საქართველოს წიაღის სექტორის სიახლეები და პრობლემური საკითხები განიხილეს

19 ივლისს „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებით წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი განხილვა შედგა[1]. შეხვედრას წიაღის ეროვნული სააგენტოს,  თვითმმართველობის ორგანოების, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წიაღის სექტორის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, სექტორთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემური საკითხები. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ აუქციონის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს და ამისთვის ფორმალური პროცედურები დააწესოს.  

წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი ეროვნულმა სააგენტომ 2019 მაისის ბოლოს გამოაქვეყნა კომენტირებისთვის. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება; დამტკიცების შემდეგ კი, სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველზე, შეიცვლება წიაღის სექტორში მოქმედი კანონმდებლობა.  

2017 წლის დასასრულს განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად, წიაღის სექტორის რეგულირების ფუნქცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ამ ფუნქციის შესასრულებლად სამინისტროში სპეციალური ორგანო – სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო – შეიქმნა. სააგენტოს შექმნიდან მოკლე ხანში კი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, სააგენტომ სექტორის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა.

[1]  წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი ხელმისაწვდომია წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე; და ასევე, „მწვანე ალტერნატივის” ვებ-გვერდზე.

შეხვედრა გაიმართა Global Forest Watch (GFW)-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მწვანე ალტერნატივა“ და რომლის მიზანია ტყითსარგებლობის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესება წიაღით სარგებლობის დროს, წიაღის სექტორში ანგარიშვალდებული და მდგრადი  მმართველობის ადვოკატირება. GFW პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ (WRI)