
ჭიათურა და მრეწველობის ნარჩენები
-
ირინა სვანიძე
მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ დირექტივა – ჭიათურა და სამრეწველო ნარჩენები
ქალაქ ჭიათურასა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტუმრობისას, პირველი რასაც დაინახავთ, გორებად დაყრილი ნარჩენებია. ეს სამრეწველო ნარჩენია, რომელთა განთავსებაც წლების განმალობაში ქაოსურად ხდებოდა და დღემდე ასე გრძელდება. მსგავსი „ნარჩენების გორები“ შესაძლოა შეგხვდეთ როგორც საავტომობილო და სარკინიგზო გზის გასწვრივ, ასევე, სახლებთან ახლოს. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია დახმარებას ითხოვს, თუმცა, მიუხედავად მათი პროტესტისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამრეწველო ნარჩენების არასათანადო სამართლებრივი რეგულირებაა. სახელმწიფო უწყებებიც წლებია სწორედ იმით იმართლებენ თავს, რომ კანონმდებლობა არასრულყოფილია. თუმცა, პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო მაინც არ ჩქარობს.
ჭიათურა და მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენები
საქართველოში მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვის კუთხით ყველაზე სავალალო მდგომარეობაში ჭიათურაა. აქ მანგანუმის მოპოვება XIX საუკუნეში დაიწყო. დღეისათვის, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ერთადერთი ლიცენზიის მფლობელი „ჯორჯიან მანგანეზია“. თუმცა, კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე, მადნის მოპოვებას და გადამუშავებას სხვა არაერთი კომპანია ახორციელებს. წიაღით სარგებლობის ლიცენზია „ჯორჯიან მანგანეზს“ 2006 წელს 40 წლის ვადით მიეცა[1].
საკითხის არასათანადო რეგულირების ფონზე, დრო არ ჩერდება – კომპანიები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას. ამასთან, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მანგანუმის მოპოვების მასშტაბი და გაჩნდა წიაღის მოპოვებისა და გადამუშავების მსურველი უამრავი კომპანია. საქმიანობის განხორციელებაზე უფლების მოპოვების პროცესში თითქმის ყველა საწარმოს მფლობელი საჯარო განხილვებზე არწმუნებს საზოგადოებას, რომ ნარჩენების ნაწილს ღურღუმელას შლამსაცავზე წაიღებს, რომელიც წლებია უკვე აღარ ფუნქციონირებს, ხოლო წიდას გაურკვეველ კომპანიებს გადასცემენ განსაკარგავად. საბოლოო ჯამში, კომპანიებს საერთოდ არ გააჩნიათ სამრეწველო ნარჩენების მართვის გეგმები, სამინისტრო კი მაინც გასცემს საქმიანობის უფლებას. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების შედეგად ორი ტიპი ნარჩენი წარმოიქმნება: „ფუჭი ქანები“ (წიდა, კუდები) და შლამი (ლამი).
წიდასაყარი
წიაღის მოპოვების შედეგად წარმოქმნილი მყარი ნარჩენის განთავსება ქ. ჭიათურის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმდებარედ არსებულ წიდასაყარებზე, ან ხშირ შემთხვევაში ქაოტურად ხდება. მოსახლეობის თქმით, ზოგიერთი წიდასაყარი წლებს ითვლის და საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს. კომპანიები ამგვარ წიდასაყარს „ისტორიულს“ უწოდებენ და ამბობენ რომ მასზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ რადგან წიდის განთავსებას იქ აღარ განაგრძობენ. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც საწარმოებიდან ამგვარ წიდასაყარებზე ახალი ნარჩენების განთავსება კვლავ ხდება. წიდასაყარები განსაკუთრებულ პრობლემას ქარიან ამინდებში უქმნის მოსახლეობას, როცა ნარჩენის მიმოფანტვა გარემოში ხდება. მოსახლეობის თქმით, ასეთ დროს თითქმის შეუძლებელია ფანჯრების გაღება, სარეცხის გაფენა, ან უბრალოდ ბავშვების გარეთ სათამაშოდ გაყვანა.
