შქმერში მანგანუმის მოპოვების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს

  • რატი გაგნიძე

კვირას, 6 თებერვალს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ რაჭის სოფელ შქმერში მანგანუმის მომპოვებელი ლიცენზიანტების საქმიანობა შეამოწმა და ორიდან ერთი ლიცენზიის მფლობელის (შპს „ტექნოლოჯი 2021”) შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინა. განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია. სააგენტოს განცხადებას, საზოგადოების ნაწილში არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, რომლის მიხედვითაც შქმერში მანგანუმს აღარ მოიპოვებენ.

სინამდვილეში,  სააგენტოს უფლებამოსილება ამ ეტაპზე შემოიფარგლება კანონდარღვევის დაფიქსირებით. Მას შემდეგ რაც სასამართლო იმსჯელებს დარღვევაზე, სააგენტო განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისთვის და დაადგენს პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია მოპოვებითი საქმიანობის განახლებისთვის. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება და ლიცენზიის მფლობელს კვლავ განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის. პირობების შეუსრულებლობისთვის მხოლოდ მეორედ გასამმაგების შემთხვევაში შეუძლია სააგენტოს იმსჯელოს ლიცენზიის გაუქმებაზე. ამდენად, საქმიანობის შეჩერება ამ ეტაპზე მხოლოდ პროცედურის ნაწილია და რაიმე განსაკუთრებულ მიდგომაზე სააგენტოს მხრიდან საუბარი ზედმეტია.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ განცხადება უქმე დღეს, ღამის საათებში გაავრცელა და მიუთითა, რომ შქმერში მდგომარეობა „საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით” შეისწავლა. თუმცა, სინამდვილეში, სააგენტომ სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობისა და მწვანე ალტერნატივას მოთხოვნით, ერთადერთხელ, 2021 წლის 5 ნოემბერს შეისწავლა და დარღვევებიც მაშინვე გამოვლინდა. სააგენტოს განცხადებაში ამის შესახებ მითითება არ გვხვდება, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ სამუშაოები ახლა, პრემიერის დავალებით შემოწმდა.

იმისთვის, რომ მოპოვების განახლება გამოირიცხოს, აუცილებელია გაცემული ლიცენზიების გაუქმება. თუმცა, „მწვანე ალტერნატივას”, „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და გრიგოლ გაგნიძის ერთობლივი საჩივარი, რომელიც შქმერში მოქმედი ლიცენზიების ბათილად ცნობას ითხოვდა, ეკონომიკის სამინისტრომ, 2022 წლის 25 იანვრის ბრძანებით არ დააკმაყოფილა.

საჩივარში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ  სააგენტომ ლიცენზიების გაცემისას  დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ. სამინისტროს უარი და ლიცენზიების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში სასამართლოში გასაჩივრდება.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: