მდინარე თერგი და დარიალის ხეობა ჰესების აშენების შემდეგ
ნაწყვეტი ქართველი პოეტის, გრიგოლ ორბელიანის, პოემიდან “სადღეგრძელო”
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!
მას შემდეგ აღარ არის სიმართლე, რაც თერგზე კომპანია დარიალი ენერჯიმ ორი ჰესი ააშენა – “დარიალ-ჰესი” და “ლარსი ჰესი”.
დარიალი და ლარსი ჰესები ბუნებრივად განსაკუთრებულად მომატებული რისკის არეალშია აშენებული: აქტიური მყინვარებისა და მეწყრების სიახლოვეს.
ორივე ჰესი თითოჯერ დაიტბორა, დაიღუპნენ ადამიანები და დაზიანდა კომპანიის ტექნიკა.
“დარიალი ჰესის” წყალაღების ადგილიდან ოდნავ ქვემოთ, მდინარე თერგს ერთვის ღვარცოფული მდინარე ყურო, რომლის მკვებავი მყინვარია.
კომპანია “დარიალი ენერჯი”, პროექტის პირველი ვერსიით, წყალაღების ადგილს ყუროს ქვემოთ გეგმავდა, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ეს საშიში იდეა უფრო უსაფრთხოთი შეიცვალა და წყალაღების ადგილი თერგთან ყუროს შეერთების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით დადგა.
არც ესაა იდეალური გამოსავალი – წყალაღების წერტილი მაინც მოქცეულია კიდევ ერთი ღვარცოფული მდინარის – „ჩხერის“ არეალში [მდ. თერგის მარცხენა შესართავი]. “დარიალ-ჰესის” სადერივაციო გვირაბის დიამეტრი 5.5 მეტრია, სიგრძე – 5 040 მეტრი, დაწნევა – 370-380 მეტრი, ხოლო დადგმული სიმძლავრე 108.0 მეგავატი.

ფოტოზე ჩანს ადგილი, რომელიც სადერივაციო მილის ქვემოთაა, სადაც გაზაფხულზეც კი თერგი თითქმის დამშრალია.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ანგარიშის მიხედვით, ჰესების აშენებამდე მდინარე თერგისა და მისი პატარა შენაკადების შესახებ განახლებული ჰიდროლოგიური მონაცემები არ არსებობდა.
“დარიალის ჰესის” პროექტი ისე დაიგეგმა, დამტკიცდა და ხორციელდება, რომ შეუსწავლელია მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. მდინარე თერგის საშუალო წლიური ხარჯის მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ 1928-1940 და 1953-1986 წლების დაკვირვების შედეგებს – არ არსებობს უკანასკნელი 25 წლის მონაცემები.
გარდა ამისა, მდ. თერგის მყარი ხარჯის [მყარი და ფსკერული ნატანის] შესახებ გათვლები ეფუძნება მხოლოდ 1928-1940 წლების მონაცემებს. საერთოდ არ გამოკვლეულა და არ არის წარმოდგენილი თერგის შენაკადების, მდინარეების ჩხერისა და ყუროს საშუალო წლიური ხარჯისა და მყარი ხარჯის მონაცემები.
აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით მდინარეში დარჩება წყლის ნაკადის მხოლოდ 10 პროცენტი, კიდევ უფრო ზრდის როგორც დარიალის ხეობისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენების, ისე ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხეს.
2014 წლის 17 მაისს, თერგზე მეორე – ლარსი ჰესის – მშენებლობის დროს, მყინვარ დევდორაკიდან მეწყერი ჩამოწვა, რამაც რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და დააზიანა კომპანიის ტექნიკა.
„ლარსი ჰესთან დაკავშირებით, მერაბ გაფრინდაშვილისთვის კი არა, მოხევესთვის რომ გეკითხათ, ის გეტყოდათ, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდა. მანდ დიდი კვლევები არც იყო საჭირო. 2014 წლის 17 მაისს, სტიქია რომ მოხდა, მფლობელმა იქ პირველივე დღეს ამიყვანა.
ვკითხე, რამ აგაშენებინათ-მეთქი აქ ჰესი?!
რა ვქნა, ფულია ჩემი, მე ჰიდროლოგი და გეოლოგი არ ვარო“, – აღნიშნა მაშინ მერაბ გაფრინდაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა.

ჰესების სიმძლავრეები და წლიური გამომუშავებები
თავიდან “დარიალი ჰესის” სიმძლავრე 50 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება მას მერე 5-ჯერ შეიცვალა და ბოლოს 110 მეგავატი გახდა, რამაც უფრო მეტად გაზარდა გარემოზე მისი გავლენა და ზეწოლა.
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელსაც მაშინდელი გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ ჭახნაკია, აწერს ხელს, დარიალი ჰესს წლიურად 548 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა.
ამ ნიშნულს მან ჩაშვებიდან მხოლოდ ოთხი [4] წლის შემდეგ, 2020 წელს, მიაღწია.
საინტერესო და საკმაოდ წინააღმდეგობრივია დარიალი ჰესის წლიური გამომუშავებებიც:
- აშენებიდან პირველი სამი წელი [2017-2019] დარიალი ჰესი ვერ აღწევდა საპროექტო წლიურ გამომუშავებას, მაგრამ საკმაოდ სტაბილურად გამოიმუშავებდა +- 200 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას წლიურად.
- 2020 წლიდან 2022 წლების ჩათვლით, ეს მაჩვენებელი უცებ ორჯერ გაიზარდა და წლიური გამომუშავება +- 400 მილიონი კილოვატსაათი გახდა და საპროექტო წლიურ გამომუშავებას დაეწია.
დავით ჭიპაშვილი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი, ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს როგორც მდინარის ჰიდროლოგიურ ცვლილებას [წყალმცირობა, წყალუხვობა], ისე კრიპროვალუტის მაინინგსაც კი.
“ყველაზე მთავარი ისაა, რომ არც დარიალის და არც ლარსი ჰესის შემთხვევაში, საპროექტო ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შერჩევა კვლევებზე დაყრდნობით არ მომხდარა, რაც მოწყვლადს ხდის როგორც ჰესების ინფრასრუქტურას, ისე ჰესის სიახლოვეს მყოფ ადამიანებსაც საფრთხის ქვეშ აყენებს.”
ანალოგიური შეფასება გააკეთა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში, სადაც აღნიშნულია, რომ მართალია, გზშ ანგარიშში იდენტიფიცირდა და შეფასდა პროექტიდან მომდინარე გეოდინამიკური რისკები, თუმცა გზშ ანგარიშში არ იდენტიფიცირდა და შეფასდა თავად პროექტზე მოქმედი არსებული გეოტექნიკური საფრთხეები და მათგან მომდინარე გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება საპროექტო ინფრასტრუქტურაზე, იქ დასაქმებულ თუ პროექტის სიახლოვეს მყოფ სხვა ადამიანებზე.
ამასთან, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში შეფასებული უნდა ყოფილიყო არამხოლოდ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, არამედ გარემოს ზეგავლენა თავად ჰესებზეც, რაც არ მომხდარა,” – უთხრა “კაქტუსს” დავით ჭიპაშვილმა.

სტატიები პირველად გამოქვეყნდა კაკტუსის ოფიციალურ სოციალური ქსელის გვერდზე.
მწვანე ალტერნატივას და „კაკტუსის“ კოლაბორაცია მცირე და საშუალო ზომის ჰესების ბუნებრივ გარემოზე უარყოფითო ზემოქმედების წარმოსაჩენად.