ფრთხილად, წყალია: მსოფლიოს მოძველებული კაშხლების სახით მოახლოებული საფრთხე
-
ფრედ პირსი
მსოფლიოში ათი ათასობით დიდი კაშხალი სიცოცხლის დასასრულს უახლოვდება, რაც მათ ხშირ დაზიანებასა და ნგრევაში აისახება – ამის შესახებ გაერო-ს მიერ მომზადებული კვლევა იუწყება. ამ ნაგებობების ნგრევა, მდინარის ქვედა წელში მცხოვრებ, ასობით მილიონ ადამიანს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ვის მოუნდება ინდოეთში, დასავლეთ გათების მთების სეისმურ ზონაში 125 წლის წინ აგებულ მულაპერიარის კაშხლის ქვედა წელში ცხოვრება? 176 ფუტი სიმაღლის, დიდი ბრიტანეთის იმპერიული ინჟინერიის ამ ნარჩენს, 1979 და 2011 წლებში მცირე მიწისძვრის დროს ბზარები გაუჩნდა. ინდოეთის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სეისმური ინჟინრების მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კაშხალმა, შესაძლოა, ვერ გაუძლოს ძლიერ, რიხტერის სკალით 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრას.
კაშხლის ქვედა ბიეფში სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათ მოთხოვნას, დაიცალოს კაშხალი, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ხანგრძლივი დავა აკავებს. დავის მონაწილე მხარეები არიან კერალას შტატი, რომელსაც კაშხალი საფრთხეს უქმნის და კაშხლის ზედა ბიეფში მდებარე შტატი ტამილნადუ, რომელიც კაშხალს საირიგაციოდ და ჰიდროენერგიის მისაღებად ამუშავებს.
კარიბას კაშხლის ქვემოთ ცხოვრებაზე რაღას იტყვით? ის სამხრეთ აფრიკაში, მდინარე ზამბეზზე 62 წლის წინ აშენდა. იმ დროს, ამ კაშხალს ჰუვერის კაშხლის აფრიკულ ეკვივალენტად მიიჩნევდნენ. მაგრამ 2015 წელს ინჟინრებმა დაადგინეს, რომ კაშხლის ტურბინებიდან გამომავალმა წყალმა მდინარის კალაპოტში, 260 ფუტზე მეტ სიღრმეზე ღრმული წარმოქმნა, რის შედეგადაც კაშხალს ბზარები გაუჩნდა და ბეტონის კედლის ჩამოქცევის საფრთხე შექმნა. ბეტონის კედელი 420 ფუტი სიმაღლისაა და აკავებს მსოფლიოს ყველაზე დიდ ხელოვნურ ტბას.
მდინარის ქვედა ბიეფში 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, ამავე მდინარეზე მოზამბიკში კიდევ ერთი გიგანტური კაშხალია – კაჰორა ბასა. ინჟინრები შიშობენ, რომ კარიბას კაშხლის ჩამოქცევის შედეგად მოვარდნილი წყალი კაჰორა ბასასაც ჩამოანგრევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, კაშხალზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 300 მილიონი დოლარი ჯდება, სულ მცირე 2023 წლამდე არ დასრულდება.
ორივე კაშხალი იმ პოტენციური საფრთხის მაგალითია, რასაც ნაგებობის სტრუქტურული ნგრევის, მზარდი რისკის და ბიუროკრატიული ინერციის ნაზავი ქმნის – აღნიშნულია ახალ კვლევაში, რომელიც მსოფლიოს მოძველებული კაშხლების მზარდ საფრთხეს ეხება. კვლევა გაერო-ს სამეცნიერო და კვლევითი განყოფილების, გაერო-ს უნივერსიტეტის (UNU) მიერ იანვარში გამოქვეყნდა. ამ ნაშრომში მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის გამო, ნგრევის პირას მყოფი კაშხლების მდგომარეობა მკვეთრად ზრდის მათი ჩამოშლის, გაჟონვის ან წყლის ავარიული გაშვების საფრთხეს. ეს, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მდინარის ქვედა ბიეფში მცხოვრებ ასობით მილიონ ადამიანს. ამასობაში, კაშხლების უსაფრთხოებაზე მომუშავე ინსპექტორები საქმეს ვერ აუდიან.
