განცხადება გადაშენების საფრთხის პირას მყოფ სახეობებზე ნადირობის დაშვებასთან დაკავშირებით

2011 წლის დეკემბრის ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, საქართველოს მთავრობამ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვების მიზნით რამდენიმე ნორმატიული აქტი გამოსცა.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მთავრობას არანაირი მექანიზმი არ აქვს შემუშავებული ნადირობისათვის ნებადართულ ტერიტორიებზე კონტროლის, მონიტორინგის, ბრაკონიერობასთან ბრძოლის, ცხოველთა დაცვისა და აღწარმოებისთვის; არ არსებობს არანაირი მონაცემი სანადირო ობიექტების სიაში შეტანილი სახეობების რიცხოვნობისა და პოპულაციების მდგომარეობის შესახებ.

ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგება საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას; მოკლე ხანში შესაძლებელია კრიტიკულ დონემდე შემცირდეს საქართველოში ნიამორის, ირმის, აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, არჩვის, დათვის პოპულაციები.

გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში დაცული ტერიტორიების სისტემისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს; დონორების მიერ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის დახარჯული არაერთი მილიონი დოლარი პრაქტიკულად წყალში ჩაიყრება. ამგვარი გადაწყვეტილებები შეუფერებელია ცივილური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის და ლახავს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ვინაიდან რადიკალურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებების ძირეულ პრინციპებს.

საქართველოს მთავრობამ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველთა სახეობებზე ნადირობის დაშვებაზე გადაწყვეტილება მიიღო ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. ეს გარემოება ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ის ემსახურება ხელისუფლებასთან დაახლოებული რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს. ვვარაუდობთ, რომ ეს ეჭვი მოკლე ხანში გამართლდება, როდესაც ცნობილი გახდება, თუ ვინ შეიძინა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დახოცვის უფლება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან. აღნიშნული იქნება ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის არსებობის კიდევ ერთი დოკუმენტური დადასტურება.