მწვანე ალტერნატივა და გიგა ჩოხელი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : გიგა ჩოხელი, მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
- მესამე პირი : სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი
- მოსამართლე : ლეილა გოგიშვილი
- საქმის ნომერი : 3/2647-20 (330310020003584674)
დავის არსი :
ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საავტომობილო გზების დეპარატამენტმა არ წარადგინა კანონით დადგენილი ინფორმაცია, თუმცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა მშენებლობის ნებართვა და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა შეფასებულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი რისკი.
2019 წლის 26 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ და გიგა ჩოხელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრითმიმართეს და ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჩივრის ზეპირი მოსმენა ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ, საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორებისთვის არ აცნობა. ამიტომ 2020 წლის 13 აპრილს მწვანე ალტერნატივამ და გიგა ჩოხელმა სარჩელი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს:
- ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის #188-04 ბრძანების ბათილად ცნობა; და
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.