გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დავით ხიდაშელის კომპანიისათვის სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვას გვირჩევს

2022 წლის 14 მარტს “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული  ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

2022 წლის 19 აპრილს მივიღეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით ფუნქციების შემსრულებელის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, სადაც ბატონი თეიმურაზი აუქციონის გამართვის პროცესის და გაცემული ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ მოგვითხრობდა. წერილით არ გადმოგვეცა არცერთი ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი. ამიტომ 2022 წლის 29 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა  გარემოს ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2022 წლის 5 მაისს მწვანე ალტერნატივამ მიიღო სამინისტროს წერილი, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განგვიმარტავს, რომ თურმე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები საჩივრდება სასამართლოში და ჩვენც სასამართლოს  უნდა მივმართოთ.

საგულისხმოა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტებს შორის არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომელიც მოთხოვნის გარეშე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

მიგვაჩნია, რომ ეს არის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისათვის სრულიად უკანონო ბარიერების შექმნის უკიდურესად საგანგაშო პრეცედენტი.