მდგრადი ურბანული მობილობის პოლიტიკა საქართველოში
-
გიორგი კანკია
-
თათა ვერულაშვილი
ურბანული მობილობის პოლიტიკის წარმოება საქართველოში, ძირითადად, დროებითი, მოკლევადიანი და ფრაგმენტული ჩარევებით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი გადასვლის გარკვეული მახასიათებლები ამ პროცესში იკვეთება, მის მდგრად და სამართლიან განვითარებაზე საუბარი, დღესდღეობით, ნაადრევია.
არსებული ინსტიტუციური მოწყობა, არ იძლევა მობილობის პოლიტიკის პროაქტიულად, ერთიანი და ინტეგრირებული ფორმით განხორციელების შესაძლებლობას, არც ადგილობრივ და არც ეროვნულ დონეზე.
ცენტრალური ხელისუფლება მობილობის სფეროს ეკონომიკური რაციონალიზმის პრიზმიდან უყურებს. მობილობის სექტორზე ძირითადი ყურადღება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხითაა მიმართული და პრიორიტეტულად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას მიიჩნევს -მეტწილად, ტვირთბრუნვის სექტორში.
მგზავრების გადაყვანის მიმართულებით, ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ჩარჩო, არაადეკვატური ინსტიტუციური მოწყობა და ხელისუფლების სხვადასხვა შრეებს შორის თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის ნაკლებობა, აფერხებს ხელშესახები ღონისძიებების გატარებას მდგრადი ურბანული მობილობის პოლიტიკის განხორციელებაში.
დღესდღეობით, ეროვნულ დონეზე არ შეინიშნება მდგრადი ურბანული მობილობის გრძელვადიანი და კოორდინირებულად დაგეგმვის და განხორციელების ინსტიტუციური მზაობა და ნება.
სახელმწიფო კლიმატის პოლიტიკისა თუ სივრცითი დაგეგმარების სტრატეგიებში მდგრადი მობილობის თემატური ინტეგრაცია ზედაპირულია და მხოლოდ გარკვეულ პოსტულატებს ეხმიანება. გარემოსდაცვითი და სივრცითი სამართლიანობის პერსპექტივიდან, მდგრადი ურბანული მობილობის განხილვა საჯარო პოლიტიკის ამ დონეზე არ გვხვდება.
კანონმდებლობით, ურბანული მობილობის პოლიტიკის წარმოება მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა, თუმცა პრაქტიკაში, მათი როლი ამ მიმართულებით შეზღუდულია. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, თვითმმართველობების არასათანადო ინსტიტუციური მზაობა, შეზღუდული ბიუჯეტი და წვდომა ცენტრალურ ბიუჯეტსა თუ საერთაშორისო ფინანსურ და ცოდნის რესურსებზე. ეს კიდევ უფრო მეტად ზღუდავს ავტონომიას ადგილობრივ დონეზე.
უმეტეს შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები გვევლინებიან სახელმწიფო ან საერთაშორისო რესურსების პასიურ ბენეფიციარებად. ასეთი მხარდაჭერა მეტწილად, არასისტემურია და ხშირად ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებასა და მოწყალებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში ასეთი პროექტები ხორციელდება, თუკი დონორის ან სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები გამოიკვეთება და გარკვეული დოზით მაინც დაემთხვევა ადგილობრივ საჭიროებებს.
რამდენიმე დიდი ქალაქის გამოკლებით, თვითმმართველი ერთეულები, მეტწილად, მხოლოდ მინიმალური ჩარევებით, ან საკუთარი ფუნქციების კერძო ოპერატორებზე გადაბარებით ცდილობენ ფონს გასვლას. ფოთი მეტნაკლებად წარმატებულად იყენებს საერთაშორისო თუ სახელმწიფო დაფინანსებას მობილობის სისტემის დაგეგმვისა და ეტაპობრივი გაუმჯობესებისთვის. ტყიბული, მცირე გამონაკლისის გარდა, კერძო სექტორზეა დამოკიდებული და კიდევ უფრო მწირი რესურსების გამო, მრავალი დაბრკოლების წინაშე დგას.
ფოთისა და ტყიბულის მობილობის მუნიციპალური სისტემები განსხვავებული გამოწვევებითა და განვითარების დინამიკით ხასიათდება. თუმცა, ორივე მათგანისთვის, საერთო გამოწვევა, სატრანსპორტო საშუალებების რეზერვის არარსებობა და ფინანსური არამდგრადობაა. ეს ხელს უშლის სრულფასოვანი მობილობის სისტემის შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და კომფორტი ცენტრალურ როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფოთში ავტობუსების პარკის გაზრდამ ტრანსპორტის გამოყენება გაამარტივა და კომფორტული გახადა, თუმცა მათი არასაკმარისი რაოდენობა და დიდი ინტერვალები კვლავ გამოწვევად რჩება.
ტყიბულის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა, მოუხერხებელი გრაფიკები და მაღალი ტარიფები მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილებას, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მცხოვრებთათვის. ეს გარემოება ართულებს მათ ყოველდღიურ სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობას.
ორივე მუნიციპალიტეტში რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ტრანსპორტის ინტერვალების შემცირება, მეტი ხაზის დამატება და სარეზერვო სისტემის დანერგვა, რათა გადაადგილება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ბლოგი აჯამებს კვლევის “მდგრადი ურბანული მობილობის პოლიტიკა საქართველოში: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ინსტრუმენტი ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე?” ძირითად მიგნებებს. კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნობით აქ.