მიმართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს რაჭაში ტყის უკანონოდ გადაცემის თაობაზე
პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეზე, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსის 2022 წლის 10 თებერვლის N17/ს ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გასაცემად. 11 მარტს ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში ერთადერთმა პირმა – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ მიიღო მონაწილეობა და ლიცენზია გაიყიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანებით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაიცა.
აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. არასამთავრობო ორგანიზაციებს „მწვანე ალტერნატივას“, რაჭის სათემო ორგანიზაციას და რაჭის მცხოვრებლებს ეს გადაწყვეტილებები სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და ბათილად ცნობას ითხოვენ.
ლიცენზიის პირობების შესაბამისად შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლის ვადით რაჭასა და ქვემო სვანეთში.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ (ს/კ 405352363) დამფუძნებელი და წილის 100 %-ის მესაკუთრე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული „Global Victory Investments Limited“-ია, რომლის მეპატრონეც დავით ხიდაშელია. იგი რუსული კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. „სისტემა“ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მსხვილი კონგლომერატია. მის შემადგენლობაში შედის მობილური ტელესისტემების რუსული კომპანია, ხე-ტყის საწარმო, კლინიკების ქსელი და სხვა. მასვე ეკუთვნის კომპანია „კრონდშადტი“, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დრონებს აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემსახურება. ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, უკრაინისა და ახალი ზელანდიის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია.
სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, აუქციონის ჩატარებამდე, 2019 წლის 01 ნოემბერს (წერილი N21/2885), პოზიციების წერილობით წარდგენა სთხოვა ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს. ონის მუნიცაპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე მყისიერი თანხმობა გასცა. 2019 წლის 19 დეკემბრის წერილით N04-4710 ონის მერი ემზარ საბანაძე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს, ანდრო ასლანიშვილს სწერს:
„გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის საკითხი გადაწყდეს დადებითად“.
ანალოგიური შინაარსის წერილი N 04-575 ონის მერიამ კიდევ ერთხელ გაუგზავნა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვალს, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი საყვარელიძე:
„გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლის მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით გამოცხადდეს აუქციონი“.
ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ 2022 წლის 10 ივლისს, განცხადებით N125 მიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიას და საქმისწარმოების მასალების სრულად გადაცემა მოითხოვა იმის დასადგენად, რას დაეყრდნო მერის ოფიციალური თანხმობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 19 ივლისის წერილით N 78-782220023 „მთის ამბებს“ გადაეცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება ერთი დოკუმენტიც კი, რომელიც დაადასტურებდა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას.
ონისა და ამბროლაურის 30-ზე მეტ სოფელში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ წერილობით დაუდასტურეს, რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია ლიცენზიის შესაძლო გაცემისა და რაჭის ტყეების 49 წლით სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის თობაზე. მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია, რაჭის ტყეები ვინმეს, მითუფრო, რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მფლობელობაში ან სარგებლობაში გადავიდეს.
2023 წლის ივლისში, საგამოძიებო ფილმზე მუშაობისას, „მთის ამბებმა“ ჩაწერა ონის მერის წარმომადგენლები ღებისა და ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ორივე თემის სოფლების გარშემო მდებარე ტყეები ამჟამად უკვე გადაცემული აქვს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.
მერის წარმომადგენლებმა ნოდარ გობეჯიშვილმა და პაატა ჯაფარიძემ „მთის ამბებთან“ ვიდეოინტერვიუში დაადასტურეს, რომ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, მერის ან მერიის რომელიმე წარმომადგენლის მიერ, მათთან და შესაბამისად, არც მათი მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა.
აქედან გამომდინარე, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი სიყალბეა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.
აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე თანხმობის გაცემიდან 4 თვეში, ემზარ საბანაძე (ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი), იმ კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად დანიშნა (შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან 20.05.2020), რომელმაც მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შემდგომში ლიცენზია მიიღო. ემზარ საბანაძემ ამ კომპანიაში დირექტორად მუშაობისას პირველ 7 თვეში ხელფასის სახით 30 ათას ლარზე მეტი მიიღო (თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 05.08.2021).
მერის თანამდებობიდან წასვლასა და შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორად დანიშვნას შორის არსებული დროის მცირე მონაკვეთი და ლიცენზიის გაცემის შესახებ თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ქმედებები, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასა“ და ემზარ საბანაძეს შორის, ჯერ კიდევ მერად მუშაობის პერიოდში არსებობდა გარკვეული შეთანხმება, რამაც განაპირობა, ფიანსური/თანამდებობრივი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, კომპანიის ინტერესები გატარება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, ქრთამის აღებას წარმოადგენს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე, ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება- მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე, განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – რაჭის ტყეების ოკუპაცია. რაჭის ტყეები სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს დავით ხიდაშელს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა – ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს – საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.