ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მიმართული სახალხო პროტესტი: საკვანძო საკითხები და პასუხგაუცემელი კითხვები

რიონის ხეობის გადარჩენისთვის, ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, იქცა საქართველოში უკანასკნელი წლების ყველაზე მასშტაბურ, ხანგრძლივ და სახალხო მოძრაობად. ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ხელისუფლების დაჟინებული უარი პასუხი გაეცა იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რომლებიც ადგილობრივებსა და საზოგადოებას პროექტის გარშემო ჰქონდათ. მოგვიანებით, პროტესტის ჩახშობის იმედით, მთავრობა ადგილობრივებს არაპროპორციული და ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა, რამაც სრულად გააქრო მათ მიმართ ნდობა, წინააღმდეგობას კი, ხელისუფლების მოლოდინების საპირისპიროდ, სიმტკიცე შემატა.

საზოგადოების კითხვები ეხებოდა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებას, პროექტის საჭიროების დასაბუთებას, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და წარმოქმნილ ვალდებულებებს, ტენდერის პროცესს და მის თავსებადობას ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ადგილობრივებთან ძალისმიერი დაპირისპირების გზა აირჩია და ძირი გამოუთხარა ყოველგვარი მოლაპარაკების შესაძლებლობასაც კი, ნდობადაკარგულმა მთავრობამ 2021 წლის აპრილს ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრს მიმართა[1]ევროკავშირის ენერგოგაერთიანება აერთიანებს ევროკავშირსა და მის … Continue reading და სთხოვა მედიაცია, რათა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შემდგარიყო დიალოგი.

2021 წლის ივნისში გამართულ პირველივე შეხვედრაზე მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებებს მიაღწიეს, როგორც დეესკალაციის მიმართულებით, ისე უშუალოდ პროექტთან მიმართებით, კერძოდ, გადაწყდა:

  1. სამინისტროებს [2]ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები ადგილზე შეესწავლათ პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვების პირობების შესრულება და ანგარიში წარმოედგინათ მედიაციის მონაწილეებისთვის;
  2. საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია მაღალი სანდოობის და რეპუტაციის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მიერ, რომლის ფორმირება მოხდებოდა მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და ენერგოგაერთიანების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ;
  3. თავად ენერგოგაერთიანების ექსპერტებს დამოუკიდებლად შეესწავლათ ნამახვანზე გაფორმებული ხელშეკრულების კომერციული პირობები და მათი თავსებადობა ენერგოგაერთიანების წესებთან.

ხაზგასასმელია, რომ მედიაციის პროცესში მიღებული შედეგები საბოლოოდ ვრცელდება ნამახვანი ჰესის აშენებით დაინტერესებულ ნებისმიერ კომპანიასა თუ თავად სახელმწიფოზეც. სწორედ ამიტომ, ვინც არ უნდა გადაწყვიტოს მომავალში ნამახვანის ჰესის პროექტის განხორციელება, მედიაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ნამახვანზე მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია და ხელშეკრულება ექვემდებარება უკვე შეთანხმებული სქემით საერთაშორისო რევიზიას.

თუმცა, უშუალოდ მედიაციის პროცესისა და მიღებული შედეგების განხილვამდე უმნიშვნელოვანესია, გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა  ნამახვანი ჰესის პროექტი და როგორ მწიფდებოდა მის წინააღმდეგ მიმართული   მასშტაბური პროტესტი.

მედიაციის პირევლი დღის შედეგები, ნატახტარი, 12 ივნისი 2021

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური: პროექტის ისტორია საბჭოეთიდან დღემდე

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1970-იან წლებში, დაიწყო. მისი დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები მუდმივად იცვლებოდა. პროექტი რამდენჯერმე თავიდან მომზადდა კიდეც. საბოლოოდ, 1985 წელს დამტკიცდა პროექტი, რომლის თანახმადაც დაიგეგმა 500 მეგავატის სიმძლავრის 161 მეტრის სიმაღლის თაღოვანი კაშხლის მშენებლობა.

