კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ქალებზე

  • მარიამ დევიძე

საქართველოში მცხოვრები ქალები აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილებას  მნიშვნელოვანი გავლენა აქვს  მათ ცხოვრებაზე.  ამასთან, ქალაქებში და სოფლად მცხოვრები ქალები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და განიცდიან კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას. 

კლიმატის ცვლილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ქალებს დამატებით გამოწვევებს უქმნის.  “თუ გადავხედავთ კლიმატის ცვლილებას და ქალების როლს, რაც უფრო ინტენსიური გახდება კლიმატის ცვლილება, მით უფრო გაიზრდება ქალების დატვირთვა. მაგალითად, მებაღეობა რომ ავიღოთ, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი წყალია საჭირო. მცირე სავარგულების 99%-ს ქალები ამუშავებენ, მამაკაცები ნაკლებად არიან ჩართული”, ზუგდიდელი ქალი.

შესაბამისად, კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალების ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საქმიანობას ძირითადად ეწევიან ქალები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი სტაბილური შემოსავალი და რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის.

ქალები საუბრობენ უსაფრთხოების დონის შემცირებასა და სტრესის დონის ზრდაზე. კატასტროფები ზიანს აყენებს მათ საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, საძოვრებს და სხვა ნაგებობებს. ეს ტრამვული გამოცდილებები მათთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძელდება. 

 “2012 წელს თელავში დიდი ქარიშხალი ამოვარდა. სამი წლის ბავშვი მყავდა. როდესაც სახლში წყალი შემოვიდა, მხოლოდ კარადა იყო მშრალი. ბავშვები გადასარჩენად კარადაში ჩავსვი. ამის მერე ძალიან მეშინია, ჩემს შვილს ცრუ კრუპი დაემართა და მთელი წელი საავადმყოფოში გავატარეთ. ახლა უკვე დიდია და თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ქარის და წვიმის მაინც ეშინია”, თელაველი ქალი

ქალებს განსაკუთრებით ეშინიათ სეტყვის, რომლის ინტენსივობა და ხანგრძლივობა გაზრდილია, აგრეთვე სატყეო ხანძრების.  აღელვებთ, რომ ტყეების აღდგენა ხანგრძლივი პროცესია და სახელმწიფოს ხანძრების პრევენციის სათანადო სისტემა არ გააჩნია. 

სვანეთში, ლატალის თემში აქვთ სპეციალური ზარი, რომელიც ხანძრის დროს ადამიანების გასაფრთხილებლად გამოიყენება. “ჩვენ ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს, ვიცით როგორ დავრეკოთ ზარი. ზარი იმის ნიშანია, რომ ყველა უნდა გამოვიდეს, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. სახანძრო რაზმისა და ვერტმფრენის მოსვლამდე ხანძარს საკუთარი ხელებით ვებრძვით. ჩვენ გვაქვს ერთი საეკლესიო ზარი და მეორე საგანგაშო ზარი, მას სხვა ხმა აქვს და ყველამ იცის, რომ ამ დროს უნდა გამოვიდეს”, მესტიელი ქალი.

ირკვევა, რომ კატასტროფების დროს ქალები დახმარებას ძირითადად ოჯახის წევრებისგან ან მეზობლებისგან ელიან. მათგან ძალიან ცოტა უკავშირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რაც კატასტროფებზე რეაგირების უფრო ძლიერი სისტემების აუცილებლობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ქალები უკმაყოფილებას გამოთქვამენ კატასტროფების შესახებ ადრეული შეტყობინების პრაქტიკის არარსებობის გამო.

კლიმატის ცვლილება ძლიერ უარყოფით ზემოქმედებას შშმ ქალებზეც ახდენს, ვინაიდან, შესაძლოა, ეტლით მოსარგებლე ქალებს ჰქონდეთ დაქვეითებული თერმორეგულაცია, რევმატიული პრობლემები და უჭირდეთ მაღალი ტემპერატურისა და სითბური ტალღების გაძლება. 

“ჩემი პირადი გამოცდილებით, ზაფხულში გარეთ ყოფნა ძალიან მიჭირს. რადგან ფეხებს ვერ ვამოძრავებ და თერმორეგულაცია დარღვეული მაქვს, ტანზე მცხელა და ფეხები შეიძლება გაყინული მქონდეს, ზაფხული ჩემთვის უარესია”, შშმ რესპოდენტი. 

ქალების აზრით, ამინდის ხშირი ცვლილება არტერიულ წნევას ზრდის, ამიტომ ზოგჯერ მათი სხეული ამინდის ცვალებადობაზე წინასწარი რეაგირებს და ისინი ამას გრძნობენ. ქრონიკული დაავადებების მქონე ქალები აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ამინდის ცვალებადობაზე ორგანიზმის რეაქციას მედიკამენტებითაც კი ვერ უმკლავდებიან. საერთო ჯამში, კლიმატის ცვლილება სამედიცინო დახმარებაზე ამ ქალების დამოკიდებულებას ზრდის. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების შედეგად ჰაერის ხარისხის გაუარესება კიდევ უფრო აუარესებს ალერგიისადმი მიდრეკილი ქალების საარსებო გარემოს და მათ ჯანმრთელობას.

ამიტომ, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი და სტრატეგიული ნაბიჯები კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესამცირებლად. ადგილობრივმა ხელისუფელებამ კი გააქტიუროს და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას მოსახლეობის ისეთ დაუცველ ჯგუფებს შორის, რომლებზეც კლიმატის ცლილება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებაზე ინფორმირებულობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საინიციატივო ჯგუფების, ეროვნული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.