მწვანე ალტერნატივას განცხადება მაღალმთიან რეგიონებში საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით

2018 წლის 25 აპრილს  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი განეკუთვნება ორჰუსის კონვენციით განსაზღრვულ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე გეგმებისა და პროგრამებს, რომლებზეც გადაწყვეტილების მისაღებად საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადრეულ ეტაპზე, როცა ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ნაცვლად იმისა, რომ განხორციელებულიყო სრული პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის შეფასება, მოხდა მისი ხელოვნური დანაწევრება; საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს ინსტიტუტი „იგჰ“-ს მეშვეობით, მოამზადა და საჯარო განხილვებისთვის წარმოადგინა მხოლოდ გზის ოთხი მონაკვეთის: კარკუჩა-ჯუთას, ჯუთა-როშკას, როშკა-ღელისვაკეს და ძიბახევი-ხადორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშები, რაც გამორიცხავს დაგეგმილი საქმიანობის რეალური ზემოქმედების შეფასებას. ამ ოთხი მონაკვეთიდან აღსანიშნავია ჯუთა-როშკას მონაკვეთი, რომელიც არის ახალი, სრულიად უსარგებლო საავტომობილო გზა, რომელიც პოტენციურად შეიცავს გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური ხასიათის გაუმართლებელ რისკებს. ძალზე საგანგაშოა აღნიშნული გზშ ანგარიშების   შესრულების ხარისხი და კეთილსინდისიერება. აშკარაა, რომ მათ მოსამზადებლად ჯეროვანი კვლევა არ ჩატარებულა და ოთხივე გზშ ანგარიში წარმოადგენს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შესრულებული გზშ ანგარიშების ნაზავს.  აღნიშნულიდან გამომდინარე მწვანე ალტერნატივა ითხოვს:

  • პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობასთან და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან; გაუკეთდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტს“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად.
  • გზის თითოეულ მონაკვეთზე მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები და მათზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად. 
  • საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი ოთხი გზშ ანგარიშის საგანგაშო ხარისხისა და სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩატარდეს სპეციალური გამოძიება, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების (დაახლოებით 5 მილიონი ლარი) არამიზნობრივ ხარჯვას.

მწვანე ალტერნატივას კომენტარები და შენიშვნები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ „(შ-147) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის გაგრძელების, ჯუთა-როშკას სიგრძით კმ 3+900 მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე