ბიოსაწვავი: შედეგები და შესაძლებლობები

ბიო-საწვავი, სხვადასხვა სახის ბიო-მასიდან მიღებული ენერგია, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში. ბიო-საწვავს დღეს ნავთობზე მზარდ ფასებთან და კლიმატის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის, ასევე ენერგო-უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებადაც განიხილავენ. Bბიო-საწვავის სამრეწველო წარმოებას და გამოყენებას გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და მას უკვე მტკიცე მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ბიო-საწვავის წარმოების განვითარებით მილიონობით ადამიანისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება ე.წ. სუფთა ენერგია, მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში გაიზრდება შემოსავლები და შეიქმნება სამუშაო ადგილები. სხვათა აზრით კი, ბიო-საწვავის სამრეწველო წარმოება საფრთხის წინაშე დააყენებს ბიომრავალფეროვნებას და ხელს შეუწყობს გარემოს დეგრადაციას, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გააღარიბებს მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას.