ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს

„მწვანე ალტერნატივას“ მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები უკანონოა.

კერძოდ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის 2020 წლის ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებით დადგინდა „ენკა რინიუებლზმა“ ისე დაიწყო ჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომ არ ჰქონდა შესრულებული სამინისტროს მიერ 2020 წლის თებერვალში გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების არაერთი პირობა. ამ ეტაპზე შპს „ენკა რინიუებლზის” მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოშია გაგზავნილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შემოწმება 2020 წლის ოქტომბერში „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

ქრონოლოგია და რა არ არის შესრულებული:

  • 5 თვის წინ, 2020 წლის 5 ოქტომბერს, „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრს და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლა მოითხოვა. 

„მწვანე ალტერნატივა“ გამოთქვამდა ეჭვს, რომ კომპანიას დაწყებული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების უფლება არ ჰქონდა პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი რიგი პირობების შესრულებამდე.

„მწვანე ალტერნატივა“ ვარაუდობდა, რომ უკანონო იყო ასევე სამუშაოები რომელიც ნამოხვანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ვინაიდან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ამ საქმიანობაზე გაცემული არ იყო.

  • საჩივარზე პასუხად, სამინისტრომ „მწვანე ალტერნატივას“ ერთი თვის შემდეგ შეატყობინა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას ამოწმებდა და შედეგებს მოგვიანებით აცნობებდა. თუმცა შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება „მწვანე ალტერნატივამ“ მხოლოდ 2021 წლის 20 თებერვალს შესძლო – მას შემდეგ მეორედ მოითხოვა ინფორმაცია და გამოთქვა ეჭვი, რომ ინფორმაცია მიზანმიმართულად არ  გადაეცემოდა და სამინისტრო ერთის მხრივ, ცდილობდა დაეფარა ის ფაქტი, რომ კომპანიას არ აქვს შესრულებული მშენებლობის დაწყებამდე სავალდებულო პირობები; და მეორეს მხრივ, დაეფარა თავისი უმოქმედობა კანონის დარღვევის აღსაკვეთად. 

  • აღმოჩნდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებლზს” არ ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შემდეგი პირობები:
  • ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებულია საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს მდ. რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის განთავსებაზე დამტკიცებული 2015 წლის 25 დეკემბრის ეკოლოგიური ექსპერტიზის N73 დასკვნისა და პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილებებზე 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც არ არის შესრულებული. კერძოდ, არ არის შესრულებული N73 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის III თავის მე-3, მე-4, მე -5, მე-9, მე-11, მე-13, მე-14, მე-16,მე-19-ედა 23-ე პირობებით დადგენილი ვალდებულებები;
  • ბრძანების მე-6 პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე სამინისტროში წარედგინა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული მშენებლობის სატრანსპორტო სქემა ქ. ქუთაისის შემოვლით, რაც არ არის შესრულებული;
  • ბრძანების მე-7 პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე წარმედგინა სიღრმული წყალსაგდებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები, რაც არ არის შესრულებული;
  • ბრძანების 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ენკა რინიუებლზი” ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე მონაცემების შედარების უზრუნველსაყოფად და სათანადო შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების გატარების მიზნით, გზშ ანგარიშით გათვალისწინებული ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე განეხორციელებინა მონიტორინგი, ასევე შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებები შეეთანხმებინა სამინისტროსთან, რაც არ იქნა შესრულებული;
  • ბრძანების 25-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის დაწყებამდე ვალდებული იყო სამინისტროში შესათანხმებლად წარედგინა ფუჭი ქანების სანაყაროს პროექტები, რაც არ არის შესრულებული;
  • ბრძანების 26-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის დაწყებამდე ვალდებული იყო სამინისტროში შესათანხმებლად წარედგინა სამშენებლო მოედნების/ბანაკების პროექტები, რაც არ არის შესრულებული.
  • 2021 წლის 18 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შპს „ენკა რინიუებლზის” მიმართ, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №062417 ოქმი, რომელიც შემოწმების მასალებთან ერთად განსახილველად გაიგზავნა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში.

საგულისხმოა, რომ დღეს როდესაც სამინისტრომ დანამდვილებით იცის, რომ შპს „ენკა რინიუებლზის” მიმდინარე სამუშაოები უკანონოა, კომპანია ყოველგვაირი შეზღუდვების გარეშე აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს.

დეტალური ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ იხილეთ ბმულზე.