მწვანე ალტერნატივას მიმართვა ბანკებს და საჯარო უწყებებს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის სტეფანწმინდა -გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დარღვევებით მიმდინარეობის თაობაზე

მწვანე ალტერნატივამ მიმართა აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, გენერალურ აუდიტორს და სახალხო დამცველს და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მიმდინარეობისას უკვე დაშვებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა.

ა.წ. 13 ივნისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი [1]შესყიდვის ბმული მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+490 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობაზე. განაცხადში აღნიშნულია, რომ პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა საერთაშორისი მნიშვნელობისაა და წარმოადგენს საქართველო რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ გზას და არის E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ნაწილს. გზა იწყება მცხეთიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის E60 ავტომაგისტრალიდან და მთავრდება რუსეთის ფედერაციის საზღვართან…. წარმოდგენილია სტეფანწმინდა-გველეთის გზის მონაკვეთის ლოტი-1-ის საბოლოო ვერსია, სადაც მოცემულია შემდეგი დაზუსტებული მონაცემები როგორიცაა: დეტალური პროექტის საბოლოო ნახაზები, სამუშაოთა მოცულობის უწყისები, განმარტებით ბარათები, სპეციფიკაციები, საბოლოო სატენდერო დოკუმენტები, ხარჯთაღრიცხვები, განსახლების სამოქმედო გეგმა, საბოლოო გზშ-ე, საწყისი მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა (LARP)“[2]სტეფანწმინდა-გველეთი ლოტი-1 სიგრძით 4.5 კმ საპროექტო ანგარიშის საბოლოო … Continue reading.

პროექტს არ აქვს გავლილი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგის პროცედურაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროექტის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა; ისევე როგორც მშენებლობის ნებართვა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ გაიცეს. ამასთან როგორც სკოპინგის, ისე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, შესაბამისი შესწავლის საფუძველზე, პროექტი შესაძლოა ცვლილებებს საჭიროებდეს, ან სულაც არ იყოს განხორციელებადი გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გამო.

მიუხედავად ამისა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ შპს „ტრანსპროექტის“ მიერ მომზადებული მშენებლობის პროექტი და შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებული „ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვის გეგმა“ საკმარისი წინაპირობაა ტენდერის გამოსაცხადებლად.

სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, რომ პროექტს მოსაპოვებელი აქვს სკოპინგის დასკვნა, გარემოსდაცვითი გადაწყევტილება და მშენებლობის ნებართვა. მეტიც, სატენდერო დოკუმენტაცია მცდარ ინფორმაციას შეიცავს აღნიშნულთან დაკავშირებით:

  1. ტექნიკური დავალების [3]ტექნიკური დავალება – შესყიდვის ობიექტი: საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) … Continue reading თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (ეკოლოგიური ექსპერტიზა) განსაზღვრული პირობების შესრულება/შეთანხმება – თითქოს პროექტს უკვე აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
  2. ასევე, „ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვის გეგმის [4]„ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვის გეგმა“ , მომზადებულია: შპს გამა … Continue reading“ თანახმად, „სამუშაოს დაწყებამდე ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია ვალდებული იქნება მოამზადოს დეტალური საიტ სპეციფიური გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის გეგმა და შეათანხმოს მშენებლობის ზედამხედველ კონსულტანტთან, რომელსაც საბოლოოდ დაამტკიცებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“. გამა კონსალტინგიც არ უთითებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოპოვების საჭიროებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის აღწერისას.

პარალელურად, ა.წ 15 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდა შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებული პროექტის სკოპინგის ანგარიში. სწორედ სკოპინგის პროცედურა განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის (გზშ) მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. ამასთან, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს სააგენტოს სკოპინგის ანგარიში, რათა დროულად მოხდეს პროექტის ყველა შესაძლო ალტერნატივის იდენტიფიცირება, შესწავლა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ყველაზე მისაღების გამოვლენა.

