მცირე და საშუალო ჰესების გავლენა ბუნებრივ გარემოზე

არაგვი ჰესი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ქვეყანაში 25 დიდი და საშუალო და 84 მცირე ჰესი ფუნქციონირებს. ითვლება, რომ რაკი დიდი კაშხალი ან/და წყალსაცავი არ აქვს, მცირე ჰესი ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

სინამდვილეში, ასე შეფასება არასწორია: ყველა მდინარე და ხეობა განსხვავებულია.

მაგალითად, ბიომრავალფეროვნებით მდიდარ პატარა მდინარეზე აშენებული „მცირე ჰესი“ ამ მდინარისთვის შესაძლოა უფრო უარყოფითი ზემოქმედების მატარებელი იყოს, ვიდრე იგივე პროექტის უფრო დიდ მდინარეზე.  

ხშირად საქართველოში მცირე/საშუალო ჰესს მდინარის დინების უდიდესი წილი [საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%] მიაქვს და სრულად ანადგურებს მის ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის, თევზებს და სხვა, უფრო მცირე ზომის, მაგრამ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვან, ორგანიზმებს.

ჰესის მშენებელ კომპანიას, კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის პირობებიდან გამომდინარე, მდინარის ეკოსისტემების დაცვა, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის გეგმის შედგენა და აღსრულება ევალება.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს პირობები ფორმალურია და არ უზრუნველყოფს უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებასა თუ შერბილებას.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თევზსავალის მოწყობა.

იდეალურ შემთხვევაში, ამ ობიექტმა უნდა უზრუნველყოს თევზების თავისუფალი გადაადგილება. თევზსავალის სათანადო დაგეგმა და მოწყობა არ ხდება, ხშირად ფორმალურად კეთდება, სადაც წყალსაც კი არ უშვებს დეველოპერი. ასეთი თევზსავალი ხშირად ისეთ აღმართზეა აშენებული, სადაც წყალი დამშრალია და თევზიც, ბუნებრივია, ვერ გაცურავს.

ეს არაგვი-ჰესის ფოტოების კოლაჟია. პირველ ფოტოზე ჩანს არაგვის ზედა ბიეფი – სანამ ის ჰესის ინფრასტრუქტურას შეუერთდება; მეორე ფოტოზე – ის ნაწილი, სადაც მდინარე მილებში ექცევა და ქვედა ნაწილი, სადაც წყალი საერთოდ არ მოდის. ფოტოებზე ასევე ჩანს “თევზსავალი” ინფრასტრუქტურა, სადაც წყალი თითქმის არ მოდის და თევზისთვის გამოუსადეგარი ინფრასტრუქტურაა.

ხადორი ჰესების კასკადი მდინარე ალაზანზე

მდინარე ალაზანი მტკვრის აღმოსავლეთი შენაკადია, რომელიც 351 კილომეტს გადის. მდინარე მტკვართან შეერთებამდე, ალაზნის ნაწილი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან გაივლის და შემდეგ, საბოლოოდ, მინგეჩაურის წყალსაცავს ურთდება, აზერბაიჯანში.

მდინარე ალაზნის საქართველოს ნაწილში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში, ორი ჰესია აშენებული: ერთი მცირე – 2 მეგავატიანი, ხოლო მეორე საშუალო სიმძლავრის – 24-მეგავატიანი. ამ ორ ჰესს ერთმანეთისგან ერთი კილომეტრიც კი არ აშორებს. მათი სახელებია “ხადორი1” და “ხადორი 2.”

“ხადორი1”, 24-მეგავატიანი ჰესი, ათწლეულის წინ აშენდა, ხოლო მეორე, მცირე – 2 მეგავატიანი – “ხადორი 2” – 13 წლის წინ. მასზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა 2003 წლის 4 აპრილს გაიცა. ის ქართულმა კომპანია შპს “ფერიმ” ააშენა.

“ხადორი 2”-ის დადებით ეკოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ კომპანიის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი ინფორმაცია შეცდომებსა და უზუსტობებს შეიცავდა.

“იქთიოფაუნაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით პროექტში აღნიშნულია, რომ მდინარე ალაზანს არ გააჩნია თევზსამეურნეო მნიშვნელობა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. მდინარე ალაზანზე თევზსაჭერი მეურნეობის შექმნის მიზნით, 2 000 წლის 21 ნოემბერს გაცემულია შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა. … მდინარე ალაზანს გააჩნია როგორც თევზსამეურნეო, ასევე თევზსაჭერი მნიშვნელობა,” – წერია დასკვნაში

იგივე კომპანიას ალაზანზე, პანკისში, მესამე მცირე ჰესის – “ხადორი 3”-ის აშენებაც უნდოდა, რომლის სიმძლავრე 5,4 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ამ ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. “ხადორი 3”-ის მშენებლობა მას მერე არ გაგრძელებულა.

ამ პროტესტში განსაკუთრებით აქტიური პანკისის “უხუცეს ქალთა საბჭო” იყო ისინი ამბობდნენ, რომ კიდევ ერთი ჰესი პრობლემებს შეუქმნიდა როგორც თვით მდინარე ალაზანს და მის ბიომრავალფეროვნებას, ასევე გააჩენდა სასმელი, სარწყავი და საყოფაცხოვრებო წყლის მწვავე დეფიციტს. ეს ტვირთი კი სოფელში განსაკუთრებით ქალებს აწევთ.

„ხადორი 3“-ის მშენებლობა 2019 წლის 21 აპრილს შეწყდა – მას მერე, რაც მოსახლეობამ მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის აშენება მკაცრად გააპროტესტა. მაშინ მთავრობამ მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიციაც კი გამოიყენა.

ყაზბეგი ჰესი მდინარე ბროლისწყალზე

ბროლისწყალი პატარა მდინარეა ყაზბეგში, ხდის ხეობაში, რომელიც თერგს უერთდება, თერგი კი – კასპიის ზღვას.

ხდის ხეობა წარმტაცი, ვიწროდ ჩაჭრილი ადგილია ყაზბეგში, რომელიც საბჭოთა დროს ბუნების ხელუხლებელი ძეგლი იყო: იქ იკრძალებოდა ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა, ბუნებაში ჩარევა, ნადირობა და სხვა.

2013 წლის ბოლოს, ჰესის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის დროს, ბროლისწყალი შეუსწავლელი მდინარე იყო: ცნობილი არ იყო მისი ჰიდროლოგიური წლიური მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ხარჯების შესახებ.

ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ბროლისწყალზე ცნობილი არ იყო გარემოსდაცვითი ხარჯის შესახებაც, რომელიც სწორედ ზემოთხსენებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე გამოითვლება ხოლმე.

გარემოსდაცვითი ხარჯი არის წყლის ხარჯის ის რაოდენობა, რეჟიმი, ხარისხი და დონე, რომელიც აუცილებელია მტკნარი წყლის ეკოსისტემებისა და ამ ეკოსისტემებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროებისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

ბროლისწყლის შემთხვევაში, მდინარეში დასატოვებელი 10% კი [საბჭოთა სანიტარული ხარჯის სტანდარტი] არასწორად იყო გამოთვლილი. შედეგად მდინარის მნიშვნელოვანი სიგრძის მონაკვეთი მდინარე თერგთან შეერთებამდე უწყლოდ დარჩა.

საბოლოოდ, მდინარე ბროლისწყალზე ინვესტორს, შპს “ფერის,” 5 მეგავატი სიმძლავრის ჰესის აშენების ნებართვა მისცეს.

პროექტზე თავდაპირველად – 2013 წლის 20 მარტს – უარყოფითი ეკოლოგიური დასკვნა გაიცა.

“არაა შესწავლილი მდინარის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური გარემოს არსებული მდგომარეობა და მოსალოდნელი რისკები, ავარიულ სიტუაციებში მართვის გეგმა ჰესის მშენებლობისა თუ ექსპლუატაციის ეტაპებისთვის, დეტალურად არაა შესწავლილი დაგეგმილი ჰესის ზეგავლენის ზონაში არსებულ ფლორასა და ფაუნაზე,” – წერდა სამინიტრო უარყოფით ეკოლოგიურ დასკვნაში. მაშინ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იყო.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვაზე, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2013 წლის 11 სექტემბერს გაიმართა, ბიოლოგი კახა არცივაძე “ნაკრესიდან” აცხადებდა, რომ ბიომრავალფეროვნებაზე, კონკრეტულად კი მსხვილ ძუძუმწოვრებზე, ჩატარებული საველე კვლევები მხოლოდ სამ დღეს, ისიც ცუდი ამინდრის პირობებში, მიმდინარეობდა, რაც არასაკმარისი იყო მათი სრულფასოვანი მათი აღწერისთვის.

