ჰიდროენერგეტიკული პროექტები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა
2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციაც* მიიღო, სადაც ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე; მათ შორისაა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა.
მწვანე ალტერნატივა მიესალმება და იზიარებს ევროპარლამენტის მოთხოვნას, რომელიც „მოუწოდებს ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისთვის გამიზნული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისას; მოუწოდოს ხელისუფლების ორგანოებს, სრულად შეასრულონ ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შესაფასებას“ (46-ე პუნქტი).