რა სარგებელს მოიტანს „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულება საქართველოს ბუნებისთვის

წინადებარე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის მიზანია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ბუნების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დამოუკიდებელი შეფასება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და მათი ადვოკატირება. კვლევა აჩვენებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და „ტყის კოდექსი“ პროექტების დამტკიცება და შემდგომში მათი აღსრულება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონპროექტები კვლავაც დახვეწას მოითხოვს, შესამუშაველია კანონ- ქვემდებარე რეგულაციებიც. საჭიროა ქვეყნის განვითარების სტატეგიაში, ადრეულ ეტაპებზევე მოხდეს აღნიშნულ კანონპროექტებში განსაზღვრული, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხების ინტეგრაცია. სწორი სივრცული დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვის პირობებში, სავსებით რეალისტურია, რომ 2020 წლისათვის ქვეყნის ტერიტორიის არანაკლებ 12% დაფარული იქნეს მაღალი სტატუსის დაცული ტერიტორიებით (ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები). ხოლო დაცვის შედარებით რბილი რეჟიმის გამოყენებით („ზურმუხტის ქსელი“, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები, ბიოსფერული რეზერვატები) განხორციელებულ კონსერვაციული პროექტებთან ერთად, დაცულმა ტერიტორიებმა შესაძლოა საქართველოს სახმელეთო ფართობის 17%-ს მიაღწიონ.