სატყეო სექტორის მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივა

სატყეო სექტორის მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივა – არასამთავრობო ორგანიზაციათა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ხედვა და ხელისუფლების გეგმები 

გასული წლის 23 დეკემბერს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა – “საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესები და დამოუკიდებელი მონიტორინგი.” 

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა სამცხე-ჯავახეთში, კოლხეთის დაბლობსა და რაჭაში, კანონის აღსრულებისა და მმართველობის ეფექტურობის შეფასების და აგრეთვე, უკანონო ქმედებებისა და კორუფციის მექანიზმების დადგენის მიზნით, აწარმოებს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესების დამოუკიდებელ მონიტორინგს. შეხვედრაზე სწორედ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების ამსახველი ზოგადი სურათი იყო წარმოდგენილი. ასევე, შეხვედრაზე წარიმართა მსჯელობა საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობაზე; ბოლო დროს განხორცილებულ საკანონდებლო ცვლელებებზე; უკანონო ქმედებებსა და ტენდენციებზე; კანონების ცხოვრებაში გატარების პრობლემებზე; კანონაღსრულების მექანიზმების ეფექტურეობაზე; მმართველობის ნაკლოვანებებსა და რეფორმის საჭიროებზე. 

ყურადღება გამახვილდა უკანონობის რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენციაზე. აღინიშნა, რომ რიგ შემთხვევებში სახელმწიფო ინსტიტუციები ექცევიან ხის მასალის მწარმოებელი კომპანიების გავლენის ქვეშ, ხდება ძალაუფლების გამოიყენება პირადი და არა საზოგადოებრივი ინტერესებისათვის სამხურისთვის. ამის ნათელი მაგალითია, თუ როგორ მიანიჭეს ლიცენზია წაბლის მერქნის მოპოვებაზე (ე.წ. წაბლის კიბოს შემთხვევა იმერეთის რეგიონში) გავლენიან კომპანიას კანონის გვერდის ავლით, “წითელი წიგნის” კომისიის, უცხოელი ექსპერტების დასკვნისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრის უგულებელყოფით. ეს უკანონობა დაიწყო მთავრობის განკარგულებითა და მითითებით, გაგრძელდა მინისტრის ბრძანებით და დასრულდა დეპარტამენტის დონეზე ჭრის სანებართვო დოკუმენტაციის გაცემით. კანონის მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტი შეხვედრაზე დაადასტურდა სამინისტროსა და “წითელი წიგნის” კომისიის წევრების მიერ. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი გამოძიების შედეგების საფუძველზე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების არაეფექტური საქმიანობა და მათ შორის კოორდიაციის არ არსებობა. მაგალითად, სახელმწიფო უწყებების მიერ მოწოდებული ინფომაციის თანახმად, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში აღრიცხული კანონიერი და უკანონო ჭრებით მოპოვებულია მხოლოდ ის რაოდენობა საშეშე მერქნისა, რამდენიც საკმარისია დაახლოებით 170 ოჯახისათვის, რაც მიუთითებს ოფიციალური მონაცემების უზუსტობაზე და დარღვევებზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მოხსენებებით წარსდგნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ს. ახობაძის მიერ წარმოდგენილი იყო სატყეო სექტორის მართვის რეფორმის კონცეფცია, რომლის დოკუმენტის სახით არსებობის შესახებ მხოლოდ შეხვედრზე გახდა ცნობილი[1] და რომელიც თვისობრივად განსხვავდება ადრე არსებულებისგან. თუ წინა კონცეფციები გულისხმობდა ტყეების ნაწილის იჯარით გაცემას, ხოლო ნაწილს განკარგავდა სახელმწიფო სააქციო საზოგადოება, ახლის მიხედვით იგეგმება მთლიანი სახელმწიფო ტყის ფონდის საკუთრებაში, ან გრძელვადიანი იჯარით სარგებლობაში გადაცემა. 

მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ სატყეო რეფორმის განხორცილების შედეგად სატყეო მეურნეობა უნდა გახდეს მომგებიანი თეთრი ბიზნესი, მაგრამ ამავდროულად სატყეო მეურნეობა უნდა პასუხობდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; ხოლო რეფორმის შემუშავებისა და განხორცილების პროცესი გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. 

შეხვედრაზე წარმართული დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა რამოდენიმე ძირითადი მიზეზი სექტორში არსებული სავალალო მდგომარეობისა: 

საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობა არადამოუკიდბელია. მსოფლიო ბანკის “ტყის განვითარების პროექტის” ქმედებები არაეფექტურია, რაც ძირითადად გამოწვეულია ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის არარსებობით. 2006 წლისათვის პროექტით დაგეგმილი ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს რეფორმის კურსთან – მაგ. მსოფლიო ბანკის თანხით იგეგმება სატყეო მეურნეობების თანამშრომლების აღჭურვა, ტანსაცმლის შეძენა და ოფისების გარემონტება, ხოლო რეფორმის შედეგად კი მათი თანამდებობების გაუქმება. მთელი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა “საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის პროგრამის” ფარგლებში. 

არსებული კანონმდებლობა შეიცავს ხარვეზებს, ძველი და ახალი კანონები ხშირად შეუთავსებელია, კანონების ცხოვრბაში გატარება პრობლმატური. სამართლებრივი რეფორმის ამ ეტაპზე კანონმდებლობა კორუფციული გახდა გამჭვირვალობის შემცირებისა და კანონთა შორის კოლიზიის გამო. 

კანონაღსრულების მექანიზმი არაეფექტური. გარემოს დაცვის ინსპექცია ვერ ასრულებს დანაშაულის პრევენციას, რადგანაც კანონმდებლობაში არ არის შეტანილი შესაბამისი ცვლილებები. მას მედიით მოწოდებული ინფორმაცია დალუქული სახერხებისა და ტყეში უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ ხშირად გაზვიადებულია და “პიარ კამპანიას” უფრო წარმოადგენს, ვიდრე რეალურად დანაშაულის აღკვეთას. ცუდად განხორციელებული “პიარი” კი უარესად მოქმედებს ახლადჩამოყალიბებული ინსპექციის იმიჯზე – როდესაც რიგით მოქალაქეს ტელევიზიიდან ესმის, რომ დაილუქა რამდენიმე სახერხი, ხოლო ყველასათვის გამოსაჩენ ადგილას კვლავ აგრძელებს დარღვევით მუშაობას, იბადება ეჭვი, რაიმე დაინტერესების გამო ხომ არ აქვს ადგილი შერჩევით სამართალს?! 

მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ დამსჯელი ღონისძიებები მაღალ დონეზეც რომ ხორციელდებოდეს, სატყეო სექტორში არსებული უკანონობის აღმოფხვრისათვის მაინც არასაკმარისი იქნება, თუ არ გატარდა ქმედითი სისტემური რეფორმა. არასწორი რეფორმის შედეგად სავალალო შედეგების მიღების რისკი მაღალია, ხოლო რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფის პოლიტიკური ნება ჯერჯერობით დაბალია. 

ხელისუფლების წარმომადგენლები დაეთანხმნენ გამოთქმულ კრიტიკას, აღნიშნეს რა მათი სამართლიანობა და და გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობის საწინდარი იქნება. მინისტრის მოადგილის დაპირების თანახმად, რეფორმის კონცეფცია უახლოეს მომავალში ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახდება. 

დამატებითი ინფორმაციისა და შეხვედრის მასალებისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მწვანე ალტერნატივას ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორს, ირაკლი მაჭარაშვილს. 

საკონტანტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: ყიფშიძის ქ. 5ა, IV სადარბაზო, VII სართული 
ელ.ფოსტა:  
ტელეფონი: 22 38 74; 22 16 04 
ფაქსი: 22 38 74