საქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები

    ერთ-ერთი კორუმპირებული დარგი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო სატყეო სექტორი და ამ დარგის კორუმპირებულობა არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წარმოადგენდა ზოგად საფრთხეს, არამედ ყოველთვის კონკრეტულ საშიშროებას უქმნიდა გარემოს და მომავალი თაობების ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ კორუფციასთან მარტო დეკლარირებული ბრძოლა არანაირ შედეგს არ იძლევა. აღნიშნულს თითქოს დღევანდელი ხელისუფლებაც იზიარებს და აღიარებს, რომ ”მმართველობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სახელმწიფო სექტორში კორუფციის შემცირების გარეშე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მქონე, ძლიერი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება”. სამწუხაროდ, რეალობა ტრადიციულად განსხვავდება სხვადასხვა დოკუმენტებში ხატოვნად აღწერილი გეგმებისაგან და კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში გაიგივებულია მხოლოდ რეპრესიულ ზომებთან (მაგ. კორუმპირებული ჩინოვნიკების სამსახურიდან დათხოვნა და/ან პასუხისგებაში მიცემა) და სახელმწიფო უწყებების დაუსრულებელ სტრუქტურულ ცვლილებებთან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო “ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდასთან”.