კაშხლების მშენებლობამ ბუმს მეოცე საუკუნეში მიაღწია. აზიაში, მაგალითად, ყველაზე მეტი კაშხალი 1950-იანი წლების შუა ხანებიდან 1980 წლების შუა ხანებამდე აიგო. მაშინ კაშხლები მიიჩნეოდა ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავების და სარწყავი თუ სასმელი წყლის უზრუნველყოფის წამყვან საშუალებად. კაშხალს, აგრეთვე, იყენებდნენ მდინარის დინების გასაკონტროლებლად – წყალდიდობის ასარიდებლდ და ნავიგაციის გასაუმჯობესებლად.
მაგრამ ეს ბუმი დასრულდა. „რამდენიმე ათწლეულის წინ, ყოველ წელს, ათასობით დიდი კაშხალი შენდებოდა; ახლა ეს რიცხვი ასამდე დავიდა“, – ამბობს ამერიკულ ჟურნალ Yale Environment 360-თან საუბრისას ვლადიმერ სმახტინი; ის კანადის, ქალაქ ჰამილტონის UNU-ს წყლის, გარემოს და ჯანმრთელობის ინსტიტუტის ანგარიშის თანაავტორია.
კაშხლის ინჟინრების მიერ დათვალიერებული ადგილების უმეტესობა, განსაკუთრებით კი, მდინარის ვიწრო ხეობები, დახშულია. კაშხლები დღეს კეტავენ მსოფლიო მდინარეების უმეტესობას; მათ ამ მდინარეების წლიური საერთო ჩამონადენის მეექვსედის ეკვივალენტი წყლის შენახვის შესაძლებლობა აქვთ. ამასობაში, ტერიტორიების დატბორვისა და მდინარის ეკოსისტემის ნგრევის გამო, გარემოსადმი მიყენებული ზიანის და სოციალური შედეგების თაობაზე წუხილმა იმატა. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს ენერგიის გამომუშავების ბევრი ალტერნატივა ნახშირბადის დაბალი შემცველობით, ამბობს სმახტინი.
მსოფლიოს დიდი, 49 ფუტზე მეტი სიმაღლის, კაშხლების სიცოცხლის ვადა იწურება. მსოფლიო ბანკის გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოში 50 წელზე მეტი ხნის წინ აშენებული 19 ათასი დიდი კაშხალია. UNU-ს კვლევის თანახმად, ეს ის დროა, როდესაც კაშხალი ან ძირეულად უნდა შეკეთდეს, ან დაიშალოს.
ყველაზე ძველი კაშხლები დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაშია. დიდ ბრიტანეთში მათი საშუალო ასაკია 106 წელი, იაპონიაში კი – 111 წელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) კაშხლების საშუალო ასაკია 65 წელი; ამ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება ჩინეთი და ინდოეთიც, სადაც მე-20 საუკუნის შუახნებში კაშხლების მშენებლობის ციებ-ცხელების ეპიცენტრი იყო. ჩინეთისა და ინდოეთის 28 ათასი დიდი კაშხლის საშუალო ასაკია 46 (ჩინეთი) და 42 (ინდოეთი) წელი. „2050 წლისთვის, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი იცხოვრებს მე-20 საუკუნეში აშენებული, ნგრევის მზარდი რისკის ქვეშ მყოფი, დიდი კაშხლების ქვედა ბიეფში“, – აღნიშნულია UNU-ს კვლევაში.
მოძველებულ კაშხლებს უკავშირდება სულ უფრო მზარდი უსაფრთხოების რისკი, რადგან ამ კაშხლების აგებულება უფრო მყიფე ხდება. კლიმატის ცვლილების გამო კი, მათზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის, რადგან მდინარეებში იზრდება ექსტრემალური ჩამონადენი, ამბობს სმახტინი. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2005 წლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა კაშხლების ნგრევის სიხშირე. ამ ფაქტების შემცველი მსოფლიო მონაცემთა ბაზა არ არსებობს, ამბობს UNU-ს კვლევის თანაავტორი, დუმინდა პერერა. მიუხედავად ამისა, მან 2015-2019 წლებში კაშხლების ნგრევის 170-ზე მეტ შემთხვევას მიაკვლია; შესადარებლად – ეს მაჩვენებელი 2005 წლამდე წელიწადში 4 შემთხვევაზე ნაკლები იყო.