90-იან წლებში, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ, ნამახვანის პროექტი დიდი ხნით შემოდო თაროზე. ლეჩხუმში, პროექტის მიმართ წინააღმდეგობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა რადგან ხუდონჰესისგან (702 მგვტ) განსხვავებით, პროექტი შესწავლის ეტაპს არასდროს გასცდენია და უშუალო სამშენებლო სამუშაოები ბოლო პერიოდამდე ნამახვანზე არც  დაწყებულა, პროტესტს დიდი განვითარება არ მოჰყოლია.

2009 წლის 8 დეკემბერს, მაშინდელი მთავრობის მიერ თურქულ-კორეულ კონსორციუმთან გაფორმებული მემორანდუმით [3]შედიოდნენ თურქული Nurol Energy Production and Marketing Inc. („ნუროლი“), კორეული Korea Electric Power Corporation („კეპკო“) … Continue reading, ნამახვანი ჰესის პროექტი „გაცოცხლდა“, თუმცა თურქულ-კორეულმა კონსორციუმმა მალევე დატოვა პროექტი და პროტესტსაც მასშტაბური ხასიათი არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პერიოდში საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური ჰესებით (ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი) აღშფოთებული ადგილობრივი მოსახლეობა და წინააღმდეგობის მოძრაობები „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად გამოიყენა საარჩევნო მხარდაჭერის მობილიზებისთვის, არწმუნებდა რა მათ, რომ მოსახლეობის აყრისა და გასახლების ხარჯზე ჰიდროენერგეტიკის განვითარებას არ დაუშვებდა [4]https://www.youtube.com/watch?v=1cOc23IA4kU. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

ხელისფლების შეცვლიდან სამი წლის თავზე, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, სახელმწიფო კომპანია „ნამახვანი ჰესების კასკადმა“ მოამზადა ნამახვანი ჰესის პროექტის სრულიად ახალი ვერსია. კომპანიამ სრულიად მოუმზადებელ პროექტზე ამავე წლის დეკემბერში მიიღო კიდეც დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დამტკიცებული პროექტით, შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები და დაიგეგმა 433 მეგავატის სიმძლავრის ორი — 99 და 59 მეტრის სიმაღლის — კაშხლის მშენებლობა. მოგვიანებით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები და ჰესის სიმძლავრე განისაზღვრა 424 მეგავატით. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამავე პერიოდში გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა კიდევ ერთ მოუმზადებელ პროექტზე სვანეთში – ნენსკრა ჰესზე რომელიც კიდევ ერთ წინააღმდეგობრივ პროექტს წარმოადგენდა.

როგორ გახდა ენკა ნამახვანჰესის განმახორციელებელი: ტენდერის უცნაური პროცესი

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანი ჰესის ასაშენებლად. 2016 წლის 2 თებერვალს პროექტის მიმართ ინტერესი მხოლოდ ნორვეგიულმა „ქლინ ენერჯი გრუფმა“ გამოხატა. ამის შემდეგ ფონდმა 25 სხვა კომპანიას გაუგზავნა სატენდერო დოკუმენტები, თუმცა გაუგებარია, გამოხატეს თუ არა სურვილი თავად ამ კომპანიებმა და რა პრინციპით შეარჩია ისინი ფონდმა დასაკავშირებლად. (ინფორმაცია ამ კომპანიებზე არაა საჯაროდ წარმოდგენილი). ფონდმა კომპანიებს სთხოვა, წარმოედგინათ ელექტროენერგიის სავარაუდო შესასყიდი ტარიფი, რომლის მიხედვითაც უნდა შერჩეულიყო გამარჯვებული.

