
ნენსკრა ჰესი: პროექტის დეველოპერები ყურს არ უგდებენ შეშფოთებულ ადგილობრივ მცხოვრებთა სატკივარს
-
მიკელ ანნუსი
ჭუბერელმა მასწავლებელმა ინტერვიუში მოგვითხრო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ნენსკრას დაგეგმილი კაშხლის პროექტის დეველოპერებს ადგილობრივ მოსახლეობასთან
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა (Bankwatch) ზემო სვანეთში ვიზიტისას, შეაგროვა ინფორმაცია, ზრუნავენ თუ არა სათანადოდ პროექტის განმახორციელებლები ნენსკრას და ნაკრას ხეობებში მცხოვრებ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებასაც ეს პროექტი სრულად შეცვლის. ვიზიტის მიზანს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) პროექტის შესწავლა წარმოადგენდა. კვლევის შედეგები ასახულია Bankwatch-ისა და მწვანე ალტერნატივას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ბოლო თვეების განმავლობაში პროქტის თაობაზე საჯარო შეხვედრები გაიმართა იმ სოფლებში, რომლებზეც ნენსკრას ჰესი მოახდენს ზეგავლენას. ამ შეხვედრებზე ადგილობრივ მცხოვრლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია პროექტის განმახორციელებლებისგან.. Bankwatch-ი შეხვედრების ერთ-ერთ მონაწილეს, ლილე ჩხეტიანს ესაუბრა, რომელიც ადგილობრივ სკოლაში ხელოვნებას ასწავლის და პროექტის აქტიური მოწინააღმდეგეა. „ჩვენ არაერთი კითხვა დავუსვით მათ, მაგრამ სრულფასოვანი პასუხები ვერ გაგვცეს,“ – ასე გადმოგვცა მან თავისი მთავარი შთაბეჭდილება შეხვედრის შესახებ.
ნენსკრა ჰესის დეველოპერები – კორეული Water Resources Corporation-ისა და იტალიური Salini Impregilo-ს – წარმომადგენლები ზედიზედ ორი დღის განმავლობაში მართავდნენ ღია შეხვედრებს სოფელ ჭუბერში, სადაც ჩხეტიანი დაახლოებით 1000 სხვა მოსახლესთან ერთად ცხოვრობს. ორი დღის განმავლობაში განხილულ მრავალ სხვა თემასთან ერთად, სოფლის მცხოვრებლებმა შეშფოთება გამოთქვეს მათი უსაფრთხოებისა და მომავალი კეთილდღეობის თაობაზე. თუმცა, ჩხეტიანს შეხვედრებიდან ის შთაბეჭდილება დარჩა, რომ კომპანიებს არ სურდათ სიღრმისეული და დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც სოფლის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად აწუხებთ.
„იყო მომენტები, როცა დაძაბულობა მატულობდა“
ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მაშინ, როდესაც დამსწრეებმა სულ უფრო მეტად მწვავე თემების წამოჭრა დაიწყეს. კომპანიის წარმომადგენლები შეეცადნენ, თავი აერიდებინათ პასუხის გაცემისთვის იმ კითხვებზე, რომლებიც მონაწილეებისთვის დარიგებულ ბროშურებში განხილული არ იყო და დამსწრეებს თხოვდნენ, რომ „შემდეგი კითხვა“ დაესვათ.
დარბაზში დაძაბულობამ იმატა, როდესაც ლილე ჩხეტიანმა მიკროფონი აიღო და შეშფოთება გამოთქვა რეგიონზე პროექტის ზეგავლენის თაობაზე. მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა უპასუხეს, რომ ზედმეტად ბევრ კითხვას სვამდა, სხვა დამსწრეებმა მას მხარი აუბეს და თქვეს, რომ მათაც იგივე საკითხები აწუხებდათ. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი არავის გაუცია და ადგილობრივთა უმეტესობამ დარბაზი იმედგაცრუებულმა დატოვა.
„ადამიანებმა, რომლებიც პროექტს ეწინააღმდეგებიან და რომელთა კითხვებს სრულფასოვანი პასუხები არ გაეცათ, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს,” იხსენებს ჩხეტიანი.
„ადრეული გაფრთხილების სისტემები არ იქნება!“
ვინაიდან ეს რეგიონი, რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეს აშკარა პრობლემები ადგილობრივ მცხოვრებთა მთავარი საწუხარი იყო შეხვედრის დროს.
