საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მწვანე ალტერნატივასა და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა

დღეს, 2013 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და ქალბატონ ირინა ღამბაშიძის  ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა.

2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

გასაჩივრებული აქტით, კომპანია RMG Gold-ის განცხადებისა და ამ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამავე აქტით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ასევე, ბრძანების თანახმად, კომპანია RMG-სა და სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანება გამოცემულია როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტის მოთხოვნების უხეში დარღვევით.

საჩივრის თაობაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.