საერთაშორისო კამპანია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დასაცავად
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network) ჩაება მწვანე ალტერნატივას და კოალიცია “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის”ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიაში. კამპანია მიზნად ისახავს, რომ “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან” პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი.
“შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი” ითვალისწინებს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას დასავლეთ საქართველოდან, აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე. პროექტის დაფინანსების წყაროდ მოიაზრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) კრედიტი (დაახლოებით 250 მლნ ევრო), რომელიც არის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების დასაძლევად გამოყოფილი 4,55 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ნაწილი. ომის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაზიანდა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს პროექტის განხორციელებისას გამოიყენოს მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 კილონეტრიანი ტყის ზოლის პირწმინდად გაჩეხვას. ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ელექტროგადაცემის ხაზმა ეროვნული პარკი გადაკვეთოს 4,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე, ისე, რომ არ გამოიწვიოს ტყის ჩეხვა და გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში. ას წელზე მეტია, აქ სხვადასხვა ფორმით უწყვეტად ხორციელდება დაცვის რეჟიმი. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული პარკია რეგიონში, რომელიც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში. პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა.
კამპანიის შესახებ იხილეთ: http://www.bankwatch.org/involved/index2.shtml?x=2201993