„ადამიანები შეშფოთებულები არიან გეოლოგიური საფრთხეების გამო და შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის,” – ასე შეაჯამა ჩხეტიანმა ადგილობრივთა წუხილი.
მიუხედავად ამისა, პროექტის განმახორციელებლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია, შესაბამისად განგაში და გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება საჭირო არ იქნება.
უსაფრთხოების მსგავსი ზომების არარსებობამ ახლო წარსულში მსხვერპლი გამოიწვია დარიალი ჰესის მშენებლობისას მომხდარი ღვარცოფის დროს. ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟება შესაძლებელს გახდიდა ამ მსხვერპლის თავიდან აცილებას. სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მცხოვრებთ არ სურთ, რომ მსგავსი რამ მათ მშობლიურ ხეობებშიც განმეორდეს.
ვინ მიიღებს მეტ სარგებელს: თემი თუ დეველოპერი?
ნენსკრა ჰესის მასშტაბური პროექტი ძალიან მცირე სარგებელს ითვალისწინებს იმ დასახლებებისთვის, რომლებზეც მშენებლობა ზეგავლენას ახდენს. დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი, რაც პროექტის მთლიანი ხარჯების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რამდენიმე ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.
თუმცა ჩხეტიანის თქმით, 2-4 პირისგან შემდგარი ეს მცირე საბჭო დემოკრატიული კენჭისყრით არ იქნება არჩეული: „ამ წარმომადგენლებს დეველოპერები შეარჩევენ და არა სოფლების მცხოვრებნი.“ შედეგად, შეიძლება წარმოიქმნას ვითარება, როდესაც ზოგიერთი ადამიანის აზრს არავინ გაითვალისწინებს, ხოლო დაფინანსება, ნაცვლად ადგილობრივ სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა, გზების მშენებლობაზე დაიხარჯება, რომელსაც ისევ დეველოპერი გამოიყენებს მძიმე ტექნიკის საპროექტო ტერიტორიამდე მისასვლელად.
„ელექტროენერგიის გარეშე სწავლება ძნელია“
მართალია, ცხოვრების ხარისხი სოფელ ჭუბერში, სადაც ლილე ჩხეტიანი ცხოვრობს, თანდათანობით უმჯობესდება, თუმცა წარსულის შემაშფოთებელი გადმონაშთები კვლავაც რჩება. ელექტროენერგიის გათიშვა – განსაკუთრებით ზამთრის ცივ პერიოდში – მუდმივ პრობლემას წარმოადგენს ლილეს მეხსიერებაში. ახლა კი მას მისი 80 მოსწავლისთვის გაკვეთილების ჩატარების სირთულეც დაემატა.
„ჩვენთვის არავის მოუცია გარანტია ან პირობა, რომ ნენსკრა ჰესი ჩვენ მდგომარეობას გააუმჯობესებს,“ – ამბობს ის, როდესაც ვეკითხებით, აღმოფხვრის თუ არა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პრობლემას მისი სახლის სიახლოვეს აშენებული დიდი ელექტროსადგური. „საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს, ჩვენ კი სიბნელეში ვართ,“ – დასძენს ის.
მართალია, სვანეთის მთიანი რეგიონი საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს, თუმცა ჭუბერი და მისი მსგავსი სოფლები, რომლებიც შორეულ ხეობებში მდებარეობს, მეტწილად თავგადასავლების მაძიებელთა თვალთახედვის მიღმა რჩება. თუმცა, ჩხეტიანი იხსენებს, რომ მიმდინარე წელს ჭუბერში ფესტივალ „ჩვენ ვართ სვანეთის“ პირველად გამართვის შემდეგ აქ მოლაშქრეთა რიცხვმა იმატა. ეს ადგილი იზიდავს მოგზაურებს, რომლებსაც ადგილობრივი კულტურის გაცნობა და გამაოგნებელი სილამაზის ბუნების მონახულება სურთ.
„სამწუხარო იქნება, თუ ნენსკრა ჰესი მკვეთრად შეცვლის ამ მშვიდ ლანდშაფტსა და მდინარეს,“ – ასკვნის ის ბოლოს.
ბლოგი გამოქვეყნდა ვებ-პორტალზე: CEE Bankwatch network