ჰაერის დაბინძურების გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წიდასაყარებზე პირუტყვის დაზიანების შემთხვევებია. ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში ისინი ხშირად მიმართავდნენ როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ასევე „ჯორჯიან მანგანეზს“ დახმარების თხოვნით, მაგრამ იმის გამო, რომ წიდასაყარზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს (არც კომპანია და არც სახელმწიფო უწყებები), მოსახლეობამ ბოლო წლებია ესეც შეწყვიტა და არსებულ მდგომარეობას შეეგუა.
ღურღუმელას შლამსაცავი
კარიერებზე მოპოვებული მადნის გამდიდრება ქ. ჭიათურაში არსებულ საწარმოებში ხდება. კომპანიები მადნის გამდიდრების დროს წყალს გამოიყენებენ. გამამდიდრებელ ქარხნებში მადნის რეცხვის პროცესში წარმოქმნილი საწარმოო ჩამდინარე წყალი დიდი რაოდენობით შეწონილ ნაწილაკებს, მანგანუმის ნაერთებს და სხვა მიკროელემენტებს შეიცავს. საწარმოო წყლის გასაწმენდად საწარმოებში მოწყობილია სალექარები, სადაც ილექება შეწონილი ნაწილაკები (შლამი). წლების განმავლობაში, ჭიათურაში გახსნილი მანგანუმის გადამამუშავებელი საწარმოების სანებართვო დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოო ნარჩენების განთავსება ღურღუმელას შლამსაცავზე ხდებოდა. საწარმოებიდან შლამის გასატანად მოწყობილი იყო შლამსადენი (ორი პარალელური მილსადენი), რომლის საშუალებითაც შლამი მიეწოდებოდა ცენტრალურ ფლოტაციურ საწარმოებს, სადაც ხდებოდა შლამიდან მანგანუმის კონცენტრატის გამოყოფა. დარჩენილი შლამი გადაიტუმბებოდა ე.წ. „ღურღუმელას“ წყალსაცავზე. „ღურღუმელას“ წყალსაცავში ხდებოდა შლამის დალექვა, რის შემდეგაც გაწმენდილი წყალი ბრუნდებოდა მეორადი გამოყენებისათვის[2]. დღეისათვის შლამსადინარები მწყობრიდანაა გამოსული, სოფ. წინსოფელში განთავსებული „ღურღუმელას“ შლამსაცავი“ კი უმოქმედო მდგომარეობაშია. სოფლის მოსახლეობის თქმით, დიდი ხანია ღურღუმელას შლამსაცავზე ნარჩენი დასასაწყობებლად აღარავის მიაქვს. შესაბამისად, გაურკვეველია სად და როგორ ხდება დღეს მოქმედ საწარმოებში წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება. რაც შეეხება თვითონ ღურღუმელას შლამსაცავს, ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა თავისუფლად არის შესაძლებელი. ადგილზე უსაფრთხოების ელემენტარული ზომებიც კი არ არის გატარებული. ღურღუმელას „ტბაზე“ (ადგილობრივები ასე მოიხსენიებენ) ბავშვები ხშირად იჭერენ თევს და მას საკვებად იყენებენ; ადგილობრივების თქმითვე, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ბავშვი დაიხრჩო ამ „ტბაში“. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ტერიტორიაზე აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გატარება. თუმცა, არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და არც კომპანიას რეაგირება არ მოუხდენია[3].
ჭიათურაში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების ქაოტურად განთავსება და „უპატრონოდ“ მიტოვება არის საკითხის არასათანადოდ რეგულირებისა და თუნდაც არსებული ნორმების აღსრულებაზე კონტროლის არარსებობის შედეგი. მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას სახელმწიფო თითქოს განგებ აჭიანურებს, ამასობაში კი სულ უფრო მეტი კომპანიებია იღებენ საქმიანობის უფლებას, მოსახლეობაზე და გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები კი იმატებს.
რა გვევალება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს იქნა რატიფიცირებული.[4] ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა დაუახლოვოს შეთანხმებით გათვალიწინებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. მათ შორისაა მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ დირექტივა. მოპოვებითი მრეწველობა – მრეწველობის ერთ-ერთი დარგია, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას გულისხმობს.
ევროკავშირის დირექტივა მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დირექტივაა. მასში მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხები დეტალურად არის გაწერილი. არეგულირებს ნარჩენების მართვას, რომლებიც წარმოიქმნება მიწის ზედა ფენიდან მინერალური რესურსების ძიების, მოპოვების, დამუშავებისა და შენახვის და ასევე, კარიერების დამუშავების შედეგად. დირექტივის მიზანია უზრუნველყოს მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შედეგად ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედების შემცირება ან პრევენცია გარემოზე, კერძოდ, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, ლანდშაფტზე, ფლორასა და ფაუნაზე, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. ქვემოთ მოყვანილია დირექტივიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი:
- სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, მოპოვებით მრეწველობაში მომუშავე პირებმა შეიმუშაონ ნარჩენების მართვის სათანადო გეგმები მოპოვებითი ნარჩენების პრევენციის ან შემცირების, დამუშავების, აღდგენისა და განთავსების მიზნით. ამასთან, კომპეტენტურმა ორგანოებმა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებმა, პერიოდულად ხელახლა უნდა განიხილონ და თუ საჭირო იქნება, განაახლონ ნებართვის პირობები.
- სახელმწიფომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა აიკრძალოს მოპოვებითი ნარჩენების დატოვება, გადაყრა ან უკონტროლო განთავსება.
- მოპოვებითი ნარჩენების ობიექტის ოპერატორმა, ანუ კომპანიამ რომელიც მოიპოვებს წიაღისეულს, უნდა მიიღოს ყველა ზომა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარჩენებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. ეს კომპანიამ უნდა გააკეთოს როგორც ობიექტის მართვის, ისე მისი დახურვის შემდეგაც. ამ ყველაფრის კონტროლი სახელმწიფომ უნდა უზრუნვლყოს.
- უნდა განისაზღვროს, რა პროცესის შემდეგ, ანუ, მაგალითად, ამის და ამის მოპოვების შემდეგ როდის და როგორ დაიხუროს ნარჩენების ობიექტი. ასევე, უნდა განისაზღვროს ოპერატორის პასუხისმგებლობა და ვალდებულება დახურვის შემდგომ პერიოდში.
- ნარჩენების ობიექტის დახურვის შემდეგ, ობიექტის მოვლა, მონიტორინგი, კონტროლი და გამოსასწორებელი ზომების გატარება ოპერატორის ვალდებულებაა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი კომპეტენტური ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს თავად გააკეთოს.
- ნარჩენების დახურული, მათ შორის, მიტოვებული, ობიექტების ინვენტარიზაცია სახელმწიფო ვალდებულებაა. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ჯარიმები ამ დირექტივის დარღვევისთვის. ჯარიმები უნდა იყოს ეფექტიანი, პროპორციული და შემაკავებელი.
- წევრ სახელმწიფოებს შორის უნდა განხორციელდეს ტექნიკური და სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა მეთოდოლოგიების შესამუშავებლად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპეტენტურმა ორგანომ თვალყური ადევნოს ან იყოს ინფორმირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის განვითარების შესახებ.
დირექტივაში საკმაოდ დიდი ნაწილი (მთლიანი მუხლი) დათმობილი აქვს საზოგადოების მონაწილეობის საკითხს, როგორც ნარჩენების მართვის გეგმების მომზადების ისე ამისთვის ნებართვის გაცემის პროცესში. დირექტივის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემის პროცესში. საზოგადოებასთან კონსულტაცია უნდა შედგეს ნებართვის გაცემამდე, ადრეულ ეტაპზევე. აგრეთვე, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ნებართვის პირობების განახლების შესახებაც.
სახელმწიფოს ვალდებულებები დირექტივასთან მიმართებით
საქართველოს კანონმდებლობის „მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ“ 2006/21/EC დირექტივასთან დაახლოებისთვის გამოიყენება დირექტივის გარკვეული დებულებები და თითოეული დებულების შესრულებისთვის სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს გარკვეული ვადა. ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, ქვეყანას: უნდა მიეღო ეროვნული კანონმდებლობა და განესაზღვრა კომპეტენტური ორგანოები; შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში – უნდა მოხდეს ოპერატორების მიერ ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია; ექვსი წლის ვადაში – ქვეყანამ უნდა ჩამოაყალიბოს სანებართვო, ინსპექტირებისა და ფინანსური გარანტიების სისტემა; შეიმუშაოს სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დარჩენილი კარიერების მართვის და მონიტორინგის, დახურვის და დახურვის შემდგომი პროცედურები, აგრეთვე ჩაატაროს სამთო-მოპოვებითი მრეწველობით დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაცია.
დღეის მდგომარეობით, დირექტივის პირველი დებულებაც კი არ არის შესრულებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენ ვალდებულებასთან მიმართებაშიც იგივე მოხდება.
2016 აპრილში დამტკიცდა ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2016-2020). გეგმაში დასახულია მიზნები და თითოეული მიზნის შესრულებისათვის გაწერილია ამოცანები შესაბამისი შესრულების ვადებით[5]. პირველ მიზანს ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება და აღსრულება წარმოადგენს. გეგმის მიხედვითვე, სახელმწიფოს (პასუხისმგებელ ორგანოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წარმოადგენდა) 2016-2017 წლებისთვის უნდა მიეღო კანონი სამთო გადამუშავების ნარჩენების მართვის შესახებ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017-2018 წლებში უნდა ჩაეტარებინა დაბინძურებული ადგილების (ისტორიული, მათ შორის სამთო-მოპოვებითი მრეწველობით დაბინძურებული ადგილები) ინვენტარიზაცია და შეემუშავებინა სამოქმედო გეგმა. თუმცა, დღემდე ჩამოთვლილიდან არცერთი ამოცანა არ შესრულებულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის წლიური ანგარიშის[6] თანახმად, შემუშავდა „წიაღისეული ნარჩენების მართვის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია, თუმცა რა ბედი ეწია ამ დოკუმენტს გაურკევველია. მომდევნო წლის პროგრამაში მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების საკითხი ერთი წინადადებით არის ნახსენები – კვლავ ხაზგასმულია კანონმდებლობის შემუშავების საჭიროება.
მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნულ პროგრამაში არ არის გაწერილი. დოკუმენტის მიხედვით, მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხები ნაწილობრივ ,,წიაღის შესახებ“ კანონით რეგულირდება. პროგრამაშივე აღნიშნულია, რომ ეს კანონი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს არ პასუხობს და საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება.[7]
2015 წელს ძალაში შევიდა კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“. თუმცა, კოდექსი მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხს არ არეგულირებს.
[1] ჯორჯიან მანგანეზი – კომპანიის პროფილი, მწვანე ალტერნატივა, 2018;
[2] ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი – საწარმოს გაჯანსაღების, თუ წილების გადანაწილების მორიგი მცდელობა? მწვანე ალტერნატივა, ივნისი, 2018 ;
[3] მწვანე ალტერნატივა, საველე გასვლის ანგარიში, სექტემბერი, 2018 ჭიათურა.
[4] ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
[5] ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა;
[6] წლიური ანგარიში 2018, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
[7] საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა, 2017-2021.