ითხვისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა კითხვებს და ეჭვებს აჩენს

ადგილობრივთა მოთხოვნით და მომხდარიდან სამი თვის შემდეგ, ითხვისში 2022 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს უწყებათაშორისი კომისია სწავლობს. კომისიის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტის და ადგილობრივი წარმომადგენლის არარსებობა დაზარალებულებს შორის უნდობლობას იწვევს. ეჭვებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ კომისიის მეთოდოლოგიის შესახებ ადგილობრივთათვის არაფერია ცნობილი და ისიც, რომ კომისიის მუშაობის დასრულებამდე დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზიანის შეუსაბამო და სამართლებრივად ბუნდოვანი კომპენსაცია შესთავაზეს. ადგილობრივი მოსახლეობა კომისიის საქმიანობის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს და ჩართულ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს ოქმების, გეგმების და ვადების გასაჯაროების გზით უზრუნველყოს კომისიის საქმიანობის გამჭირვალეობა.

2022 წლის 10 ივნისის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა „ითხვისში განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამომწვევი მიზეზების” დამდგენი უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც, მიზეზების დადგენასთან ერთად, სტიქიის არეალში მოხვედრილი ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების იდენტიფიცირება დაევალა, 15 წევრისგან შედგება. კომისიაში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, ჯანდაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. კომისიაში მოხვდა ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და დარგის რამდენიმე ექსპერტიც. განკარგულებით კომისიის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 თვით განისაზღვრა.

შემსწავლელ კომისიას მნიშვნელოვანი უფლებამოსილება მიენიჭა – მას შეუძლია გამოითხოვოს და შეისწავლოს „ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამონამუშევრების განლაგების გეგმები, ისევე როგორც ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები მუნიციპალიტეტისგან და სხვა სახელმწიფო უწყებებისგან. რადგან მომპოვებელი კომპანიის პასუხისმგებლობა მსგავს შემთხვევებში ძირითადი სადაო საკითხია და მის დადგენას ინფორმაციის გაუმჭირვალეობა ართულებს, კომისიის უფლებამოსილება ქმნის შესაძლებლობას მომხდარში „ჯორჯიან მანგანეზის” როლი ობიექტურად დადგინდეს და შეფასდეს.

თუმცა, ამ დრომდე კომისია საზოგადოებისთვის დახურულია, ხოლო მისი შემადგენლობაში არ შედის ადგილობრივი მოსახლეობის და/ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების არცერთი წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით კომისიას აქვს უფლებამოსილება „საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონის მდგომარეობის შესასწავლად და შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით დამატებით მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები და ორგანიზაციები,” კომისიას ამ უფლებით არ უსარგებლია.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია – და მისი საქმიანობის შესახებ ადგილობრივმა მოსახლოებამ არაფერი იცის – დაზარალებული ოჯახების ნაწილმა უკვე მიიღო შეთავაზება კომპენსაციის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ შეფასებაზე დაყრდნობით, ოჯახებს სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია შესთავაზეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ შეთავაზებული კომპენსაცია არ ასახავს მიყენებულ ზიანს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო ალტერნატიული საცხოვრისის მოძიებას.

ამასთან, ჯერაც ბუნდოვანია როგორ განისაზღვრება სტიქიის არეალი და რომელ ოჯახებს ცნობენ დაზარალებულად. ამ შეკითხვაზეც პასუხი უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა გასცეს.

მაშინ, როცა მომხდარის მიზეზების დამდგენ კომისიას ანგარიში ჯერ არ წარუდგენია, გაუგებარია როგორ განისაზღვრა სტიქიის არეალი, მასში მოხვედრილი ოჯახების ვინაობა და რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა მოსახლეობისთვის შეთავაზებული კომპენსაცია. ცხადია, მომხდარის სამართლებრივი შეფასება მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. მიზეზების შესწავლის გარეშე კომპენსაციის შეთავაზება კითხვებს და ეჭვებს აჩენს. Საგულისხმოა რომ, მაშინაც კი, როცა „ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურის სხვადასხვა სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას ზიანს ნაწილობრივ უნაზღაურებს, კომპანია საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს და კომპენსაციის გაცემას სოციალურ პასუხისმგებლობას უკავშირებს. ეს დამოკიდებულება შეუძლებელს ხდის მოპოვების სამართლებრივ მოწესრიგებას, მის ეფექტურ მონიტორინგს და ზიანის შეფასებისა და ანაზღაურების ერთიანი, სამართლიანი წესის დამკვიდრებას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის მუშაობის გამჭირვალობას. კომისიის საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციებისადმი ნდობის გაჩენისათვის მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს კვლევასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია განხილული დოკუმენტებისა და ადგილზე ჩატარებული შესწავლის მეთოდოლოგიისა და შედეგების ჩათვლით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • მწვანე ალტერნატივა.