მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მესამე პირი : შპს „ენკა რინიუებლზი“
  • მოსამართლე : ნანა აფციაური
  • საქმის ნომერი : 3/2550-20

დავის არსი :

2019 წლის 1 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება „შპს ,,ენკა რინიუებლზის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მომზადებისათვის სავალდებულო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. თუმცა, როგორც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის ეტაპზე გაირკვა შპს ,,ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო პროექტის ადამინების ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეთხოვა ნებართვის მაძიებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ან უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება  და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.  ამასთანავე, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად იყო უგულებელყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

ყოველივე აღნიშნულის გამო, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, შპს „ენკა რინიუებლზის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილებებზე (ქვედა ნამახვანი) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-191  ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ენკა რინიუებლზი“.

მასალები :