თბილისის ავტობუსების ზოლები: როგორ ფერხდება პროგრესი

  • მარიამ ფაცაცია

თბილისში ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლების მოწყობა აუცილებელია უფრო მოქნილი, სწრაფი, პუნქტუალური და სანდო საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად.

თუმცა, პოლიტიკური ინტერესები და პრიორიტეტები, ასევე ავტობუსების ზოლების მიმართ ავტომობილის მფლობელების ნაწილის წინააღმდგობა, ხელს უშლის ავტობუსის ზოლების მოწყობის პროცესს. გარდა ამისა, სამთავრობო, დიპლომატიური და კერძო ავტომობილების ზოგიერთი მძღოლის მიერ ავტობუსებისთვის განკუთვნილი ზოლების თვითნებურად გამოყენება უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოებაში და ლაქას სცხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის სოციალურ ასპექტებს.

2018 წელს არსებული სატრანსპორტო მდგომარეობითა და კერძო ავტომობილზე ორიენტირებული მუნიციპალური პოლიტიკით მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების ფონზე, თბილისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პრიორიტეტად დაისახა. თუმცა, რეფორმები გაჭიანურდა, პრობლემების უმრავლესობა კი მოუგვარებელია.

შეიტყვეთ მეტი ჩვენი არქივიდან:

ავტობუსების ქსელის მოწესრიგებისთვის საჭირო კვლევებისა და სამუშაოების წარმოების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც. 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის კვლევა, ხოლო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მთელი რიგი ქუჩებისთვის შეიქმნა განახლებული დიზაინი.

ეს რუკა ასახავს 2018 წლიდან თბილისში ავტობუსების ქსელის მოწყობის პროცესს და თანმდევ წინააღმდეგობებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წლის მაისში ტაქსების დაშვება ავტობუსის ზოლებზე, სპეციალისტების აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმირების გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი და შემაფერხებელი ფაქტორია.

“მწვანე ალტერნატივას” მიერ მაის-ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ავტობუსების ზოლების მიმართ დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რესპონდენტების მიერ გამოყენებული გადაადგილების საშუალება. ავტომობილის მფლობელთა მხოლოდ 51% მიიჩნევს, რომ საავტობუსე ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის აუცილებელია, მაშინ როცა ამ მოსაზრებას გამოკითხული მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრთა თითქმის 80% იზიარებს.

თბილისში ავტობუსების ზოლები ხშირად ხდება უკმაყოფილებისა და განსჯის საგანი იმ უსამართლობისა და უთანასწორობის განცდის გამო, რომელსაც მოსახლეობაში სამთავრობო ავტომობილების მიერ ავტობუსების ზოლების გამოყენება იწვევს. ჩვენი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% აღიზიანებს კერძო, სამთავრობო და დიპლომატიური ავტომობილები, რომლებიც საავტობუსე ზოლებს უსამართლოდ, საცობებისგან თავის დაღწევის მიზნით, იყენებენ. აღსანიშნავია, ისიც რომ ავტობუსის ზოლში მოძრაობის წესებს ხშირად თავად სამართალდამცველები არღვევენ და ძირს უთხრიან რეფორმას, რომლის დაცვაც მათი უშუალო პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, არც თბილისის მერია არ ხმარობს ყველა ღონეს მაღალჩინოსნების მხრიდან ავტობუსის ზოლების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად.

ფოტო: პოლიციის შენობასთან რამდენიმე ავტომობილი ავტობუსის ზოლზეა გაჩერებული. ჟვანიას მოედანთან, 29 ივნისი 2023.

ავტობუსების ზოლების მოწყობით საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობისა და სიჩქარის გაზრდა მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შესამცირებლად. დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მომხმარებელთა უმრავლესობა ქალები, დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა, სტუდენტები და უმუშევრები არიან. შესაბამისად, ამ რეფორმამ უნდა გააუმჯობესოს ამ ადამიანების მდგომარეობა გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზით. ნაცვლად ამისა, გადაჭედილ ავტობუსებში კლაუსტროფობიურ სივიწროვეში მყოფი ადამიანები ყოველ დღე განიცდიან ჯერ კიდევ მოუგვარებელი სატრანსპორტო პრობლემების სიმძიმეს და ხედავენ როგორ იყენებენ მაღალჩინოსნები მათთვის განკუთვნილ სივრცეს, როგორც პრივილეგიას.

საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წელს გაცხადებულმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკამ ჯერ კიდევ ვერ შეიძინა სათანადო კომპლექსურობა და ინსტიტუციური სიმყარე. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების – კომპაქტური და ტრანზიტზე ორიენტირებული ურბანული განვითარების – უგულებელყოფა, ეწინააღმდეგება სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებსაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად, სატრანსპორტო პოლიტიკასა და რეფორმებზე დისკუსიები მთლიანად ტექნიკურ ჟარგონებამდეა დაყვანილი და ხშირად შემოიფარგლება თბილისის არასტანდარტული ქუჩებზე, საცობებზე, ძაბრის ეფექტსა თუ სატრანსპორტო ნაკადებზე საუბრით. გაცილებით იშვიათად ექცევა ყურადღება სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ამ მიმართულებით სატრანსპორტო რეფორმების მნიშვნელობას და სატრანსპორტო პოლიტიკისა თუ რეფორმების დაგეგმვის დროს ამ საკითხების გათვალისწინების აუცილებლობას.

მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს არამხოლოდ საცობების განტვირთვას ან დანიშნულების ადგილამდე სწრაფად გადაადგილების უზრუნველყოფას, ის ასევე გულისხმობს მთელი რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებას სატრანსპორტო რეფორმების მიზნების და სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას. ასეთი საკითხებია, მაგალითად, უსაფრთხოების გაზრდა, უბედური შემთხვევების რაოდენობის შემცირება, ჰაერის დაბინძურების, სათბურის აირების გამოყოფის, წიაღისეულ საწვავზე (ბენზინი, დიზელი, გაზი) დამოკიდებულების, ასევე, ხმაურის შემცირება და ქალაქში მიწის რესურსების არარაციონალურად გამოყენების შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროვებისა და ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ისევე როგორც, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შშმ პირთათვის ადაპტირება.

თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა, რომელზეც მერია 2019 წლიდან მუშაობს, ამ საკითხების სატრანსპორტო პოლიტიკასა და რეფორმების პროცესში თანმიმდევრულად ასახვის საშუალებას იძლევა. მობილობის გეგმის დამტკიცება წარმომადგენლობითი ორგანოს – თბილისის საკრებულოს მიერ ინსტიტუციურ სიმტკიცეს შემატებდა სატრანსპორტო რეფორმას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სატრანსპორტო პოლიტიკის შინაარსში მდგრადობისა და მედეგობის პრინციპების ასახვისთვის.