ხუთი თვის შემდეგ, 2016 წლის 7 ივლისს, ნორვეგიულმა კომპანიამ პროექტის განხორციელების საბოლოო შეთავაზება ფონდში გადააგზავნა. მათი წინადადება ეფუძნებოდა თურქული კომპანია ენკას კალკულაციას (პირად საუბრებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებლმა განაცხადეს, რომ მათ სულ სამი შეთავაზება მიიღეს, თუმცა საჯარო დოკუმენტებით აღნიშნული არ დასტურდება). 2017 წლის 17 იანვარს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა სწორედ ნორვეგიული კომპანია დაასახელა გამარჯვებულად, თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე ნორვეგიული კომპანია თურქულმა „ენკამ“ ჩაანაცვლა. (კომპანიის 90% შეიძინა აღნიშნულმა თურქულმა კომპანიამ). „ენკამ“ პროექტის განხორციელება დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ თავად თურქული კომპანია ტენდერში არც მონაწილეობდა და არც ოფიციალური შეთავაზება გაუკეთებია.

თურქული „ენკას“ რუსული კავშირები

ყველაზე დიდი საინჟინრო და სამშენებლო კომპანია „ენკა“ 1957 წელს დაფუძნდა თურქეთში. ხაზგასასმელია, რომ განხორციელებული 148 პროექტიდან კომპანიას ჰიდროელექტროსადგური არასოდეს აუშენებია. საინტერესოა, რომ კომპანიის პორტფელის უდიდესი ნაწილი მოდის რუსეთში განხორციელებულ პროექტებზე (56 პროექტი), რაც სამჯერ აღემატება თურქეთში განხორციელებულ პროექტებსაც კი (17 პროექტი). რუსეთში განხორციელებულ პროექტებს შორისაა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის (დუმის) შენობისა და მთავრობის სახლის (თეთრი სახლის) რეკონსტრუქცია, ბორისოვისა და ჩაიკოვსკის სამხედრო საცხოვრებლების, შერემეტოვოს საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა/რეაბილიტაცია და ა.შ.

საინტერესოა, რომ ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებდა „რუსულ კვალზე“ და დღესაც აქტიურად სდებს ბრალს რიონის ხეობის გადარჩენისკენ მიმართულ მოძრაობას. ამასთან უცნობია, შეაფასა თუ არა მთავრობამ თავად თურქული კომპანიის რუსული კავშირები და მისგან მომდინარე საფრთხეები, როცა მასთან ხელშეკრულებას აფორმებდა.

უწყვეტი პროტესტი

2020 წლის ოქტომბერს რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი დაიწყო. ამ საპროტესტო მოძრაობას წინ უძღოდა წინა წლებში არაერთი საპროტესტო გამოსვლა სხვადასხვა დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ, მათ შორის, ხუდონის, მესტიაჭალისა და ნენსკრას ჰესების წინააღმდეგ სვანეთში, ხადორი 3 ჰესის – პანკისში, დარიალჰესის – გურიაში, ასევე აჭარაში დაგეგმილი ჰესებისა და თავად ონში მდინარე რიონზე დაგეგმილი ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, პროტესტში რიონის ხეობის მცველებიც მონაწილეობდნენ. თუმცა ამ გამოცდილებებისგან განსხვავებით, რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობა გასცდა ლეჩხუმის საზღვრებს და თანდათანობით მოიცვა და გააერთიანა სხვადასხვა რეგიონში გაფანტული არაერთი საპროტესტო ჯგუფი.

თავად ლეჩხუმში მასშტაბური წინააღმდეგობა იმით დაიწყო, რომ 2019 წელს ადგილობრივ მოსახლეობას შეეზღუდა ოფიციალურ საჯარო განხილვებზე დასწრების და კითხვების დასმის შესაძლებლობა. საჯაროდ, მათ დასმულ კითხვებსა და არგუმენტებს (უსაფრთხობის რისკები, პროექტის საჭიროების დასაბუთება, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება) ხელისუფლება მუდმივად უპასუხოდ ტოვებდა. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულში დაიწყო ყოველ კვირა დღეს საპროტესტო აქციების ორგანიზება სოფელ ჟონეთთან (პროექტის სამშენებლო ბანაკის სიახლოვეს).

