კორეული მედია: ნენსკრა ჰესის კონტრაქტორი Hyundai E&C ხდება

კორეული მედიის ცნობით, ნენსკრა ჰესის სამშენებლო კონტრაქტორი კორუფციული სკანდალებით ცნობილი Hyundai E&C ხდება. 

კორეულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის კონტრაქტორის შერჩევის ტენდერში გამარჯვებულად კორეული სამშენებლო კომპანია Hyundai E&C-ი თურქულ კომპანია Limak-თან ერთად სახელდება. სააგენტო Ajudaily-ის ცნობით, „Hyundai E&C-იმ ქართული ჰიდროელექტროსადგურის 737 მლნ დოლარიანი ტენდერი მოიგო“.

Hyundai E&C-ი სამხრეთ კორეის ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომლის სახელსაც კორეასა და სხვა ქვეყნებში, არაერთი კორუფციული საქმე უკავშირდება.

ბოლოდროინდელი სკანდალი კომპანიის მიერ ინდონეზიაში ადგილობრივი პროტესტის ჩასახშობად პოლიტიკოსის მოქრთამვას ეხება. Hyundai E&C-ის პოლიტიკოსისთვის 464,100 აშშ დოლარის ქრთამის სახით მიცემა ედება ბრალად. ფულის სანაცვლოდ, კომპანია ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის შეჩერებას ითხოვდა. „Businesskorea-ს” ცნობით,  ქრთამის აღებაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა დანაშაული აღიარა და მას 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.  

Hyundai E&C-ის სახელს უკავშირდება გასული წლის მსხვილი ფინანსური სკანდალიც კორეაში, როცა ადგილობრივი პოლიცია Hyundai E&C-ის მთავარ ოფისში შეიჭრა: კომპანიას ბრალად ერთ-ერთ სამშენებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად მესაკუთრეების მოქრთამვა ედებოდა.

სხვა შემთხვევებიდან  ასევე ცნობილია, ე.წ. „ოთხი მდინარის“ საქმეც, რომლის შედეგადაც კორეის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ Hyundai E&C-ი, სხვა კომპანიებთან ერთად კანონდარღვევაში – წინასწარ შეთანხმებული ფასის შეთავაზებაში დაადანაშაულა. სააგენტოს ცნობით „ოთხი მდინარის“ საქმის შედეგად  „გადასახადის გადამხდელები  3.57 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდნენ“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ Hyundai E&C-ი ნენსკრა ჰესის ტენდერის შემდეგ ეტაპზე გადასულ კომპანიებს შორის მოხსენიებული საერთოდ არ იყო. მონაწილეთა სია ჰესის დამფინანსებელმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა EBRD-მა 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. სიაში იყო თურქული კომპანია Limak Insaat Sanayi ve Ticaret A.S -ი, რომელიც ტენდერში Hyundai E&C-თან ერთად გამარჯვებულად სახელდება. 

ნენსკრა ჰესისთვის სამშენებლო კონტრაქტორის ძიება  ბოლო 1 წელი მიმდინარეობდა, მას შედმეგ, რაც პროექტი მსხვილმა ინვესტორმა, Salini Imperegilo-მ  დატოვა.