„მწვანე ალტერნატივა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
„მწვანე ალტერნატივამ“ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან კანონდარღვევების შესაჩერებლად.
საქმე ეხება ბოლო წელიწადნახევარში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქმიანობების შესახებ სამინისტროს მიერ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე მიღებულ ასობით გადაწყვეტილებას, რომლითაც სამინისტრო კანონის დარღვევით მოქალაქეებს უზღუდავს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.
კანონის მიხედვით, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ორი გზით: 1.ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან); 2. სასამართლოში.
ამის მიუხედავად, 2018 წლიდან დღემდე, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქმიანობების შესახებ (სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილები) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებები ითვალისწინებს გასაჩივრებისათვის მხოლოდ ერთ გზას – სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. რაც მოქალაქეებს ართმევს მათ კანონიერ უფლებას, ასევე ადმინისტრაციული წესით, უფრო ნაკლები პროცედურის გავლით გაასაჩივრონ დარღვევები.
„შედეგად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სირთულისა და მნიშვნელობის საკითხზე დავა ყველა დაინტერესებულ პირს (ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოქალაქეს, ორგანიზაციას თუ თავად ნებართვის მაძიებელ მეწარმეს) უწევს სასამართლოში – შესაბამისად უწევს სარჩელის მომზადებისა და საქმის წარმართვისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და დროში საკმაოდ გაწელილი სასამართლო პროცესის გავლა“, – აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილში.