მიმართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს ჭიათურაში გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის საქმის გამოძიების მოთხოვნის თაობაზე

2023 წლის 23 მაისს, „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „ჭიათურა – უბედურების ზონა“. ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება 2020 წელს, ჭიათურის სოფელ დარკვეთში 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის ფაქტს. გიორგი ღუღუნიშვილი სახლში ბრუნდებოდა, როცა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.

სოფელ დარკვეთში საცხოვრებელი სახლებისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია. მიწიდან მანგანუმის ამოღების შემდეგ ტერიტორიას წლების განმავლობაში გადათხრილს ტოვებენ, ან საერთოდ აღარ ასწორებენ. გზა გიორგის დაღუპვიდან 3 წლის შემდეგაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით – ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით, ოჯახის ახლობლებისა და წევრების განმარტებებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგანაც, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან ადგილი აქვს სამთო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას (საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ თხრილებთან არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნები, არ არის შემოსაზღვრული, განათებული და ა.შ).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან საყოველთაოდ ცნობილია, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, სისხლის სამართლის საქმე დღემდე არ არის აღძრული. გამოძიება არ დაიწყო მას შემდეგაც, რაც გიორგი ღუღუნიშვილის დაღუპვის შესახებ, 2023 წლის 23 მაისს, მედიის საშუალებით ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მასმედიაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა (არ მომხდარა მასალის ავტორის გამოკითხვა და ა.შ.), რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესებულები იყვნენ აღნიშნული დანაშაულის არგამოძიებით და მფარველობდნენ გარკვეულ პირებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 375-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს წარმოადგენს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განახორციელოთ სათანადო რეაგირება, აღძრათ საქმე და აწარმოოთ გამოძიება გიორგი ღუღუნიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, მასალის ავტორი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლობს და მოგაწოდოთ მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო დანაშაულის ჩადენას.

ნინო გუჯარაიძე
„მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი

გელა მთივლიშვილი
სამოქალაქო აქტივობების ცენტრის თავმჯდომარე