მწვანე ალტერნატივას პოზიცია ყაზბეგში მდ. ბროლისწყალზე დაგეგმილი ჰესის შესახებ
დღეს, 30 ოქტომბერს, მწვანე ალტერნატივამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალზე) დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე. პროექტს ახორციელებს კომპანია „ყაზბეგი ჰესი“. გზშ ანგარიში სამინისტროში წარდგენილია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. დღესვე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვაში.
მწვანე ალტერნატივამ ასევე შეისწავლა, თუ როგორ მიიღეს სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურებმა ჯერ კიდევ 2012 წელს გადაწყვეტილება მდინარე ბროლისწყალზე ახალი ჰესის აშენების შესახებ, რა პირობები დაუწესდა კომპანია „ყაზბეგი ჰესს“, როგორ ასრულებს ის დაკისრებულ ვალდებულებებს და როგორ რეაგირებენ შესაბამისი ორგანოები.