ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო მითითებები ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების კონტექსტში მიწის, ტყისა და თევზის რესურსების საკუთრებისა და სარგებლობის საკითხების გონივრული მართვისთვის

  • მწვანე ალტერნატივა

ქართული თარგმანი

2012 წლის 11 მაისს, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების  კომიტეტის 38-ე სპეციალურ სესიაზე, მსოფლიოს 128 ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ნებაყოფლობით შესასრულებელი სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღებას, რომელიც მიწის, ტყისა და თევზის რესურსების საკუთრებისა და სარგებლობის საკითხების გონივრული სახელმწიფო რეგულირებისთვის სახელძღვანელო პრინციპებს აყალიბებს.

დოკუმენტი შემუშავდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, “გლობალურ სამხრეთში“ 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის შემდეგ გავრცელებული მოვლენის ე.წ. „მიწის დატაცების“ საპასუხოდ და ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, რესურსებსა და საკვებზე ხელმისაწვდომობის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა და გაერო-ს მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მისი მიღების შემდეგ, ის შემდგომი დამტკიცებისთვის და სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სამუშაო პროგრამებში ინტეგრირების თხოვნით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO-ს) მმართველ ორგანოებსა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას გადაეცა.

ადამიანების მიწაზე, ტყესა და თევზის რესურსებზე ხელმისაწვდომობა რეგულირდება საკუთრებისა და სარგებლობის სისტემებით. ეს სისტემები განსაზღვრავს, ვის და როგორ შეუძლია გამოიყენოს რესურსი, რა ვადით და რა პირობებით. საკუთრებისა და სარგებლობის სისტემები შესაძლოა ემყარებოდეს როგორც დაწერილ სამართალს – პოლიტიკასა და კანონებს, ისე დაუწერელ ტრადიციებსა და პრაქტიკას. მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის, ასევე, გარემოს დეგრადაციისა და კლიმატის ცვლილების შედეგად, მიწის, ტყისა და თევზის რესურსების შემცირების გამო, საკუთრებისა და სარგებლობის სისტემები მზარდ ზეწოლას განიცდიან. არაადეკვატური და დაუცველი საკუთრებისა და სარგებლობის უფლებები, ზრდის ადამიანთა მოწყვლადობას, სიღარიბესა და შიმშილს, ასევე, კონფლიქტების განვითარებისა და გარემოს დეგრადაციის რისკს.