პეტიცია გაწყდეს რუსულ კომპანიასთან თბილისის მეტროს ვაგონების შესაძენად გაფორმებული კონტრაქტი
თბილისის მერია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, კრემლთან დაკავშირებული რუსული კომპანია “მეტროვაგონმაშისგან” მეტროს ვაგონების შესყიდვას აპირებს.
დედაქალაქის მერიასა და ბანკს მივმართავთ გაწყდეს რუსულ კომპანიასთან არსებული კონტრაქტი, ხოლო ვაგონების შესაძენად ახალ მიმწოდებელთან დაიდოს ხელშეკრულება.
ჩვენს შეშფოთებას იწვევს “მეტროვაგონმაშის” კავშირები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ინდუსტრიასთან. როგორც ცნობილია, “მეტროვაგონმაში” უფრო დიდი კომპანიის “ტრანსმაშჰოლდინგის” ნაწილია, რომლის მეწილეებიც კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი არიან. 2017 წლამდე, მახმუდოვი და ბოკარევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილე ალექსეი კრივორუჩკოსთან ერთად, ფლობდნენ წილებს “კალაშნიკოვის კონცერნში,” რომელიც რუსული იარაღების დაახლოებით 95 პროცენტს აწარმოებს. ამასთან, ცნობილია, რომ “ტრანსმაშჰოლდინგის” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია რუსული სამხედრო ხომალდებისთვის ძრავების წარმოებითაა დაკავებული. ამაზე საუბარია შვილობილი კომპანიის 2018 და 2019 წლების წლიურ ანგარიშებში.
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება პირველ რიგში სწორი გეგმარებით და პრიორიტეტების განსაზღვრით უნდა მოხდეს. ვაგონების შეძენა იმ კომპანიისგან, რომლის მეწილეებიც რუსეთის ხელისუფლებას შესაძლოა უკრაინაში ომის წარმართვასა და ომის დანაშაულის ჩადენაში უწყობდნენ ხელს, ვერ მოაგვარებს მეტროს სისტემაში არსებულ გამოწვევებს, შებღალავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და სარგებელს მხოლოდ რუსულ კომპანიას მოუტანს.
Ჩვენ, დედაქალაქის მაცხოვრებლები, რუსულ ვაგონებს ვერ დავუკავშირებთ კომფორტს. მეტროპოლიტენის სისტემაში მათი მიღების შემთხვევაში ისინი მხოლოდ აგრესორ, ოკუპანტ სახელმწიფოს შეგვახსენებს, რომელმაც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოსახლე და ასეულობით ბავშვი იმსხვერპლა.
დაუშვებლად მიგვაჩნია კრემლის მხარდამჭერებისთვის 49 მილიონი ევროს გადაცემა — იმ თანხის, რომელსაც სესხის სახით ვიღებთ და რომლის გადახდა წლების განმავლობაში მოგვიწევს.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გაწყვიტონ რუსულ კომპანიასთან არსებული ხელშეკრულება!
შემოუერთდი ჩვენს მიმართვას აქ: