საქართველოში”

ახალი კუმისელები დანებებას არ აპირებენ, „2020 წლიდან კი უკვე ყოველდღიურად სხვების კეთილდღეობა (ადამიანი, ბუნება თუ ცხოველი) ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. იქ სადაც შემიძლია ჩემი ცნობისმოყვარეობით მიღებული განვითარება სხვებს მოვახმარო, არ ვიზარებ და ვაკეთებ და ასე გავხდი მათი ხმა. იმედია ცოტათი მაინც ვცვლი მათ ყოველდღიურობას, ვისზეც ვზრუნავ“ – ამბობს ნინო ფანცულაია.

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვაიძულოთ სახელმწიფო ორგანოები გაატარონ  შესაბამისი ღონისძიებები და დაიცვან კუმისის ტბა, რომელიც ერთანაირად ფასეულია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, და ასევე  გადამფრენი და მოზამთრე ფრინველებისთვის, რომლის დაცვის ვალდენულებაც საერთაშორისო კონვენციებით გვაქვს აღებული.