საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს მწვანე ალტერნატივას მოთხოვნას

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, მწვანე ალტერნატივას განცხადების საფუძველზე, შეისწავლა 2007 წლის 1 მაისს ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის კანონიერების საკითხი და რეკომენდაციით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც დაკანონდა ამ აუქციონის შედეგები.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2007 წლის 1 მაისს აუქციონზე, რომლის პარალელურად გარემოსდაცველთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, გაიყიდა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები, რომლებიც 20 წლის ვადით გადაეცათ ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში.

აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. სხვა მოთხოვნებთან ერთად, დაირღვა კანონმდებლობის ის პუნქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა უფლებას მიიღონ მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებსაც უშუალო ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ საცხოვრებელ გარემოზე. ამასთანავე, სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას (მითუმეტეს, რომ ტყის მოჭრის მიზნით ლიცენზია გაიცა განსაკუთრებით მაღალი კონსერვაციული (გარემოსდაცვითი) ღირებულებებისა და ეკოლოგიურად სენსიტიურ ტყეებში) და უგულვებელყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს. 

2007 წლის 7 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ ზემოაღნიშნული ლიცენზიების გაცემის კანონიერების საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველმა შეისწავლა საკითხი და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა წერილობითი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ირაკლი ღვალაძეს. 

სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველის დასკვნაში აღნიშნულია, რომ “2008 წლის 3 აპრილის ევროკომისიის პირველ ანგარიშში (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის ანგარიშში) ცალსახად არის დაფიქსირებული ის გარემოება, რომ საქართველოში შეზღუდულია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა”. 

დამატებით აღვნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიაში განიხილება მწვანე ალტერნატივას სარჩელი 2007 წლის 1 მაისის აუქციონის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით (შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით). სარჩელი 2007 წლის 12 სექტემბერს იქნა შეტანილი, არსებითი განხილვა ჯერჯერობით არ გამართულა. სასამარლოში მწვანე ალტერნატივას ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მწვანე ალტერნატივა გააგრძელებს სასამართლო დავას აღნიშნული საკითხის სამართლიანად გადაწყვეტამდე. 

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის დასკვნის ტექსტი

ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ანგარიში: საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შეზღუდულია