ადგილობრივების პროტესტს ხელისუფლებამ „პასუხი“ 2020 წლის 14 ნოემბერს გასცა, როცა ჯაჭვით ჩაბმული აქციის მცირერიცხოვანი მონაწილეები პოლიციამ სასტიკად დაარბია. ამას აქციის მონაწილეთა რაოდენობის მყისიერი ზრდა მოჰყვა. ერთი კვირის თავზე, 22 ნოემბერს, გამართულ აქციაზე შეკრებილთა რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა.

პროტესტმა უწყვეტი ხასიათი მიიღო, რიონის ხეობის მცველებმა სოფელ ნამახვანში, ერთ-ერთი აქტივისტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო ტერიტორიაზე, კარვების გაშლა გადაწყვიტეს.

მთავრობის მხრიდან კითხვების უპასუხოდ დატოვების პოლიტიკის არჩევამ და პოლიციის ძალით მშვიდობიანი პროტესტის დასრულების მცდელობამ არათუ შეამცირა საპროტესტო მუხტი ხეობაში, არამედ გაზარდა იგი. წინააღმდეგობამ, ლეჩხუმთან ერთად, ჯერ სიდიდით მესამე ქალაქი ქუთაისი მოიცვა, ხოლო შემდეგ მთელი საქართველოც.

ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო პროტექტი ქუთაისში

ამავე პერიოდში, ცნობილი გახდა ინფორმაცია მთავრობის მიერ კომპანიისთვის მიწების გადაცემის შესახებ. მოგვიანებით, ნამახვანზე გაფორმებული კონფიდენციალური ხელშეკრულების კაბალური პირობების შესახებაც გავრცელდა ცნობები. შედეგად, 2021 წლის თებერვალში რიონის ხეობის დარაჯებმა რამდენჯერმე გამართეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისში. ისინი ნამახვანჰესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას და კომპანიის მიერ ხეობის დატოვებას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, როცა პრობლემურ საკითხებზე სამსჯელოდ ქუთაისში ჩამოსული ეკონომიკისა და გარემოსდაცვის მინისტრები შეხვედრიდან მოულოდნელად „გაიპარნენ,“ ცხადი გახდა, რომ ხელისუფლებას პროექტის დასაცავად არგუმენტები უბრალოდ არ ჰქონდა.

აღნიშნული მოგვიანებით აღიარა კიდეც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თანახმადაც „იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ., მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს“ [5]https://publika.ge/aseti-pirobebit-chven-ar-gavagrdzelebt-namakhvanhesis-proeqts-premieri/?fbclid=IwAR1HIQdZXSYxiJzyMhMs3ubKIdTIbhh1F48n-y9VE2ytOd9fwFhaA03Dw7M.

აშკარა გახდა, რომ ნდობა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აღარ არსებობდა. ამ პირობებში კი მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, კი ხელისუფლებამ 2021 წლის აპრილში დაარბია აქტივისტები და დაშალა მათი კარვები, სანაცვლოდ კი გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა და „ბლოკპოსტი“ მოაწყო. ამასთან აქციის მონაწილეებს ხეობაში გადაადგილებაც აუკრძალა. პროტესტის შეწყვეტის ნაცვლად, რიონის ხეობის დარაჯებმა წინააღმდეგობა  გუმათში, ჰესის მიმდებარედ, გადმოიტანეს. პარალელურად, აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იმატა და პროტესტს თანდათანობით თბილისიდან ჩასული სხვადასხვა თემებზე მომუშავე აქტივისტები შეუერთდნენ..

მართალია, ამ პერიოდში კომპანიას სამუშაოები არ შეუჩერებია, თუმცა სიტუაციამ უმართავი ხასიათი მიიღო და მრავალათასიანმა პროტესტმა თბილისშიც გადმოინაცვლა.

„ენკა“ კონტრაქტს წყვეტს: რატომ?