გასულ თვეში, ზამბიაში, 1950-იან წლებში აშენებული კანდეშას კაშხალი ძლიერი წვიმის შედეგად დაინგრა, რის გამოც ათასობით ადამიანს გადასახლება მოუწია. გასული წლის ივნისში, ჩინეთში, გუანგსის რეგიონში 55 წლის საირიგაციო კაშხალი ჩამოიქცა, მას შემდეგ რაც მისი 492 ფუტის სიმაღლის კედელი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე, მიჩიგანში მდებარე ორი ძველი კაშხალი ძლიერი წვიმის დროს დაინგრა. ჯერ მდინარე თითაბავასიზე აშენებული 96 წლის იდენვილის კაშხალი ჩამოიქცა, კაშხლიდან უეცრად გათავისუფლებულმა დიდი წყლის ნაკადმა კი, დაანგრია მდინარის ქვედა ბიეფში აშენებული, 94 წლის სენფორდის კაშხალი.
2019 წლის აგვისტოში, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უძველეს კაშხალს დაემუქრა ნგრევის საფრთხე. ქალაქ უელი ბრიჯის 1500-მდე მოსახლეს უბრძანეს, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები მას შემდეგ, რაც 188 წლის ტოდბრუკის კაშხლის წყალსაგდებმა, რომელიც არხის წყლით მოსამარაგებლად აშენდა, ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო და თავად კაშხალი დაააყენა ნგრევის საშიშროების წინაშე. ამ ვითარების გამო, გაჩნდა საფრთხე, რომ ნაგებობა დაინგრეოდა და ქალაქს წყალი შთანთქავდა.
2017 წელს წყალსაგდები მოიშალა 50 წლის ოროვილის (Oroville) კაშხალზე, კალიფორნიაში, სიერა ნევადას მთისწინეთში. ამის გამო 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 770 ფუტი სიმაღლის კაშხალი ყველაზე მაღალია აშშ-ში და წყალსაგდების აღდგენის შემდეგ, შტატის წყალმომარაგებაში კრიტიკულ როლს თამაშობს.
კაშხლების ინჟინრების თქმით, მომავალ ათწლეულებში, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი საფრთხე ჩინეთსა და ინდოეთს ემუქრება. წარსულში, ორივე ქვეყანაში დანგრეულა კაშხლები, რაც ათიათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გამხდარა. 1979 წელს, ინდოეთში, გუჯარათის შტატში, მაჩუს კაშხლის დაშლით გამოწვეული წყალდიდობის დროს 25 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ოთხი წლით ადრე, ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში, ბაინციაოს კაშხალი დაინგრა, რამაც 7 მილის სიგანის და 20 ფუტი სიგანის წყლის გიგანტური ტალღა წარმოქმნა, რომელიც მდინარის ქვედა დინებაში 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ეს ტალღა, დაახლოებით 26 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, მათ შორისაა ქალაქ დაოუენჩენგის მთელი მოსახლეობა. ამ მოვლენით გამოწვეული შიმშილისა და ეპიდემიის გამო, დამატებით, დაახლოებით 170 ათასი ადამიანი დაიღუპა. ეს კატასტროფა ისტორიაში ცნობილია, როგორც ნაგებობის ნგრევის შედეგად ადამიანთა დაღუპვის ყველაზე გამორჩეული შემთხვევა. მთავრობა ამას მრავალი წელი ასაიდუმლოებდა.
ეს ორივე კატასტროფა ახალგაზრდა, 20-23 წლის, კაშხლებზე მოხდა. მათი ნგრევა იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროიდან შემორჩენილი კიდევ ბევრი შენელებული მოქმედების ბომბი შეგვახსენებს თავს.
ჩინეთში დაახლოებით 24 ათასი დიდი კაშხალია. ბევრი მათგანის მშენებლობა კულტურულ რევოლუციას უკავშირდება, როდესაც მაოისტური იდეოლოგია ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ინჟინერიის სიძლიერეს იყენებდა. ჩინეთის კაშხლების მესამედი „მაღალი რისკის შემცველი კაშხლების კატეგორიაში მოხვდა, რისი მიზეზიც სტრუქტურული სიძველე და სათანადო სარემონტო სამუშაოების ნაკლებობაა“ , – ნათქვამია ჰუაჟონგის უნივერსიტეტის მეცნირების და ტექნოლოგიის განყოფილების მკვლევრის, მენ იანგის 2011 წლის ანალიზში.
ინდოეთის წყლის ცენტრალური კომისიის დირექტორმა, ჯეიდ ჰარშამ 2019 წელს ქვეყანა გააფრთხილა, რომ 2050 წლისთვის ინდოეთს 50-ზე მეტი წლის, 4000-ზე მეტი კაშხალი ექნებოდა. 600-ზე მეტი ამჟამად ნახევარ საუკუნეს ითვლის. კაშხლები, რომელთაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯავაჰარლალ ნერუმ 1954 წელს „ინდოეთის სალოცავი ტაძრები“ უწოდა, ამჟამად დაძველებული ნაგებობებია, რომელთა უსაფრთხოებასაც ჰარშა „ინდოეთის წყლის პოლიტიკაში უხილავ ლაქებად“ მიიჩნევს.
