მწვანე ალტერნატივა შპს „ბუკაპის“ მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და წარმადობის გაზრდაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს „ბუკაპი“
- მოსამართლე : თამარ მეშველიანი.
- საქმის ნომერი : №: 3/5205-18
დავის არსი :
2018 წლის 12 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-239, რომლითაც შპს „ბუკაპის“ ქ. ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და წარმადობის გაზრდის უფლება მიენიჭა. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
შპს „ბუკაპის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და წარმადობის გაზრდაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული წესით.
2018 წლის 15 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრითმიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 12 აპრილის ბრძანება #2-239 ბათილად ცნობა. ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, 2018 წლის 14 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
2019 წლის 25 იანვარს გამართულ სხდომაზე მოსამართლე თამარ მეშველიანმა გამოაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიღებიდან 14 თვის შემდეგაც მწვანე ალტერნატივას არ გადასცემია გადაწყვეტილების ტექსტი – არც სარეზოლუციო და არც დასაბუთებული.
გადაწყვეტილება :
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს „ბუკაპი“
- მოსამართლე : ირინა ზარქუა
- საქმის ნომერი : №: 3ბ/1497-20 / 330310118002591000
დავის არსი :
მწვანე ალტერნატივამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ორგანიზაციის სარჩელი. მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები ცალმხრივად და არასრულად დადგენა და ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება მისცა. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მწვანე ალტერნატივა ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.