არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჭიათურის მერს გადათხრილ სოფლებში უსაფრთხო გზების მოწყობის მოთხოვნით მიმართეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. განადგურებული და უკიდურესად დაზიანებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ეს საფრთხე გამოწვეულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მანგანუმის მოპოვებისა და გამდიდრებისათვის მიმდინარე  საქმიანობით.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2006 წლიდან კრიტიკულად არღვევს წიაღისეულის მოპოვებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და სამთო-მოპოვებით წესებს. 2013-2017 წლებში კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 მილიონ ლარად შეფასდა. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების საბაბით, 2017 წელს, სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა, რის შემდეგაც, დაკისრებული ჯარიმები, გაუმჭვირვალედ, თითქმის მთლიანად ჩამოაწერეს. საწარმოში სახელმწიფო სპეციალური მართვის რეჟიმი დღემდე გრძელდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინების თანახმად, 2025 წლის 9 მაისის ჩათვლით. ამ პერიოდში, კომპანიამ ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების ფართობი გააორმაგა, რამაც პირდაპირპროპორციულად გაზარდა ადგილობრივ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანი.

ლიცენზიის მიღებიდან 15 წლის შემდეგ, კომპანიის საქმიანობის შედეგად შეუქცევადი ზიანის წინაშე დგას არაერთი სოფელი – ხალიფაური, თაბაგრები, მღვიმევი, დარკვეთი, ითხვისი, რგანი და სხვა. ამ დასახლებებში ზოგიერთ უბანთან, სადაც უკიდურესად მძიმე პირობების მიუხედავად, ხალხი დღემდე ცხოვრობს, ავტომობილით მისასვლელი უსაფრთხო გზაც აღარ არსებობს. მანგანუმის ამოსაღებად ტერიტორიების მასობრივად გადათხრის შედეგად, სოფლების შიდა გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ ცუდი ამინდის შემდეგ ფეხით გადაადგილებაც კი სახიფათოა. დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში მიმდებარე ტერიტორიებზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიტოვებული უზარმაზარი თხრილები წყლით არის სავსე. ე.წ. კარიერების სიახლოვეს ხშირია მიწის ჩაქცევები. დღის ბნელ მონაკვეთში ტერიტორია არ არის განათებული. ზუსტად ასეთ შემთხვევას ემსხვერპლა 2020 წელს, სოფელ დარკვეთში, 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილი.

ადრე არსებული შიდა სასოფლო გზების უმეტესობა სანაყაროდ არის ქცეული, რაც ხელს უწყობს მეწყრული მოვლენების განვითარებას და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მცხოვრებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ შორის, ბავშვების, რომლებსაც ხალიფაურში დაახლოებით 3 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, რომ სავალდებულო სასკოლო განათლების მისაღებად სკოლაში იარონ.

ხელოვნურად მოწყობილი საფეხმავლო ბილიკები სამრეწველო ნარჩენებზე გადის, სადაც განსაკუთრებით მაღალი ტენიანობისას ხანგრძლივ უამინდობაში მძაფრი სუნი დგას.  სავარაუდოდ, ნიადაგის ქვედა ფენების ზემოთ მოხვედრის შემდეგ, მძიმე მეტალების სულფიდები თანდათანობით განიცდიან ჰიდროლიზს და გამოიყოფა გოგირდწყალბადი, რომელიც სუნს განაპირობებს.

ხალიფაურსა და თაბაგრებში არაერთ უბნამდე სამანქანო გზების ფაქტობრივად არქონის გამო, ფიზიკურად შეუძლებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო ბრიგადების გადაადგილება დანიშნულების ადგილებამდე. შესაბამისად, ამ უბნებში მუდმივად თუ სეზონურად მცხოვრებ, გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად მოკლე ვადით თუ ხანგრძლივად მყოფ ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ.

მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალიფაურსა და თაბაგრებში მცხოვრები თითოეული მოსახლე უზრუნველყოს სათანადო გზით, რომელიც შესაძლებელს გახდის მათ უსაფრთხო გადაადგილებას და არ იქნება გარემოს დაბინძურების დამატებითი წყარო.

 „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“
„მწვანე ალტერნატივა“
„მომავლის ჭიათურა“

მიმართვის სრული ვერსია