მიმართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებს

მოგმართავთ “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან” დაკავშირებული პრობლემის გამო. ეს პროექტი ითვალისწინებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას (დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე). პროექტს აფინანსებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW), საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებული საერთაშორისო დახმარების ფარგლებში.

პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადაცემის ხაზი გადის რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე (ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი, ქცია–ტაბაწყურისა და გარდაბნის აღკვეთილები). განსაკუთრებული პრობლემა არსებობს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მიმართებაში.

ენერგეტიკის სამინისტრო იმთავითვე ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, პროექტის რეალიზაციისას გამოეყენებინა გზშ ანგარიშში წარმოდგენილი სამი ალტერნატივიდან ის მარშრუტი, რომელიც მათი განმარტებით, ყველაზე იაფია, მაგრამ გამოიწვევს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ყველაზე მძიმე ზემოქმედებას. ეს მარშრუტი დაიგეგმა 1988 წელს და 11,2 კმ–ზე სიგრძის ტყით ინტენსიურად დაფარულ მონაკვეთში გადის ეროვნულ პარკზე. როგორც ჩანს, ეს ზეწოლა წარმატებით ხორციელდება, ვინაიდან მიუხედავად არაოფიციალურ საუბრებში გამოხატული უკმაყოფილებისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ გაბედა ოფიციალურად დაეფიქსირებინა, რომ პროექტის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება გარემოსდაცვით კანონმდებლობას და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ბიომრავალფეროვნებას. სამინისტროს მიერ აღნიშნული პროექტის გზშ ანგარიშზე მომზადებულ „შენიშვნებსა და წინადადებებში“ მინიშნებაც კი არ არის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე ან გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უფრო მისაღები ალტერნატივის შეთავაზებაზე. ამ დოკუმენტზე, რომელიც უფრო ელექტრო-მემონტაჟის ან სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (ე.წ. “პრარაბის”) დაწერილს მოგაგონებთ, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია (სამინისტროს 17.06.09 წერილი N 07–14/2161/56).

უფრო მეტიც: იმისათვის, რომ მომავალში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილების მიღებისას, არ გახდეს საჭირო კანონის აშკარა დარღვევაზე თვალის დახუჭვა, თქვენმა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი “საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. მისი მიხედვით, ე.წ. “განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას” ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დასაშვები ხდება ტყის ჭრა 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე; ასევე უქმდება 30–დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ტყის ჭრისათვის აქამდე არსებული შეზღუდვები, რომელთა თანახმადაც ტყის ჭრა შესაძლებელი იყო მხოლოდ წინასწარი სპეციალური გამოკვლევის შემდეგ; მხოლოდ საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით და სავალდებულო იყო ხე-ტყის დამზადების პარალელურად ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. კანონპროექტი სპეციალურად “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” გამო შეიქმნა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხების გამოყენებით კიდევ უფრო დააზიანოს რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული ეროვნული პარკი.

ორიოდე სიტყვით გვსურს შევეხოთ ენერგეტიკის სამინისტროს მტკიცებას, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არასახარბიელო ალტერნატივის სიიაფის შესახებ. პირად საუბარში ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები თქვენ გეუბნებიან, რომ პირველი ალტერნატივა 20, 30 ან 50 მილიონი აშშ დოლარით იაფია მეორეზე. სინამდვილეში, გზშ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფასთა შორის სხვაობა შეადგენს 9 მილიონ აშშ დოლარს. ამასთანავე, როგორც აღმოჩნდა, არ არის გათვალისწინებული ე.წ. იაფი მარშრუტის არჩევის შემთხვევაში ისეთი ღონისძიებების ღირებულება, როგორიცაა: 1) ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტყის პირწმინდად მოჭრის სამუშაოები; 2) მოჭრილი ხე–ტყის გამოზიდვა; 3) გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება; 4) დაცული ტერიტორიის საკომპენსაციო სამუშაოები; 5) ანძების მონტაჟისათვის ვერტმფრენების დაქირავების ღირებულება. ამ სამუშაოთა დაანგარიშების შემთხვევაში, ეს ალტერნატივა შესაძლოა სავსებითაც არ აღმოჩნდეს ყველაზე იაფი, ვინაიდან გარემოსდაცვითი კონსულტანტის მიერ რეკომენდირებულ ალტერნატივის შემთხვევაში, ელექტროგადაცემის ხაზი მხოლოდ 4,5 კმ–ზე კვეთს ეროვნულ პარკს, ისიც ტყით დაუფარავ ტერიტორიაზე. რაც შეეხება დიდი დაქანების ფერდობებზე ტყის ჭრაზე (მით უმეტეს პირწმინდა ჭრაზე) მოქმედი ტყის კოდექსით დაწესებულ შეზღუდვებს, ისინი განპირობებულია ტყის ნიადაგდამცავი და ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქციებიდან გამომდინარე. ამ შეზღუდვების მოხსნა, არა მხოლოდ ტყის ეკოსისტემისთვის გახდება სავალალო, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსაც შეუქმნის საფრთხეს.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გავხდით გარემოსდაცვითი თვალსაზრისით პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უპრინციპობისა და დაკისრებული მოვალეობისადმი ფორმალური დამოკიდებულების მოწმენი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ე.წ. “თვითცენზურის” გავლენით, სამსახურიდან დათხოვნის შიშით, სამინისტროს წარმომადგენლები ივიწყებთ თქვენი უპირველესი მოვალეობის შესრულებას და ერიდებით გარემოსდაცვითი პოზიციის დაფიქსირებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც “პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებისა” თუ “სამუშაო ადგილების შექმნის” მომიზეზებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაიცემა გარემოს მიმართ მეტად დესტრუქციული საქმიანობისათვის, ძალზე დაბალი ხარისხის გზშ–ს ანგარიშების საფუძველზე. სწორედ ჩინოვნიკების ამგვარი ქცევა განაპირობებს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დღემდე რჩება დაბალი ავტორიტეტის მქონე უწყებად. თუმცა, მთავარი ისაა, რომ სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ და უვნებელ გარემოში.

მისასალმებელია სამინისტროს მისწრაფება სხვადასხვა “პიარ–აქციებით” გავლენა იქონიოს საზოგადოების გარემოსადცვით ცნობიერებაზე; მაგრამ ასეთი ქმედებები გაუკუღმართებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც სამინისტროს თანამშრომლების (განურჩევლად თანამდებობისა) უმთავრესი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უპრინციპობის გადასაფარად გამოიყენება.

ფაქტია, რომ ასეთი სამინისტროს არსებობა–არარსებობა გავლენას არ ახდენს გარემოს მდგომარეობასა და ხარისხზე და მისი ფუნქცია სხვა სამინისტროების მიღებული გადაწყვეტილებების “გაპრავებით” ამოიწურება. თუ ასე გაგრძელდა, საბიუჯეტო სახსრების უმიზნოდ ხარჯვის თავიდან აცილების საბაბით, მალე დადგება ამ სამინისტროს საერთოდ გაუქმების საკითხი. გარკვეულად გვენიშნა საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი რომ “მთავრობა უნდა იყოს მაქსიმალურად პატარა”, როდესაც მან მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური ლიბერალიზაციის ინიციატივა წარადგენა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარემოს საზიანო გადაწყვეტილებები ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებია და უკლებლივ თითოეული თქვენთაგანი პასუხისმგებელია მათ მიღებაზე.

თქვენი ქმედებით ან უმოქმედობით ნუ მიიღებთ მონაწილეობას ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში!

გისურვებთ წარმატებებს გარემოს დაცვის საქმეში.