ამ აზრს იზიარებს მსოფლიო ბანკი. გასულ წელს მსოფლიო ბანკმა ინდოეთს 250 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო „კაშხლების უსაფრთხოების გასაძლიერებელი“ მიმდინარე პროექტისთვის, რაც ქვეყნის დიდი კაშხლების უკეთეს შემოწმებას და მართვას გულისხმობს. ეს კაშხლები 240 მილიონ აკრო-ფუტ წყალს აკავებს. პროექტის ფარგლებში ქვეყნის 120 მოძველებული კაშხლის უსაფრთხოების გაძლიერება იგეგმება.
პარიზის დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის, კაშხლის პროექტის სეისმური ასპექტების კომიტეტის თავმჯდომარე, მარტინ უილენდი გამოცემა Yale e360-თან საუბრისას ამბობს, რომ „ბევრმა კაშხალმა შესაძლოა 50-100 წელზე მეტხანს იარსებოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორედაა დაპროექტებული, აშენებული, დროულად ხდება მათი შეკეთება და მონიტორინგი. ევროპის უძველესი ბეტონის კაშხლის, მაიგროგის კაშხლის მშენებლობა 1872 წელს დასრულდა და ელიან, რომ ის 200 წელს მიაღწევს“. მაგრამ, ამბობს უილენდი, „კაშხლის უსაფრთხოების სტატუსი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს“. მისი თქმით, მზარდი რისკს დიდწილად განაპირობებს „მდინარის ქვედა ბიეფში მცხოვრები მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა და არა კაშხლის სიძველე“.
კაშხლები, უმეტესწილად, ქვიშით, ქვით ან ბეტონით იგება. კაშხლის დანგრევის მიზეზი შეიძლება გახდეს ბეტონის რღვევა, ბზარების გაჩენა, გაჟონვა, გარშემო კლდოვან გრუნტზე ფარული ნაპრალების გაჩენა ან საკუთარი წონის გამო ჩაზნექა. ამის გარდა, კაშხლის ნგრევაზე ისეთმა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა, როგორიცაა წყალსაცავის მემბრანის მოშლა, მიწისძვრის შედეგად დაზიანება, დივერესიული აქტი ან წყლის მოვარდნილი ნაკადის მიერ ბარიერის გარღვევა. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, რეგულარული ინსპექტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამბობს უილენდი.
ამასთან, მთელ მსოფლიოში, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ინსპექტორების ნაკლებობა, რომელთაც მოძველებულ კაშხლებთან დაკავშირებული რისკის შეფასება შეუძლიათ. ეს ნაკლებობა იწვევს ინსპექტირების დაყოვნებას და არსებული საფრთხის შეუმჩნევლობას. აშშ-ში, ოროვილის კაშხლის ნგრევის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში ჩატარებულო ინსპექციების დროს არსებული სტრუქტურული რღვევები ვერ დაფიქსირდა. ამის თაობაზე უილენდი ამბობს, რომ „ყველაფერი ხილვადი ან გაზომვადი არ არის“.
ბევრი მოძველებული კაშხალი ახლა მიტოვებულია, რადგან ამ კაშხლების წყალსაცავები გავსებულია იმ მდინარეების ნატანით, რომლებსაც ისინი კეტავენ. ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარის, მათიას კონდოლფის მიერ, 2014 წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, მსოფლიოს მდინარეების ნატანის მეოთხედზე მეტი კაშხლების უკან ილექება.
ჩინეთში, მდინარე ხუანხეზე (რომელიც მსოფლიოს ყველაზე შლამიან მდინარედ ითვლება) აგებული კაშხალი, სანმენქსია ნატანით სულ რაღაც ორ წელიწადში გაივსო. ნატანის გამო, ინდოეთის წყალსაცავებს ყოველ წელს 1.6 მილიონი აკრო-ფუტის ოდენობის მოცულობა აკლდება.
ნატანის აკუმულირების გამო, კაშხლები ნაკლებად გამოსადეგი ხდება, ზოგ შემთხვევაში კი, ეს ფაქტორი მათ უფრო სახიფათოდაც აქცევს. ამის მიზეზი ისაა, რომ წყალსაცავებში დარჩენილი ნაკლები სივრცის გამო, ძლიერი წვიმის დროს, მათი წყლით გადავსების რისკი მაღალია. მათი ნაგებობების გადასარჩენად, წყალდიდობისას, ოპერატორები, დიდი ალბათობით, წყალს ავარიულად გაუშვებენ.
1998 წელს, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ამერიკას ქარიშხალმა მიჩმა გადაუარა, ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში, საკუთარ საწოლში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. ამის მიზეზი ქალაქის მდინარისპირას მდებარე, ღარიბ დასახლებებზე „კედელივით ტალღის“ გადავლა გახდა. აშშ-ს გეოლოგიური კვლევის გამომძიებლების დასკვნით, წყლის „კედელი“ წარმოიქმნა მაშინ, როდესაც ქალაქის ორი მთავარი კაშხლის ოპერატორებმა, წყალდიდობის დროს, წყლის ავარიული გაშვება მოახდინეს. ეს ორი კაშხალი მხოლოდ 1970-იან წლებში აშენდა, მაგრამ მათ წყალსაცავების მოცულობის დიდი ნაწილი ნატანის გამო დაკარგეს.
გასათვალისწინებელია კლიმატის ცვლილებაც, რაც მსოფლიოს არაერთ კუთხეში ექსტრემალური წყალდიდობების მიზეზი ხდება; ეს გარემოება მოძველებულ კაშხლებთან კომბინაციაში, ლეტალური საფრთხის მატარებელია. „ძველი კაშხლები დაპროექტდა და აშენდა კლიმატის ცვლილებამდე ხანაში, იმ დროს არსებული ჰიდროლოგიური მონაცემების გამოყენებით“, – ამბობს სმახტინი. „ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს მღელვარების საფუძველს იძლევა“.
რისი გაკეთებაა შესაძლებელი? ზოგი მოძველებული კაშხალი უსაფრთხოა, ამბობენ ექსპერტები, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, ყველა მათგანს უფრო სრულყოფილი შემოწმება დასჭირდება, რასაც, ხშირად, ძვირადღირებული აღდგენითი სამუშაოები მოჰყვება. კიდევ უფრო მეტ მათგანს რეკონსტრუქცია დასჭირდება, მდინარეების იმ ექსტრემალურ ხარჯთან გასამკლავებლად, რომელიც მათი აშენებისას არ იყო გათვალისწინებული.
UNU-ს კვლევა იმასაც მიუთითებს, რომ იზრდება ისეთი კაშხლების რაოდენობა, რომლებიც მიზანს ვეღარ ემსახურება. ამის მიზეზი ზოგჯერ ნატანით ამოვსებაა, ზოგჯერ – ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოჩენა. კაშხლებს დღეს, ხშირად, იმიტომ ინარჩუნებენ, რომ მათი დაშლა ძვირია და ტექნიკურად რთულად განსახორციელებელი. ეს ვითარება საფრთხის შემცველია, მაგრამ, ამის გარდა, ეს ტრაგედიაა მდინარეების ეკოსისტემებისთვის, რომელთა აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა კაშხლების მოშლის შემთხვევაში.
კაშხლების მოშლაში აშშ-ი ლიდერობს – 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ათასზე მეტი კაშხალი მოშალეს; თუმცა, აქამდე მოშლილი კაშხლები, ძირითადად, მცირე ზომის იყო – როგორც წესი, 16 ფუტი სიმაღლის. გამონაკლისს წარმოადგენდა ვაშინგტონის, ოლიმპიკის პარკის, გლენის 87 წლის კაშხალი, რომელიც 2014 წელს დაანგრიეს. 210 ფუტი სიმაღლის კაშხალი აქამდე მოშლილ კაშხლებს შორის ყველაზე დიდი იყო. კაშხლის დანგრევის დაგეგმვასა და გეგმის აღსრულებას 20 წელი დასჭირდა. სმახტინის თქმით, კიდევ ათასობით კაშხლის მოშლა იქნება საჭირო კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.
„ზოგი კაშხალი იმდენად დიდია, არც კი იცი, როგორ მიუდგე“, – ამბობს სმახტინი. „აი, მაგალითად, კარიბას კაშხალი. ის უზარმაზარია და ამ საუკუნის შუაში ას წელს მიაღწევს. იმედია, იმ დროისთვის, უკვე იარსებებს მისი ექსპლუატაციიდან გამოყვანის ტექნოლოგია. ამჟამად, არც კი ვიცით, ეს როგორ განვახორციელოთ“.
სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა Yale School of the Environment-ის ვებგვერდზე 2021 წლის 3 თებერვალს.