შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება
-
მანანა ქოჩლაძე
ავტომობილების გამონაბოლქვისა და საწარმოების გაფრქვევების შემხედვარეს, ალბათ ხშირად გაგვჩენია იმის ილუზია, რომ ჩვენს საცხოვრებლებში ჰაერი უკეთესია. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ჰაერი, რომელსაც ოფისში თუ სახლში ვსუნთქავთ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.
შენობის შიდა ჰაერი ბინძურდება ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური დამაბინძურებლებით, მათ შორის, წვრილი შეწონილი ნაწილაკებით, აზბესტით, რადონით, აზოტის დიოქსიდით, გოგირდის დიოქსიდით, ნახშირჟანგით, ფორმალადეგიდით და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადებით.
შენობაში ჰაერის შესაძლო დამაბინძურებლებია: მტვერი, მყარი თუ თხევადი საწვავის (შეშის, ნაკელის, ნავთობის, დიზელის და სხვ.) მოხმარება, წყლისა და გაზის გამათბობლები, სახლის სარემონტო მასალები (მაგ. საღებავები), საყოფაცხოვრებო ქიმია და თამბაქოს პროდუქცია.
შიდა ჰაერის დაბინძურება მიიჩნევა ისეთი დაავადებების გამომწვევად, როგორებიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, თვალის დაავადებები (განსაკუთრებით, კატარაქტა), ახალშობილის დაბალი წონა და პერინატალური სიკვდილიანობა, ანემია და ა.შ. (World Bank, 2012).
ამასთან, ხშირად, სხვადასხვა კლიმატური ფაქტორების ზეგავლენით, შენობის შიგნით წარმოიქმნება ნესტი, რომელიც იწვევს მიკროორგანიზმების, ობისა და სხვა სოკოებისა და ბაქტერიების ზრდას, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადებები, ატოპიური მდგომარეობები და ალერგიები[1]Georgia Country Environmental Analysis, 2014, World Bank, https://bit.ly/3EBLmGz.
შეშა, როგორც საშიში საწვავი
ევროპული კვლევების თანახმად, ევროკავშირში ბავშვების ერთი მესამედი ცუდ საცხოვრებელ კლიმატში ცხოვრობს, სადაც პრობლემებია, როგორც შიდა ჰაერის დაბინძურების, აგრეთვე სინესტის, ობისა და ხმაურის თვალსაზრისით.
საქართველოში მსგავსი კვლევა არ არსებობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში გასათბობად თუ საჭმლის მოსამზადებლად დიდი ოდენობით მყარ ბიოსაწვავს – შეშას იყენებს. დღეისათვის, საქართველოს მოსახლების 99%-ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68%-ს – ბუნებრივ გაზზე.
მოსახლეობა გათბობის, ცხელი წყლისთვის და საჭმლის მოსამზადებლად ძირითადად ბუნებრივ აირს, შეშას და ელექტროენერგიას იყენებს ოჯახების მიერ მთლიან მოხმარებულ ენერგიაში ბუნებრივი გაზის წილი 51.8%-ს შეადგენს, შეშა – 29.9%-ს, ხოლო ელექტროენერგია – 16.4%. შეშის მოხმარების წილი მაღალია სოფლებში. მოსახლეობას თანამედროვე სუფთა ენერგიის წყაროებზე ხელი არ მიუწვდება. სისტემა (საკვამური) ხშირად არ არის გამართული, და ამასთან, შეშის დასაწვავად იყენებენ არაენერგოეფექტურ შეშის ღუმელებს, ნედლ, სველ შეშას, რომელიც არასრულად იწვის – რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას ზრდის.
შეშის არასრული წვისას გამოიყოფა ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა ნახშირჟანგი, აზოტის ოქსიდები, გოგირდის ოქსიდები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები და წვრილი შეწონილი ნაწილაკები. აგრეთვე, გამოიყოფა აირი ბენზო(ა)პირინი, რომელიც ფორმალალდეჰიდთან ერთად კარცენოგენად განიხილება. წვრილი შეწონილი ნაწილაკები იწვევენ სასუნთქი გზებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.
ზოგადმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც საჭმლის მოსამზადებლად და სახლის გასათბობად მყარ საწვავს (შეშას, ნაკელს) იყენებენ “ექცევიან შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ, რომელიც დაახლოებით 30-ჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდირებულ დონეს“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 3.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ავადობებით. ამასთან, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ – ვინაიდან კვამლის ზემოქმედება მათზე უფრო მაღალია, რადგან, ძირითადად, სწორედ ისინი ამზადებენ საჭმელს და ზოგადად, მეტ დროს ატარებენ სახლში.
ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, რომ საქართველოში შეშა ყველაზე სუფთა და უსაფრთხო საწვავად მიიჩნევა[2]https://bit.ly/32x6YH6. აგრეთვე, არ იზომება დამაბინძურებელ ბენზოაპირენის დონე. ფართოდ არ ვრცელდება ინფორმაცია შეშის წვის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, გათბობისა თუ საჭმლის მომზადების მიზნით, შეშის მოხმარება რომ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო იყოს, მნიშვნელოვანია:
- უზრუნველვყოთ გამართული სავენტილაციო სისტემის არსებობა – გამწოვი მილი ისე უნდა იყოს დაცული, რომ ქარმა გამონაბოლქვი შიგნით არ შემოიტანოს. მოვიხმაროთ გამომშრალი შეშა და ვისარგებლოთ ენერგეფექტური ღუმელით – ეს შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას;
- როგორც შეშის, ასევე, სხვა მყარი თუ თხევადი საწვავისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებისას, ოთახი ხშირად გავანიავოთ;
- ბავშვები გავარიდოთ დაბინძურების წყაროებს.
რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფო დონეზე
ხანგრძლივვადიანი ქმედებებიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შეშის უფრო სუფთა საწვავით ჩანაცვლებას და მოსახლეობისთვის მის ხელმისაწვდომობას (ფასი, ინფრასტრუქტურა და ა.შ). ასევე, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა პროგრამებით ინფორმაციის გავრცელებას შეშის წვის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეშის ენერგოეფექტური ღუმელების ხელმისაწვდომობას და დამონტაჟებას, ვენტილაციის სისტემების გამართვას კერძო და საჯარო შენობებში, ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქვეყანას „არ გააჩნია დასაბუთებული გეგმა, რომლის განხორციელება შეამცირებდა შეშაზე მოთხოვნას, ერთი მხრივ, მისი ეფექტიანი გამოყენებით, ხოლო მეორე მხრივ, ალტერნატიული საწვავით ჩანაცვლების წახალისებით“.
[+]
↑1 | Georgia Country Environmental Analysis, 2014, World Bank, https://bit.ly/3EBLmGz |
---|---|
↑2 | https://bit.ly/32x6YH6 |