ირაკლი მაჭარაშვილი, მაშინ “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი, კითხვის ნიშნის ქვეშ სვამდა საკითხის იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე გაიზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე თავდაპირველი 2.5 მეგავატიდან 5 მეგავატამდე: მისი თქმით, კომპანიის დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის, ამ მოთხოვნის წერილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისადმი შესაბამისი კვლევა ან საფუძველი არ ახლდა. ამის მიუხედავად, ჰესის სიმძლავრის გაზრდის შესახებ მისი მოთხოვნა დაახლოებით 5 დღეში დაკმაყოფილდა.

“ზუსტად არ მახსოვს ქრონოლოგია — მე ხომ მივწერე — ჩემი პირდაპირი სურვილი იყო მაქსიმალური ვალდებულება ამეღო მინიმალურზე,” –  უპასუხა შპს “ფერის” დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა, ირაკლი მაჭარაშვილის ამ კითხვას საჯარო განხილვაზე, 2013 წლის 11 სექტემბერს.

2013 წლის 1 ნოემბერს, ყაზბეგი ჰესზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გაიცა. ამ დასკვნას ხელს მაშინდელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი, თამარ შარაშიძე აწერს. დადებითი ეკოლოგიური დასკვნა აღწერს მონაცემების ნაკლებობას და პირობებს, რაც წესით, კომპანიამ უნდა შეავსოს და გადაწყვეტილების გამცემს წლიურად უნდა წარუდგინოს.

ისევე, როგორც სხვა კომპანიებს, რომლებმაც საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მცირე თუ საშუალო ჰიდროელექტროდგური ააშენა, შპს “ფერისაც” გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ელექტროსისტემამ მისგან იყიდის ელექტროენერგიას ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით – 6.5 აშშ.ცენტად, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით – 5.აშშ.ცენტად] და სანქციას დაუქვემდებარებს იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია არ მიჰყიდის ელექტროენერგიას ესკო-ს [კომპანია ვალდებულია გადაუხადოს  ესკო-ს 0.01  აშშ დოლარი იმ ყოველ 1 კვტ/სთ. ენერგიაზე, რომელიც გამომუშავდა [ან ვერ  გამომუშავდა. კომპანიის ბრალეული ქმედების გამო] და არ იქნა მიყიდული ესკო-სთვის]

ჰიდროლოგიური პროექტების განმახორციელებელ კომპანიებთან ათწლიანი მემორანდუმების გაფორმების ხანა 2008 წელს, პროექტ „განახლებადი ენერგია 2008“-ით დაიწყო, 2013 წელს გადახალისდა  და 2015 წელს 15-წლიანი გახდა.

2023 წლის იანვარი-აპრილში “ყაზბეგი ჰესმა” საქართველოს ელექტროსისტემისთვის ყველაზე დეფიციტურ პერიოდში მცირე ოდენობის – 3 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავა [საქართველოს ნახევარი დღის სამყოფი ენერგია], მაშინ როდესაც საპროექტო გამომუშავების უდიდესი ნაწილი იმ თვეებზე მოდის, როცა ქვეყანაში ისედაც ჭარბად გამომუშავდება ენერგია.

მართალია, დადებითი ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტის თანახმად, “ყაზბეგი ჰესის” საპროექტო წლიური გამომუშავება 27.2 მილიონი კილოვატსაათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2022 წელს ფაქტიურმა გამომუშავებამ საპროექტოზე 1.6 მილიონი კვტ.სთ-ით ნაკლები შეადგინა –  25.6 მილიონი კილოვატსაათი.

სტატიები პირველად გამოქვეყნდა კაკტუსის ოფიციალურ სოციალური ქსელის გვერდზე.

მწვანე ალტერნატივას და „კაკტუსის“ კოლაბორაცია მცირე და საშუალო ზომის ჰესების ბუნებრივ გარემოზე უარყოფითო ზემოქმედების წარმოსაჩენად.