პროტესტის მონაწილე ყველა მხარე ენერგოგაერთიანების წარმომადგენლების შეთავაზებაზე ჩართულიყვნენ მედიაციის პროცესში უყოყმანოდ დათანხმდა. თანხმობის მთავარი მიზეზი სწორედ ენერგოგაერთიანების მონაწილეობა იყო, რომელიც მთავრობისადმი უნდობლობის ფონზე, კონსტრუქციული დიალოგისა და მოსახლეობის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის მოსმენის შესაძლებლობას აჩენდა.  

დაპირისპირებული მხარეების გარდა, მედიაციის პროცესში პირველივე დღიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთნენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.

ერთადერთი მხარე, რომელმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,  მედიაციის პროცესში ოფიციალურ მიწვევას ყური არ ათხოვა, ნამახვანი ჰესის განმახორციელებელი თურქული კომპანია „ენკა“ გახლდათ. მათ პირდაპირ განუცხადეს ენერგოგაერთიანებას, რომ მედიაციის პროცესში მონაწილეობას არ გეგმავდნენ არავითარ შემთხვევაში.

ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დასკვნა

შესაბამისად, მედიაციის პროცესი  „ენკას“ მონაწილეობის გარეშე წარიმართა, რაც უკვე მიანიშნებდა, რომ სწორედ თურქული კომპანია არ იყო დაინტერესებული კონფლიქტის დეესკალაციით და პროექტის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელებით. 

სამაგიეროდ, „ენკამ“ განაგრძო ე.წ. „მოსამზადებელი სამუშაოები“ და დაიწყო ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება „მშენებლობაში ხელის შეშლის ფაქტების“ აღსაწერად, რათა კონტრაქტის გაწყვეტისთვის ნიადაგი მოემზადებინა.

მას შემდეგ, რაც მედიაციის პროცესში ოფიციალურად დაიწყო საერთაშორისო ექსპერტების შერჩევის მიზნით, კომისიის შექმნა და შეთანხმებისამებრ დაკომპლექტება, თურქულმა კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. 2021 წლის 22 სექტემბერს „ენკა“ პროექტიდან გავიდა [6]https://www.kap.org.tr/en/Bildirim/964595. აღსანიშნავია, რომ გასვლის მიუხედავად კომპანიამ პროექტის საკონსერვაციო სამუშაოები არ ჩაატარა, რაც დღემდე უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების საფრთხეს არსებულ გზაზე გააქტიურებული ქვათაცვენის და წვიმის დროს გზის დატბორვის სახით.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელისუფლებას ნამახვანი ჰესზე ოფიციალურად უარი არ უთქვამს. პირიქით, ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ პროექტის „გასაცოცხლებლად“ და მის 2030 წლამდე დასასრულებლად [7]https://www.economy.ge/uploads/files/2017/energy/2023/skopingi/3_sakartvelos_energetikisa_da_klimatis_erovnuli_integrirebuli_gegma.pdf.  

References
1 ევროკავშირის ენერგოგაერთიანება აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობლებს ინტეგრირებული პანევროპული ენერგეტიკული ბაზრის შექმნისთვის. მისი მიზანია განავრცოს ევროკავშირის შიდა ბაზრის წესები და პრინციპები სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვრის ქვეყნებში. საქართველო
2 ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები
3 შედიოდნენ თურქული Nurol Energy Production and Marketing Inc. („ნუროლი“), კორეული Korea Electric Power Corporation („კეპკო“) და კორეული SK Engineering and Construction Co. Ltd („სკე&სი“
4 https://www.youtube.com/watch?v=1cOc23IA4kU
5 https://publika.ge/aseti-pirobebit-chven-ar-gavagrdzelebt-namakhvanhesis-proeqts-premieri/?fbclid=IwAR1HIQdZXSYxiJzyMhMs3ubKIdTIbhh1F48n-y9VE2ytOd9fwFhaA03Dw7M
6 https://www.kap.org.tr/en/Bildirim/964595
7 https://www.economy.ge/uploads/files/2017/energy/2023/skopingi/3_sakartvelos_energetikisa_da_klimatis_erovnuli_integrirebuli_gegma.pdf