გაუგებარია, რა შინაარსში და დატვირთვა აქვს ამ პროცესს, როდესაც მზად არის პროექტის საბოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მომზადებულია მაქსიმალურად დეტალური მშენებლობის პროექტი (გზის განათების პროექტისა და განხორცილების კალენდარის ჩათვლით) და გამოცხადებულია ტენდერი პროექტის განმახორციელებლის შესარჩევად. ნათელია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცდილობს პროცედურა ფორმალურად გაიროს და პროექტის განხორციელების უფლება საეჭვო ხარისხის დოკუმენტაციის საფუძველზე მოიპოვოს.

როგორც მოგეხსენებათ 2017-2018 წლებში აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მომზადდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთება. გზა დაიყო რამდენიმე მონაკვეთად, რომელთაგან მშენებლობა (არაერთი პრობლემის ფონზე) დაწყებულია მხოლოდ ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე. გზის ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სააგენტოში იმდენად უხარისხო დოკუმენტაცია წარადგინა, რომ პროცესი სკოპინგის ეტაპზე დაბრუნდა [5]განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე – მცხეთისა და … Continue reading და შესაბამისი დოკუმენტაცია ხელახლა არის მოსამზადებელი. მსგავსი პრობლემებია არშა-სტეფანწმინდას შემოვლითი გზის საპროექტო მონაკვეთზეც – გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვის პროცესი შეწყვეტილია კანონის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენამდე [6]განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე – საქართველოს … Continue reading. ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებიც სწორედ არასათანადო კვლევებსა და უხარისხო დოკუმენტაციაზე დაყრდომით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის ნებართვის დამსახურებაა.

ყველა ამ მონაკვეთზე გარემოსდაცვით შეფასებს კოდექსით გათვალიწინებული დოკუმენტაცია შპს გამა კონსალტინგის მიერ არის მომზადებული.

მეორეს მხრივ, თუკი გარემოს ეროვნული სააგენტო გამოიჩენს პრინციპულობას და არ დაემორჩილება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზეწოლას, გაუგებარია როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ტენდერში გამარჯვებულთან მიმართებაში და ვინ აანაზღაურებს დეტალური პროექტის და გზშ ანგარიშის წინსწრებით მომზადებაზე გაწეულ ხარჯებს.

ყველაზე საგანგაშო კი ამ სიტუაციაში არის ის, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეუმუშავა და ცდილობს განახორციელოს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროექტის ერთ-ერთ ყველაზე რთული მონაკვეთი გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის შესაძლო რისკების შესწავლისა და გათვალიწინების გარეშე.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს:

  1. არ იქნეს დაშვებული მსოფლიო ბანკის გამოყოფილი თანხის რუსეთთან დამაკავშირებელი გზისთვის ხარჯვა;
  2. გაუქმდეს გამოცხადებული ტენდერი;
  3. გარემოსდაცვითი კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გამოვლინდეს საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ზემოქმედებას: ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და მისი კომპონენტებზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, მიწაზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე და დაცულ ტერიტორიებზე; აგრეთვე, კულტურულ მემკვიდრეობაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.
  4. შესწავლილ იქნეს პროექტის განხორციელებისათვის დახარჯული თანხების მიზნობრიობა და ეფექტიანობა და ხარჯვის კანონიერება.

References
1 შესყიდვის ბმული
2 სტეფანწმინდა-გველეთი ლოტი-1 სიგრძით 4.5 კმ საპროექტო ანგარიშის საბოლოო ვერსია. ტომი 1. განმარტებითი ბარათი, უწყისები. ხელშეკრულება: ე.ტ. N 41-22 შპს ტრანსპროექტი, მარტი 2023 წელი
3 ტექნიკური დავალება – შესყიდვის ობიექტი: საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძით 4.5 კმ რეკონსტრუქცია/მშენებლობა
4 „ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვის გეგმა“ , მომზადებულია: შპს გამა კონსალტინგის მიერ, ივნისი 2023
5 განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე – მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
6 განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 118-126-ე კმ-ზე, არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის საპროექტო მონაკვეთის მშენებლობა და ექსპლუატაცია